შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

სექტემბერი 2018 | აგრო მიმოხილვა
30 სექტემბერი 2018

2018 წლის მეორე კვარტალში, 2017 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება 0.8%-ით არის შემცირებული. თუმცა აღსანიშნავია ის, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სოფლის მეურნეობის სექტორში გაზრდილია. მართალია, სოფლის მეურნეობაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სხვა სექტორებთან შედარებით უმნიშვნელოა, მაგრამ 2018 წლის მეორე კვარტლის მაჩვენებელი გაცილებით აღემატება წინა წლების შესაბამისი პერიოდის მაჩვენებლებს.

გარდა გაზრდილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა, აღსანიშნავია ის, რომ წლევანდელი რთველი, რომელიც 20 აგვისტოს დაიწყო, პირველად, ბოლო 10 წლის განამავლობაში, მიმდინარეობს სახელმწიფო სუბსიდირების გარეშე, რამაც გრძელვადიან პერიოდში ხელი უნდა შეუწყოს ღვინის ხარისხის გაუმჯობესებასა და მევენახეებისა და ღვინის კომპანიების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.

რაც შეეხება ფასებს, 2018 წლის აგვისტოში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები წინა თვესთან შედარებით 1.5%-ით, წინა წელთან შედარებით კი 3.2%-ით გაიზარდა. 2018 წლის აგვისტოში რძისა და რძის პროდუქტების კატეგორიაში შემავალი პროდუქტების ფასები გაიზარდა, როგორც წინა თვესთან, ისე წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, რაც რძის შემცირებული წარმოებით აიხსნება.

2018 წლის აგვისტოში საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების (მათ შორის საკვები პროდუქტების) ექსპორტმა 51 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი ექსპორტის 25%-ს შეადგენს. აღნიშნული რიცხვი 7%-ით ნაკლებია 2017 წლის აგვისტოს იმავე მაჩვენებელზე. იმპორტზე დაკვირვებისას კი დადგინდა, რომ 2018 წლის აგვისტოში საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტი 90 მლნ. აშშ დოლარი იყო, რაც საქართველოს მთლიანი იმპორტის 15%-ს შეადგენს. გასული წლის აგვისტოსთან შედარებით, მიმდინარე წელს სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტი 3%-ით გაიზარდა.

შეავსე ფორმა