შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ სოფლის მეურნეობის, მიწისა და წყლის შესახებ ღონისძიებაში
სამშაბათი, 31 მაისი, 2022

31 მაისს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში, რომელზეც მსოფლიო ბანკმა კვლევა „სოფლის მეურნეობის, მიწის და წყლის მართვის პოლიტიკა საქართველოში მდგრადი აგროსასურსათო სისტემების მასშტაბის გაზრდის მიზნით“ წარადგინა. კვლევაში აღწერილია ის ძირითადი შეზღუდვები და შესაძლებლობები, რომლის წინაშეც საქართველო დგას, რომ გააუმჯობესოს სოფლის მეურნეობის სექტორის წვლილი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და დივერსიფიკაციაში, სამუშაო ადგილების შექმნაში, სიღარიბის შემცირებაში, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, კლიმატისადმი მედეგობასა და მისი ზემოქმედების შერბილებაში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენელები, დონორები, ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს აგრო-სასურსათო სისტემაში არსებულ შეზღუდვებისა და კვლევაში განხილულ რეკომენდაციების ირგვლივ გამართულ დისკუსიაში.

ღონისძიება გახსნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა, რომლის შემდეგაც დამწრეებს სიტყვით მიმართა გიორგი ხანიშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ. ღონისძიების მოდერატორი იყო გიზო ჭელიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

ღონისძიების მეორე ნაწილი სამ თემატურ სესიას დაეთმო. ეს თემები იყო სოფლის მეურნეობა, მიწის მართვა და ადმინისტრირება და წყლის რესურსების მართვა. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი მოდერაციას უწევდა სესიას საქართველოს მიწის პოლიტიკის თემაზე. სესიის მიზანი იყო ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და მსოფლიო ბანკის მიერ ერთობლივად მომზადებული მიწის პოლიტიკის დოკუმენტის დასკვნებისა და რეკომენდაციების განხილვა და ვალიდაცია. ღონისძიების მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართული დისკუსიაში და იმსჯელეს ინტეგრირებული მიდგომის გამოყენების აუცილებლობაზე საქართველოში მიწის მართვისა და ადმინისტრირებისთვის.

შეავსე ფორმა