14 დეკემბერს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის აგრარული და სოფლის განვითარების პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, სალომე გელაშვილმა, სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასების შედეგები წარადგინა. რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA) გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. საჯარო ღონისძიება კი დაეთმო მთავრობის კანონპროექტს სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირებისა და საკვების დონაციის შესახებ, რომელიც სასტუმრო რუმსში გაიმართა. ღონისძიება საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა ჩაატარა FAO-ის მხარდაჭერით, ევროკავშირის ენპარდი III-ის პროგრამის ფარგლებში. მეტიც, ღონისძიებაზე გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ დამსწრე საზოგადოებას მის მიერ მომზადებული გენდერული ზეგავლენის შეფასების (GIA) შედეგებიც წარუდგინა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ნინო წილოსანი, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ხატია წილოსანი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, და ჯუმბერ მარუაშვილი, FAO-ის ეროვნული პოლიტიკის უფროსი მრჩეველი. გამომსვლელებმა ისაუბრეს კანონპროექტისა და მისი შეფასების მნიშვნელობაზე. ღონისძიების მონაწილეებმა განიხილეს კანონპროექტის მიზნები და ის პოტენციური წვლილი, რაც მას შეიძლება ჰქონდეს ქვეყანაში სიღარიბის დაძლევასა და სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერებაში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქველმოქმედო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ფერმერთა ასოციაციის წარმომადგნელები და სხვა დაინტერესებული მხარეები. დამსწრეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს კანონპროექტზე, RIA-სა და GIA-ზე და დასვეს მათთვის მნიშვნელოვანი კითხვები.