შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

აპრილი 2019 | აგრო მიმოხილვა
01 მაისი 2019

2018 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა (პუი) სოფლის მეურნეობაში 15.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი პუი 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, შემცირდა, პუი სოფლის მეურნეობის სექტორში მნიშვნელოვნად (28.2%-ით) გაიზარდა. 2018 წელს ყველაზე მაღალი პუი სოფლის მეურნეობაში დაფიქსირდა მეორე კვარტალში, პირველ კვარტალში კი მცირე ოდენობით კაპიტალის გადინება (უარყოფუთი პუი) დაფიქსირდა, რასაც მომდევნო კვარტლებში მნიშვნელოვანი ზრდა მოჰყვა. იმის გათვალისწინებით, რომ მომავალში საკვებ პროდუქტებზე მოთხოვნა გაიზრდება, სოფლის მეურნეობაში პუი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია სექტორში წარმოების ზრდისთვის.

ტრადიციულად, პუი სოფლის მეურნეობაში ძალიან დაბალია სხვა სექტორებთან შედარებით. ბოლო ათწლეულის მანძილზე სოფლის მეურნეობის წილი საქართველოს პუი-ში 0.5%-დან 1.5%-მდე მერყეობდა. გამონაკლისი იყო 2009 წელი, როდესაც სოფლის მეურნეობის წილი შედარებით მაღალი იყო. 2009 წელს, 2008-სთან შედარებით, სოფლის მეურნეობის წილმა მთლიან პუი-ში 3.4% შეადგინა და თან გაორმაგდა აბსოლუტური მნიშვნელობით (2008 წელს 10.6 მლნ. აშშ დოლარი იყო, 2009 წელს კი - 22.6 მლნ. აშშ დოლარი). 2018 წელს პუი-მა სოფლის მეურნეობაში მთლიანი პუი-ის 1,3% შეადგინა. პუი-ის კუთხით, დაბალი ინტერესი სექტორის მიმართ გამოწვეულია მიწასთან დაკავშირებული  შეზღუდვებით, მოძველებული ტექნოლოგიებით, არაკომერციული მწარმოებლების სიმრავლით, საკონტრაქტო ურთიერთობების ნაკლებობითა და დარგის სპეციალისტების სიმწირით.

ფასებს რაც შეეხება, წინა თვესთან შედარებით, ფასების დონე საქართველოში მცირედით გაიზარდა; 2019 წლის მარტში, 2019 წლის თებერვალთან შედარებით, სამომხმარებლო ფასების ინდექსი (სფი) უმნიშვნელოდ, 1.0%-ით გაიზარდა. 2018 წლის მარტთან შედარებით კი, სფი 3.7%-ით გაიზარდა. წინა თვესთან შედარებით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 1.3%-ით გაიზარდა, რამაც სფი 0.4 პროცენტული პუნქტით გაზარდა.

შეავსე ფორმა