2015 – 2019 წწ. სოფლის მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობაში მცირედით შემცირდა, 42.6%-დან 41.3%-მდე. იმავე პერიოდში ასევე შემცირდა სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში: 2015 წელს ეს მაჩვენებელი 9.1% იყო, ხოლო 2018 წელს 7.7% იყო. 2018 წელს წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6.4%-ით გაიზარდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება. მემცენარეობაში ფიქსირდება 10.9%-იანი ზრდა წინა წელთან შედარებით, ხოლო მეცხოველეობაში - 2.1%-ანი. რაც შეეხება თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტს, ყველაზე მაღალი კლება იყო ყურძენსა და ბოსტნეულზე,ხოლო ყველაზე მაღალი ზრდა ხორცსა და სიმინდზე.
2014-2017 წლების მონაცემებთან შედარებით, 2018 წელს გაზრდილია სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები როგორც პროცენტული, ასევე აბსოლუტური მნიშვნელობით. ეს შეიძლება აიხსნას იმით, რომ წამოების დონის ზრდამ გამოიწვია გაყიდვების ზრდაც. გარდა ამისა, რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების ზრდა შესაძლებელია, გამოწვეული იყოს იმითაც, რომ შინამეურნეობები სხვა წყაროებიდან იღებენ შემოსავლებს. ვინაიდან 2018 წელს მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილებები არ დაფიქსირებულა, აღნიშნული ზრდის მთავარი მიზეზი წარმოების ზრდაა.
რაც შეეხება ფასებს. წინა თვესთან შედარებით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 1.2%-ით გაიზარდა, რამაც სფი 0.37 პროცენტული პუნქტით გაზარდა. სურსათის ფასების ცვლილებაზე ძირითადი გავლენა შემდეგმა ჯგუფებმა მოახდინა: ბოსტნეული და ბაღჩეული (+8.1%), ხილი და ყურძენი (7.1%) და რძე, ყველი და კვერცხი (-5.7%). წინა წელთან შედარებით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.9%-ით, რამაც სფი 2.43 პროცენტული პუნქტით გაზარდა. 2019 წლის მაისში მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა სურსათის შემდეგ ჯგუფებში შემავალმა პროდუქტებმა: ბოსტნეული და ბაღჩეული (+33.7%), თევზეული (+13.5%) და ხილი და ყურძენი (-19.9%).