შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

ივნისი, 2020 | აგრო მიმოხილვა
24 ივნისი 2020

2020 წლის 15 ივნისს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სოფლის მეურნეობის ყოველწლიური სტატისტიკური პუბლიკაცია „საქართველოს სოფლის მეურნეობა 2019“ გამოაქვეყნა. პუბლიკაციის მიხედვით, 2019 წელს სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის წილი ნომინალურ მშპ-ში 7.2% იყო, რაც მცირედით ჩამოუვარდება 2018 წლის მაჩვენებელს (7.8%), თუმცა თანხვედრაშია ბოლო ხუთი წლის ზოგად ტენდენციასთან (საშულოდ, მშპ-ის 7-8%). ნომინალურად, 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, სოფლის მეურნეობის გამოშვება 4%-ით გაიზარდა. რეალურად კი, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის წილი 2019 წლის მშპ-ში 7.4% იყო, რაც 2018 წლის მაჩვენებელზე (7.9%) დაბალი იყო. სექტორების გამოშვებას რაც შეეხება, 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, რეალური გამოშვება 4%-ით შემცირდა. თუმცა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლის წილი შინამეურნეობების მთლიან შემოსავლებში 2018 წლიდან არ შეცვლილა და 5.5%-ს შეადგენდა, რაც თვეში, საშუალოდ, 60.3 ლარს უდრის.

საშემოდგომო და საგაზაფხულო ნათესების ფართობი 2019 წელს შემცირდა და 203.0 ათასი ჰა შეადგინა, როცა აღნიშნული მაჩვენებელი 2018 წელს 207.1 ათასი ჰა იყო. ბოსტნეულის წარმოება ჯამში 13%-ით გაიზარდა

რაც შეეხება მეცხოველეობას, ცხვრისა და ფრინველის სულადობა გაიზარდა, თუმცა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის, თხისა და ფუტკრის სულადობა შემცირდა.

ხორცის წარმოება 4%-ით შემცირდა, მატყლის – 5%-ით, თუმცა რძის წარმოება 1%-ით, კვერცხისა კი 4%-ით გაიზარდა. ცვლილება არ გვაქვს თაფლის წარმოებაში.

2020 წლის მაისში, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 2019 წლის მაისთან შედარებით 14.7%-ით გაიზარდა. მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა სურსათის შემდეგ ჯგუფებში შემავალმა პროდუქტებმა: ხილი და ყურძენი (+47.1%), რძე, ყველი და კვერცხი (+24.6%), თევზეული (+17.1%).

შეავსე ფორმა