შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

თებერვალი 2025 | ხაჭაპურის ინდექსი 0.3%-ით გაიზარდა
28 თებერვალი 2025

2025 წლის თებერვალში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 7.04 ლარი შეადგინა, რაც გასული თვის მაჩვენებელთან შედარებით 0.3%-ით მეტია. რაც შეეხება წლიურ ცვლილებას, ხაჭაპურის ფასი 2024 წლის თებერვალთან შედარებით 3%-ით გაიზარდა.

წლიურ ჭრილში ინფლაცია დაფიქსირდა ინგრედიენტების უმეტესობის ფასებისთვის, ყველაზე მაღალი ზრდა კარაქის ფასმა (+10.7%) აჩვენა, რომელსაც მოჰყვება ყველი (+5.3%), საფუარი (+5.1%) და რძე (+1%). ამავდროულად, შემცირდა კვერცხისა (-7.3%) და ფქვილის (-2.2%) ფასები. აღსანიშნავია, რომ FAO-ს რძის პროდუქტების ფასების ინდექსის მიხედვით, კარაქის ფასები 2025 წლის თებერვალში წლიურად 23.8%-ით გაიზარდა და აღმავალი ტენდენციით ხასიათდებოდა 2023 წლის სექტემბრიდან. შესაბამისად, კარაქის ფასის ცვლილება თანხვედრაშია საერთაშორისო ბაზრის ტენდენციებთან, რაც ადგილობრივი ფასის ზრდას ლოგიკურს ხდის.

თვიურ ჭრილში, ინგრედიენტების ფასები მცირედით შეიცვალა, მხოლოდ საფუარის (-0.4%) და ყველის (-0.1%) ფასებში დაფიქსირდა კლება. ამავდროულად, სხვა ინგრედიენტების ფასებმა ზომიერი ზრდა განიცადეს: რძე (+3.1%), ფქვილი (+1.4%) და კარაქი (+0.5%), ხოლო კვერცხის ღირებულება პრაქტიკულად უცვლელი დარჩა.

მოსალოდნელია, რომ რძის და რძის პროდუქტების ფასები მომდევნო თვეებში სეზონურ კლებას დაექვემდებარება. ამასთან, აღდგომის ეფექტი — კერძოდ, დიდი მარხვა, რომელიც 3 მარტს იწყება — დამატებით გამოიწვევს რძისა და რძის პროდუქტების ფასების შემცირებას, რადგან ამ პერიოდში ჩვეულებრივ მცირდება აღნიშნულ პროდუქტებზე მოთხოვნა.

შეავსე ფორმა