შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

დეკემბერი 2021 | აგრო მიმოხილვა
28 დეკემბერი 2021

ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა მუდმივად ახორციელებდა ყურძნის, ვაშლისა და მანდარინის წარმოების სუბსიდირებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. მანდარინის სუბსიდირების მიმდინარე პროგრამით, 900 ათასი ლარი დაიხარჯება „არასტანდარტული“ (შედარებით დაბალი ხარისხის ხილის) მანდარინის სუბსიდირებაზე. სუბსიდირების  ეს პროგრამა 2021 წლის 25 ნოემბერს დაიწყო და 2022 წლის 1 თებერვლამდე გაგრძელდება. 1 კგ არასტანდარტულ მანდარინიზე სახელმწიფო თანადაფინანსება 10 თეთრს შეადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოებიც 10 თეთრს გადაიხდიან, მანდარინის გადამუშავების საბოლოო ფასი 20 თეთრი/კგ იქნება. სტატისტიკის თანახმად, არასტანდარტული მანდარინი მთლიანი მოსავლის დაახლოებით 16-17%-ს შეადგენს.

ამჟამად, საქართველოში წარმოებული მანდარინის მინიმუმ 50% ექსპორტზე გადის მეზობელ ქვეყნებში – ძირითადად, სომხეთში, რუსეთსა და აზერბაიჯანში. თუმცა, როგორც ვაჭრობის მონაცემები აჩვენებს, ექსპორტის რაოდენობა და ღირებულება ბოლო ორი წლის განმავლობაში საგრძნობლად შემცირდა, ექსპორტის ფასი კი გაიზარდა, სულ მცირე ნომინალურ მაჩვენებლებში. 

დარგის სუბსიდირება გასულ წელსაც მოხდა, თუმცა კლებადი ტენდენციები შენარჩუნდა არა მხოლოდ ვაჭრობაში, არამედ წარმოებაშიც. რაც შეეხება 2021 წელს, მოსალოდნელია, რომ 2021 წლის მოსავალი წინა წლებთან შედარებით გაცილებით მაღალი იქნება და 70 ათას ტონას მიაღწევს. 

2021 წლის მოსავალთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინების მიუხედავად, 2006-2021 წლებში წარმოების საერთო ტენდენცია კლებადია, რაც შემდეგი მიზეზებით აიხსნება: უამინდობა; აზიური ფაროსანას შემოჭრა 2015 წელს და სექტორზე ხანგრძლივი უარყოფითი გავლენა; მაღალი დამოკიდებულება პოსტსაბჭოთა ბაზრებზე, სადაც ხარისხის სტანდარტები რიგ შემთხვევებში ევროპულ ბაზრებთან შედარებით დაბალია. კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს მწარმოებლების სურვილი, გადაერთონ უფრო მაღალი დამატებული ღირებულების მქონე სასოფლოსამეურნეო კულტურის წარმოებაზე. 

სუბსიდიებმა შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს სექტორზე და შეამციროს ფერმერების სურვილი, გააუმჯობესონ წარმოებული პროდუქტის ხარისხი და გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები.

შეავსე ფორმა