შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

30 იანვარი, 2017 | მოლხენა მარხვის შემდეგ?
31 იანვარი 2017

2016 წლის დეკემბერთან შედარებით, იანვრის ბოლოსთვის, საკვები პროდუქტების ფასები თბილისის მთავარ სუპერმარკეტებში 7.2%-ით გაიზარდა. მართალია, წინა თვესთან შედარებით ფასები გაიზარდა, მაგრამ წინა წელთან (2016 წლის იანვართან) შედარებით, ფასები უმნიშვნელოდ, 5.5%-ით დაეცა.

თუ დავაკვირდებით ცვლილებას ორკვირიან შუალედში, ფასების უმეტესობა იზრდება. იანვრის შუა რიცხვების შემდეგ, ყველაზე მეტად გაიზარდა ღორის ხორცის (+29.8%), ქინძისა (+24.0%) და კარაქის (+8.4%) ფასები. ამ პროდუქტებისგან განსხვავებით, ბადრიჯანი (-20.2%), კიტრი (-8.9%) და პომიდორი (-5%) გაიაფდა.

კარგად დავაკვირდეთ ხორცის ფასებს...

მთელი იანვრის განმავლობაში ხორცის ფასები გამორჩეული იყო თავისი ზრდის ტემპით. თუ წინა წლების ბოლოს მარხვის დამთავრება იყო ფასების ზრდის უმთავრესი მიზეზი, ამჯერად სავაჭრო მონაცემებში არის ისეთი ცვლილებები, რომლებიც შესაძლოა ხორცზე ფასების ზრდა გამოეწვია – მხოლოდ ცოცხალი მსხვილფეხა საქონლის კატეგორიის გათვალისწინებითაც კი საქართველოს ექსპორტი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. 2014 წელს საქართველომ ექსპორტზე გაიტანა დაახლოებით 12 ათასი ტონა ცოცხალი მსხვილფეხა საქონელი, 2015 წელს – 10 ათასზე ტონაზე ოდნავ მეტი, 2016 წელს ექსპორტზე გავიდა 20 ათას ტონაზე მეტი პირუტყვი. შედეგად, 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოს ექსპორტი ამ კატეგორიაში 92.3%-ითაა გაზრდილი. საინტერესოა, რომ გასული წლის განმავლობაში ქართული ცოცხალი საქონლის ძირითადი მყიდველი აზერბაიჯანი იყო, 2016 წელს კი ცოცხალი საქონლის ექსპორტის თითქმის 85% ერაყზე მოდიოდა.

და ქართველი მომხმარებელი?

ცოცხალი საქონლის ექსპორტის ზრდამ შეამცირა ხორცის მიწოდება ადგილობრივ ბაზარზე და გამოიწვია საქონლის ხორცის ფასების ზრდა (წინა თვესთან შედარებით, ფასები გაიზარდა 5.3%-ით). ძროხის ხორცი მიწოდების შემცირებისა და ამ პროდუქტის გაძვირების კვალდაკვალ, ჩანაცვლების ეფექტის გამო, მომხმარებელი გადაერთო ღორის ხორცის მოხმარებაზე, რამაც გაზარდა მასზე მოთხოვნა და, შესაბამისად, ფასებიც. თუ ადგილობრივი ვალუტის გაუფასურების ტენდენცია გაგრძელდება, ექსპორტის მაჩვენებელი შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს, რასაც ფასებიც შესაბამისად უპასუხებს.

შეავსე ფორმა