შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

I კვარტალი, 2025 მაკრო მიმოხილვა | მდგრადი ზრდა და სტაბილურობა განუსაზღვრელ გლობალურ ლანდშაფტში
01 ივლისი 2025

შეჯამება

საქსტატის წინასწარი შეფასების მიხედვით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ნომინალურმა მშპ-მა 21,798.2 მლნ ლარი შეადგინა, რეალური მშპ-ის წლიურმა ზრდამ – 9.8%, ხოლო მშპ-ის დეფლატორის ცვლილებამ – 3.4%. ეკონომიკური ექსპანსია მეტწილად რამდენიმე სექტორის ძლიერმა ზრდამ განაპირობა. ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: განათლება (+27.7%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (+28.5%), ადმინისტრაციული და დამხმარე საქმიანობები (29.7%), ჯანდაცვა და სოციალური სფერო (17.9%). ამ სექტორებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საერთო ეკონომიკური აქტივობის გაზრდაში. მეორე მხრივ, ყველაზე მკვეთრი შემცირება დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: შინამეურნეობები, როგორც დამსაქმებლები (-3.3%), სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა და მეთევზეობა (-4.6%), და ელექტროენერგია, გაზი, ორთქლისა და ჰაერის კონდიცირების მიწოდება (-5.1%), რამაც ოდნავ შეაფერხა ზოგადი ზრდა. საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2025 წლისთვის რეალური მშპ-ის ზრდა 6.7%-ს შეადგენს, რაც აღემატება მსოფლიო ბანკისა (5.5%) და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (6%) წლიური ზრდის პროგნოზებს (იხ. გრაფიკი 1).

2025 წლის პირველ კვარტალში ქართული ლარის დინამიკა სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში შეიცვალა. ლარი მნიშვნელოვნად გამყარდა აშშ დოლართან მიმართებაში, რაც გამოწვეული იყო აშშ დოლარის გლობალური გაუფასურებით. ამან ხელი შეუწყო იმპორტირებული ინფლაციური წნეხის შემცირებას და საგარეო სავალო მომსახურების პირობების გაუმჯობესებას. თუმცა აშშ დოლარისგან განსხვავებით, ლარი გაუფასურდა ევროსა და სხვა მთავარ ვალუტებთან მიმართებაში, რომლებიც უფრო მეტად გამყარდა აშშ დოლართან. შედეგად, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი (NEER) წინა კვარტალთან შედარებით მცირედით გაუფასურდა, ხოლო რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი (REER) კვარტალურ ჭრილში 1.3%-ით გაუფასურდა, თუმცა წლიურ ჭრილში 0.6%-ით გამყარდა, რისი მიზეზიც საქართველოში სავაჭრო პარტნიორებთან შედარებით დაბალი ინფლაცია იყო. ეს რეალური გამყარება განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო რუსულ რუბლთან მიმართებაში, სადაც მაღალი ინფლაცია იყო. მიუხედავად იმისა, რომ ლარი ნომინალურად შესუსტდა რიგი პარტნიორების ვალუტებთან მიმართებაში, REER-ის ტენდენციამ ხელი შეუწყო საქართველოს საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას. მთლიანობაში, 2025 წლის პირველ კვარტალში გაცვლითი კურსის დინამიკამ ხელი შეუწყო ინფლაციის შემცირებას და სტაბილური საგარეო პოზიციის ჩამოყალიბებას (ეროვნული ბანკი, მაისი 2025).

2024 წლის პირველი კვარტლის მზარდ უმუშევრობასთან (14%) შედარებით, 2025 წლის პირველ კვარტალში უმუშევრობის დონე კვლავ, 14.7%-მდე გაიზარდა (საქსტატი). სამუშაო ძალაში მონაწილეობის საშუალო წლიური მაჩვენებელი 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 54.8% შეადგინა. საქსტატის წინასწარი შეფასების მიხედვით, 2025 წლის პირველ კვარტალში საშუალო ყოველთვიური ნომინალური ანაზღაურება 2170.5 ლარს შეადგენდა.

შეავსე ფორმა