14 მარტს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა მრგვალი მაგიდის დისკუსიას უმასპინძლა თემაზე: სურსათის ფასები, ფასების კონტროლი და მათი პოტენციური გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგნელები, რომლებმაც იმსჯელეს და საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირებს ფასების კონტროლის შესახებ კანონპროექტსა და მის ალტერნატივებზე. დისკუსიის მიზანი იყო წარდგენილი კანონპროექტის შეფასება და პოლიტიკის შემმუშავებელთათვის ალტერნატიული ვერსიების შეთავაზება.
შეხვედრაზე ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა წარადგინა ახალი პოლიტიკის დოკუმენტი, რომელშიც გაანალიზებულია მთავრობის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი სურსათის ფასების რეგულირებაზე. დოკუმენტში განხილულია ფასების კონტროლის სხვადასხვა მექანიზმი და მათი პოტენციური გავლენა ეკონომიკაზე. შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმრებმა განიხილეს საქართველოში სურსათზე ფასების შემცირების ალტერნატიული ვარიანტები და, ზოგადად, ფასების ცვალებადობა.
სურსათზე ფასების საკითხი საქართველოში სულ უფრო აქტუალური ხდება პანდემიის ეკონომიკური ზემოქმედებისა და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო. მთავრობამ აღნიშნულ გამოწვევასთან გამკლავებისა და სურსათის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, 2023 წლის თებერვალში დაიწყო მუშაობა კანონპროექტზე, რომლის მიზანი სურსათზე ფასების დარეგულირება იქნება. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის პოლიტიკის დოკუმენტი კი იძლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას შემოთავაზებულ კანონპროექტზე და საუბრობს მის ძლიერ და სუსტ მხარეებზე.
ღონისძიება შვედეთის მხარდაჭერით ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.