შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

ივლისი 2024 | ხაჭაპურის ინდექსი 2.9%-ით დაეცა
28 ივლისი 2024

2024 წლის ივლისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 5.78 ლარი შეადგინა, რაც 2.9%-ით ნაკლებია წინა თვესთან (ივნისთან) შედარებით. წლიურ ჭრილში, 2023 წლის ივლისთან შედარებით, კი ინდექსის ღირებულება თითქმის უცვლელი დარჩა და უმნიშვნელოდ, 0.04%-ით დაეცა.

2024 წლის ივნისთან შედარებით, ივლისში ხაჭაპურის ინგრედიენტების ნაწილზე ფასები ზომიერად გაიზარდა: ფქვილი (+2.7%), რძე (+1.6%) და კარაქი (+0.7%). ნაწილზე კი შემცირდა: ყველი (-6.4%), კვერცხი (-4.3%), საფუარი (-1.9%). მიუხედავად იმისა, რომ ხაჭაპურის ინდექსი წლიურ ჭრილში მცირედით შეიცვალა, მნიშვნელოვანი წლიური ინფლაცია დაფიქსირდა კარაქზე (+18.9%), რძეზე (+18%), საფუარსა (+13.9%) და ფქვილზე (+4.8%).

ხაჭაპურის მომზადების საშუალო ფასის გათვალისწინებით, თბილისი ამჟამად ყველაზე ძვირადღირებული ბაზარია, სადაც ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება 6.34 ლარს შეადგენს, რაც 9.6%-ით აღემატება ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს. ამის საპირისპიროდ, ყველაზე ხელმისაწვდომი ლოკაცია ქუთაისია, სადაც ერთი ხაჭაპური 5.47 ლარი ღირს. ყველაზე ძვირ (თბილისი) და ყველაზე იაფ (ქუთაისი) ქალაქებს შორის 0.87 ლარის სხვაობა შეიძლება ტურისტული სეზონით აიხნას. თბილისი ტურისტებისთვის პოპულარული ადგილია ზაფხულში, რაც ზრდის ფასებს, ხოლო იმერეთი (ქუთაისი) საქართველოს უმსხვილესი რძის მწარმოებელი რეგიონია, რაც იწვევს ფასების ვარდნას რძის წარმოების სეზონზე.

შეავსე ფორმა