შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

ISET-მა პანელურ დისკუსიებს უმასპინძლა თემაზე ომი უკრაინაში და მისი გავლენა ქართულ ეკონომიკაზე
ოთხშაბათი, 13 აპრილი, 2022

13 აპრილს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა უმასპინძლა ღონისძიებას „ომი უკრაინაში: გამოწვევები, რისკები და გავლენა ქართულ ეკონომიკაზე“. ღონისძიებამ ერთ სივრცეში მოუყარა თავი კვლევით ორგანიზაციებს, ექსპერტებს, საჯარო და კერძო სექტორების ლიდერებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. სასტუმრო რუმსში გამართულ ღონისძიებას 170 ადამიანი დაესწრო, ფეისბუქზე გასულ ლაივს კი 160 ადამიანი ადევნებდა თვალს.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს თამარ სულუხიამ, ISET-ისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, და ერიკ ილესმა, შვედეთის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ.

ღონისძიების მთავარი გამომსვლელი იყო ტიმოფეი მილოვანოვი, პრეზიდენტი ზელენკსის ადმინისტრაციის მრჩეველი და კიევის ეკონომიკის სკოლის პრეზიდენტი, რომელიც კიევიდან ჩაერთო აუდიტორიას და უკრაინის ომის შემდგომი რეკონსტრუქციის საჭიროებებსა და ამ პროცესის მისეულ ხედვაზე ისაუბრა.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა, იაროსლავა ბაბიჩმა, ვრცლად ისაუბრა იმ გავლენაზე, რაც უკრაინის ომს ექნება საქართველოს ეკონომიკას. ღონისძიების მეორე ნაწილი პანელურ დისკუსიებს დაეთმო: (1) რისკები და პოლიტიკის პასუხი: მაკროეკონომიკური სტაბილურობა; (2) ეკონომიკური უსაფრთხოება შეცვლილ რეგიონში: ზეგავლენა, რისკები, შესაძლებლობები და ინსტიტუციური რეაქციები; (3) სოციო-ეკონომიკური სისტემა, მიგრანტები – როგორ უნდა მოიქცეს საქართველო?

პირველ პანელურ დისკუსიას, რომელიც რისკებისა და პოლიტიკის ვარიანტების შეფასებას დაეთმო, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი, გიორგი პაპავა, უწევდა მოდერაციას. პანელის მონაწილეებმა საქართველოს მოკლევადიან მაკროეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობასა და გრძელვადიან ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. დისკუსიის მთავარი თემები ფისკალური დისციპლინა, ინფლაციის თარგეთირება, საფინანსო სექტორის მდგრადობა და სტრუქტურული და ინსტიტუციური რეფორმების საჭიროება იყო.

მეორე პანელურ დისკუსიას ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი, სალომე გელაშვილი, უძღვებოდა და უკვე შეცვლილ რეგიონში ეკონომიკური უსაფრთხოების თემას დაეთმო. პანელის მონაწილეებმა ისაუბრეს, როგორ აისახება უკრაინის ომი და სანქციები საქართველოს სასურსათო და ენერგო უსაფრთხოებაზე, საერთაშორისო ვაჭრობაზე, სოფლის მეურნეობაზე, ტურიზმსა და სხვა სექტორებზე. გამომსვლელებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ასეთი გამოწვევების დასაძლევად საჭიროა ეკონომიკური და ბაზრის დივერსიფიკაცია, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა და ევროკავშირის რეგულაციებთან ეტაპობრივი დაახლოება. პანელის მონაწილეებმა საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებსა და მოსახლეობასა და მოწყვლად ჯგუფებზე სასურსათო ინფლაციის უარყოფითი შედეგების შერბილების საჭიროებაზეც ისაუბრეს.

ბოლო პანელურ დისკუსიას ISET-ისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, თამარ სულუხია, უძღვებოდა, მონაწილეებმა კი სოციო-ეკონომიკურ სისტემასა და მიგრანტებზე ისაუბრეს. განხილულ იქნა ომის სოციო-ეკონომიკური შედეგების სხვადასხვა ასპექტი, მათ შორის, ის გავლენა, რაც რუსეთისა და ბელარუსიდან წამოსულ მიგრანტებს ექნებათ ადგილობრივ შრომისა და უძრავი ქონების ბაზრებზე, ურბანულ პროცესებსა და სერვისებზე. გამომსვლელებმა ისაუბრეს განათლების სექტორში გაჩენილ გამოწვევებზე და იმ სირთულეებსა და მოკლე თუ გრძელვადიან საჭიროებებზე, რაც უკრაინიდან საქართველოში ჩამოსულ დევნილებს ექნებათ. დისკუსიის მონაწილეები თანხმდებიან, რომ საჭიროა როგორც დროებითი, ისე გრძლევადიანი სტრატეგია და სოციო-ეკონომიკური სისტემის რისკებისა და გამოწვევების ინდენტიფიცირება.

შეავსე ფორმა