შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

დეკემბერი, 2020 | აგრო მიმოხილვა
28 დეკემბერი 2020

COVID-19-მა არაერთი ქვეყანა დააყენა სასურსათო უსაფრთხოების რისკის წინაშე, განსაკუთრებით კი საქართველოს მსგავსი, იმპორტზე დამოკიდებული განვითარებადი ქვეყნები. საქართველოს არაერთმა სავაჭრო პარტნიორმა დააწესა შეზღუდვები ვაჭრობაზე, რამაც გაართულა რიგი ბურღულეული და ბოსტნეული პროდუქტების მიწოდება, რაც სურსათის ფასების ზრდის რისკს ქმნის. მართალია, ჯერჯერობით ადრეა პანდემიით გამოწვეული სასურსათო უსაფრთხოების პრობლემებზე საუბარი, თუმცა ის ფაქტიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველო ხორბლის წმინდა იმპორტიორია და მთავრობამ უკვე დაასუბსიდირა ხორბლის იმპორტი. მეტიც, საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის მონაცემებით, საქართველო და აშშ შეთანხმდნენ 30 ათასი ტონა ამერიკული ხორბლის იმპორტზე საქართველოში. 14 ათასი ტონა უკვე შემოვიდა, დანარჩენი კი წლის ბოლომდე შემოვა. იმპორტის ბაზრების დივერსიფიცირება უაღრესად მნიშვნელოვანია, თუმცა 30 ათასი ტონა საქართველოს ხორბლის მთლიანი იმპორტის საკმაოდ მცირე ნაწილია.

ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველოს ყოველწლიურად 500 ათასი ტონა ხორბალი შემოჰქონდა, რაზეც საშუალოდ 100 მლნ. აშშ დოლარი იხარჯებოდა. ხორბლის დიდი ნაწილი რუსეთიდან შემოდის და საიმპორტო ბაზრები საკმაოდ კონცენტრირებულია. 2019 წელს რუსეთის წილი ხორბლის მთლიან იმპორტში 87% იყო. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის წილი 80-100% შორის მერყეობს, მას კლების ტენდენცია აქვს, რაც ბაზრის დივერსიფიკაციის ნიშანი შეიძლება იყოს.

საქართველოს მეორე ყველაზე მსხვილი პარტნიორია ყაზახეთი (56 ათასი ტონა), რომელზეც 2019 წელს მთლიანი იმპორტის 11% მოდიოდა. ყაზახეთს მოსდევს აშშ (1.02%), ირანი (0.05%) და თურქეთი (0.01%). 2019 წელს მომწოდებელთა შორის იყო საბერძნეთი, ავსტრია, გერმანია და საფრანგეთი, თუმცა მათი წილი მთლიან იმპორტში უმნიშვნელო იყო.

შეავსე ფორმა