შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

სასოფლო-სამეურნეო ვაჭრობის პოლიტიკის სპეციფიკა – საქართველოს მაგალითი
სამშაბათი, 30 მაისი, 2017

კიელის უნივერსიტეტის აგრარული ეკონომიკის პროფესორი და IAMO-ის მოწვეული მკვლევარი, ულრიხ კოსტერი 30 მაისს ISET-ს ეწვია. ISET-ში გამართულ პრეზენტაციაზე პროფ. კოსტერმა მიმოიხილა სოფლის მეურნეობის სექტორის სპეციფიკა და მისი გავლენა სასოფლო-სამეურნეო ვაჭრობაზე. მეტიც, მისი განმარტებით, ვაჭრობის ტრადიციული თეორია ვერ ხსნის სასოფლო-სამეურნეო ვაჭრობის პოლიტიკასა და სავაჭრო ნაკადებს.

პრეზენტაციის დასაწყისში პროფ. კოსტერმა ახსნა ვაჭრობის ლიბერალიზაციის სტანდარტული მოდელი. მან განმარტა, რომ აღნიშნული მოდელის თეორია ზუსტად ვერ ხსნის „რატომ არის თავისუფალი ვაჭრობა საუკეთესო“ და ნაცვლად ამისა, აცხადებს, რომ „მხოლოდ გარკვეული დაშვებების გათვალისწინებით არის ის საუკეთესო“. ვაჭრობის ტრადიციული თეორიის თანახმად, შედარებით-სტატიკური ანალიზით შეუძლებელია სავაჭრო პოლიტიკაში ცვლილებების ეფექტი სწორად შეფასება. ყველაზე მნიშვნელოვანია რეგულირების ეფექტი, რადგან წარმოების აგრარული ფაქტორების სპეციფიკა ზღუდავს რეგულირებას მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ცვლილებები მთლიან ეკონომიკაში და არა ერთ რომელიმე კონკრეტულ სექტორში.

პროფ. კოსტერმა ყურადღება გაამახვილა ინსტიტუციებისა და ინსტიტუციური ჩარჩოს მნიშნვნელობაზე: „წესები ეკონომიკურ ქცევას პროგნოზირებადს ხდის“. მან ახსნა, რომ ინსტიტუციები განსაზღვრავს ეკონომიკის ეფექტიანობასა და ზრდას და მნიშვნელოვანია რეგულირებისა და სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის.

პრეზენტაციის დასასრულს პროფ. კოსტერმა შეაჯამა მთავარი გზავნილები და წარმოადგინა კვლევითი რეკომენდაციები საქართველოსთვის:

  • საბაზრო ძალებმა შეიძლება ვერ მიგვიყვანოს კერძო წარმოების ოპტიმალურ გადაწყვეტილებებამდე სოციალური თვალსაზრისით; კვლავ რჩება პოლიტიკური ჩარევის საჭიროება
  • სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკისთვის საჭირო პოლიტიკური ბაზარი სექტორში მომუშავე მკვლევარებისა და პოლიტიკის მრჩეველთაგან მოითხოვს სპეციფიურ ცოდნას
  • მსოფლიო გამოცდილება მოწმობს, რომ სხვებისგან სწავლა და განათლება ყველაზე მეტად განსაზღვრავს სოფლის მეურნეობის განვითარებას. განვითარება მოდის ცვლილებებიდან, რომელიც იწყება ადამიანის (მათ შორის პოლიტიკის შემოქმედთა) ცნობიერების შეცვლითა და ცვლილებებით ორგანიზაციის და ინდივიდუალურ აქტივობებში.

პრეზენტაცია დასრულდა კითხვა-პასუხით. ISET მადლობას უხდის პროფ. კოსტერს უაღრესად საინტერესო, თემატური და დროული პრეზენტაციისთვის.

შეავსე ფორმა