შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

რეფორმეტრმა წყლის რესურსების მართვის რეფორმის მორიგ საჯარო-კერძო დიალოგს უმასპინძლა
ოთხშაბათი, 31 იანვარი, 2024

რეფორმეტრმა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ მორიგ საჯარო-კერძო დიალოგს უმასპინძლეს, რომელიც წყლის რესურსების ბაზრის განვითარების რეფორმის პროგრესის შეფასებას დაეთმო.

„წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონი საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის 30 ივნისს მიიღო, რომელმაც ჩაანაცვლა „საქართველოს კანონი წყლის შესახებ“ (რომელიც ძალაში იყო 1997 წლიდან) და გახდა წყლის რესურსების მართვის ახალი ჩარჩო დოკუმენტი. კანონით განსაზღვრულია სააუზო მართვის სისტემის ჩამოყალიბება და წყლის მოხმარების ეკონომიკური ინსტრუმენტების შემოღება. კანონი წყლის რესურსების მონიტორინგის ქსელის გაფართოებასაც მოიაზრებს და წყლის დაბინძურების პრევენციის ზომებს წარადგენს.

შეხვედრაზე USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მრჩეველმა ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხებში, მარიამ ბახტაძემ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის წყლის სამმართველოს ხელმძღვანელმა, მარიამ მაკაროვამ, და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატის მთავარმა სპეციალისტმა, ნანა ბახტაძემ წყლის რესურსების მართვის რეფორმის მიმდინარეობასა და დაგეგმილ და სამომავლო აქტივობებზე ისაუბრეს, პროექტ „რეფორმეტრის“ გუნდის წარმომადგენელმა, ანა ბურდულმა კი, დასწრე საზოგადოებას წყლის რესურსების მართვის რეფორმის პროგრესის შეფასების ინდიკატორები წარუდგინა.

შეხვედრას ესწრებოდნენ რეფორმის დამნერგავი და განმახორციელებელი უწყებების, პროფესიული ასოციაციის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები. შეხვედრაზე შეკრებილმა მხარეებმა იმსჯელეს რეფორმის მიმდინარეობაზე პრაქტიკაში. ღონისძიება საჯარო-კერძო დიალოგითა და დაინტერესებულ მხარეთა მიერ რეფორმის ანონიმური, რაოდენობრივი შეფასებით დასრულდა.

შეავსე ფორმა