შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

ბიზნესის განწყობის ინდექსი: ძალა ოპტიმიზმშია!
19 თებერვალი 2018

ბიზნეს სექტორის მოლოდინების მნიშვნელოვანი ზრდის შედეგად, ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 2018 წლის პირველ კვარტალში კიდევ ერთხელ გაიზარდა (ზედიზედ ბოლო ორი კვარტლის განმავლობაში) და 31.4 პუნქტი შეადგინა. აღნიშნული 3.2 პუნქტით აღემატება წინა კვარტლის შესაბამის მაჩვენებელს. გამოკითხულთა 60% ელოდება საკუთარი ბიზნეს საქმიანობის გაუმჯობესებას მომავალი სამი თვის განმავლობაში.

გასული წლის მეოთხე კვარტალში შესამჩნევი ზრდის შემდეგ (17.2.2 პუნქტით გაუმჯობესება), მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც გასული სამი თვის ბიზნესის მდგომარეობას გვიჩვენებს, 2018 წლის პირველ კვარტალში შემცირებულია (-15.6 პუნქტით). სხვა სექტორებთან შედარებით, მშენებლობის დარგმა ყველაზე უარყოფითად შეაფასა საკუთარი საქმიანობა, რაც აღნიშნული დარგის სეზონურობით შეიძლება იყოს გამოწვეული.

ბიზნესის ოპტიმიზმი გაზრდილია როგორც 2017 წლის მეოთხე კვარტალთან (+15.5), ისე 2017 წლის პირველ კვარტალთან (+17.9) შედარებით და 48.9 პუნქტს შეადგენს. მშენებლობამ და მომსახურების დარგებმა ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ბიზნესის ოპტიმიზმის გაუმჯობესებაში.

გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი შემცირებულია, თუმცა ისევ მაღალია გასული წლის მოლოდინებთან შედარებით. ვაჭრობის დარგში მოღვაწე ბიზნესები მომდევნო კვარტალში ფასების ყველაზე დიდ შემცირებას მოელიან, მაშინ როცა ფასების ყველაზე დიდი ზრდა მოსალოდნელია სერვისის დარგში.

დიდი ზომის ბიზნესებთან შედარებით, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესები ხასიათდება შედარებით მცირე ოპტიმიზმითა და სუსტი მიმდინარე მდგომარეობით. შედეგად, ბიზნესის განწყობის ინდექსი მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებისათვის შემცირდა 4.5 პუნქტით.

მიუხედავად ზომისა, გამოკითხული ბიზნესების უმეტესობა საკუთარი საქმიანობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შემზღუდველ ფაქტორად კვლავ მოთხოვნის სიმცირესა და ფინანსებზე წვდომას ასახელებს.

შეავსე ფორმა