2023 წლის IV კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 2.4 პუნქტით გაიზარდა და 18.1-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუმჯობესება ვაჭრობის (+21.7) სექტორში დაფიქსირდა. BCI-ის დადებითი ცვლილება გაუმჯობესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ და პოზიტიურმა მოლოდინებმა განაპირობა.
მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც კომპანიების მიერ გასული კვარტლის განმავლობაში საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას ეყრდნობა, 2023 წლის III კვარტალთან შედარებით 10.3 პუნქტით გაიზარდა და 2023 წლის IV კვარტლისთვის 23.0-ს გაუტოლდა. მიმდინარე მდგომარეობის ყველაზე დიდი გაუმჯობესება ვაჭრობის (+40.3) და სოფლის მეურნეობის (+29.4) სექტორებში დაფიქსირდა.
ბიზნესის მოლოდინების ინდექსი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი ბიზნეს სექტორი მომავლის მიმართ, 36.5 პუნქტამდე გაიზარდა. 2023 წლის IV კვარტლისთვის მოლოდინების საგრძნობი ზრდა დაფიქსირდა ვაჭრობის (+41.3) და მშენებლობის (+33.3) სექტორებში.
გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი მცირედით, 0.3-ით გაიზარდა და 17.6 პუნქტს მიაღწია. ეს მაჩვენებელი გვიჩვენებს, რომ ბიზნესების წილი, რომელიც მომდევნო სამ თვეში ვარაუდობს ფასის მატებას საკუთარ პროდუქტზე, დიდწილად არ შეცვლილა.