შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

მარტი 2024 | აგრო მიმოხილვა
01 აპრილი 2024

2023 წლის ივნისში, საქართველოს ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის მოთხოვნის შედეგად, საქართველოს მთავრობამ დროებითი იმპორტის გადასახადი დააწესა რუსეთიდან იმპორტირებულ ხორბლის ფქვილზე. ასოციაციამ იმპორტის გადასახადის დაწესება მას შემდეგ მოითხოვა, რაც 2021 წელს რუსეთმა ხორბალზე ე. წ. „მცურავი ბაჟი“ დააწესა, რის შემდეგაც, ხორბლის ფქვილთან შედარებით, ხორბლის იმპორტი საგრძნობლად გაძვირდა. შედეგად, ხორბლის ფქვილის იმპორტი მკვეთრად გაიზარდა და თითქმის მთლიანად ჩაანაცვლა ხორბლის იმპორტი. საბოლოოდ, დაიხურა წისქვილები, ადგილობრივ მწარმოებლებს კი უჭირდათ ადგილობრივ ბაზარზე მოყვანილი ხორბლის რეალიზება. ფქვილის იმპორტის ამგვარმა ზრდამ, მნიშვნელოვნად გაზარდა რუსეთიდან იმპორტირებული ფქვილით ადგილობრივი წარმოების ფქვილის ჩანაცვლების რისკიც.

უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში საქართველოში ხორბლის ადგილობრივი წარმოების ზრდის მიუხედავად, საქართველოს ბაზარს ხორბლის თითქმის 80% სწორედ რუსეთიდან მიეწოდება. საქართველოში სურსათის დეფიციტის რისკების გრძელვადიან პერსპექტივაში შესამცირებლად აუცილებელია გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება, მოსავლიანობის გაზრდა, ადგილობრივი წარმოების ხარისხის გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელება, ხორბლის მწარმოებელთა წახალისება, ხორბლის ჯაჭვში დამატებითი ღირებულების შექმნის წახალისება და ხორბლის იმპორტის ბაზრების დივერსიფიციკაცია. გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებისას აუცილებელია ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა. გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში უმეტესად მცირე მეურნეობებია გავრცელებული, მნიშვნელოვანია ხორბლის მოსავლიანობის ზრდის ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის დარგში თანამედროვე მეთოდების დანერგვით.

შეავსე ფორმა