ინდექსები
30
დეკემბერი
2025
30
დეკემბერი
2025
2025 წლის დეკემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 7.86 ლარამდე გაიზარდა, რაც 2025 წლის ნოემბერთან შედარებით 5.2%-იან, ხოლო 2024 წლის დეკემბერთან შედარებით მნიშვნელოვან, 11.8%-იან ზრდას წარმოადგენს.
ტრადიციულად, სადღესასწაულო პერიოდში, როდესაც საახალწლო და საშობაო სუფრებისთვის მზადება მოთხოვნას ზრდის, ინდექსი თვიურ ჭრილში იზრდება. 2025 წლის დეკემბერში ხაჭაპურის ინგრედიენტებს შორის ყველაზე მაღალი ზრდა ყველის ფასებზე დაფიქსირდა და +8.9% შეადგინა, შემდეგ მოდის საფუარი (+5.2%), კვერცხი (+3.0%) და რძე (+0.2%). სხვა ინგრედიენტების ფასები უმნიშვნელოდ შემცირდა.
წლიურ ჭრილში ხაჭაპურის ინდექსის ყველა ინგრედიენტის ფასი გაიზარდა. გამონაკლისი იყო მხოლოდ რძე, რომლის ფასიც 1.9%-ით შემცირდა. ყველაზე დიდი წლიური ზრდა კვერცხის ფასებზე დაფიქსირდა (+22.8%), შემდეგ მოდის ყველი (+13.3%), კარაქი (+13.1%), საფუარი (+6.1%) და ფქვილი (+6.0%).
გრძელვადიან პერსპექტივაში, ხაჭაპურის ინდექსის ბოლო ათი წლის მონაცემებს თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ ინდექსი აღმავალი ტენდენციით ხასიათდება. 2016 წლის დეკემბრიდან 2025 წლის დეკემბრამდე ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება გაორმაგდა და 3.61 ლარიდან 7.86 ლარს მიაღწია. 2025 წლის დეკემბრის მაჩვენებელი დღემდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც ინდექსის განახლებულ აღმავალ ტრაექტორიას ადასტურებს.