6 ივნისს ISET-ის კვლევით ინსტიტუტსა და მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციას (SMEDA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ISET-ისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, თამარ სულუხიამ, და SMEDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, გრიგოლ ფაიქიძემ.
მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეთა შორის თანამშრომლობას, რომელიც გულისხმობს ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. ამავე თანამშრომლობის ფარგლებში ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი და SMEDA იმუშავებენ „ბიზნესის განწყობის ინდექსისა“ და „მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულებული ინდექსის“ ერთობლივ პროექტებზე.
ISET-ისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის, თამარ სულუხიას თქმით, „ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ SMEDA-სთან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ადასტურებს მხარეებს შორის შეთანხმებას იმაზე, რომ ორი ორგანიზაციის რესურსებისა და ძალისხმევის გაერთიანებით შესაძლებელია უკეთესი პროდუქტებისა და პროექტების მომზადება“.
მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია წევრობაზე დაფუძნებული, დამოუკიდებელი არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის მიზანია, იზრუნოს და ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) ზრდასა და განვითარებას. SMEDA-ს მისიაა ხელი შეუწყოს SME ბიზნესის მდგრადობას, ზრდას და განვითარებას ადვოკატირების, მათ საჭიროებებზე მორგებული ინოვაციური მიდგომების, კონსულტირებისა და სწავლება-გადამზადების გზით.