2022 წლის ოქტომბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება გაიზარდა როგორც წლიურ, ისე თვიურ ჭრილში და 6.18 ლარსა (ბათუმი) და 7.49 ლარს (თელავი) შორის მერყეობდა. საშუალო ღირებულებამ კი 6.57 ლარი შეადგინა, რაც 2.6%-ით აღემატება წინა თვის (2022 წლის სექტემბერი) და 28.6%-ით აღემატება წინა წლის (2021 წლის ოქტომბერი) მაჩვენებელს.
წლიურ ჭრილში ხაჭაპურის ინდექსის ფასები საქართველოს ყველა ქალაქში გაიზარდა. ყველაზე მაღალი ზრდა (37.2%) ქუთაისში გვაქვს, რომელსაც მოსდევს თელავი (35.9%) და თბილისი (23%). ყველაზე მცირე, თუმცა მაინც მკვეთრი, ზრდა დაფიქსირდა ბათუმში (19.1%).
აღსანიშნავია, რომ თვიურ ჭრილში იმერული ხაჭაპურის ფასების ყველაზე დიდი ზრდა (9.4%) კახეთის, საქართველოს მთავარი ღვინის მწარმოებელი რეგიონის, დედაქალაქ თელავში დაფიქსირდა. ამის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ შემოდგომა განსაკუთრებული პერიოდია საქართველოში, განსაკუთრებით კი კახეთში, რადგან ის რთველთან ასოცირდება. კახეთში რთველი აგვისტოს ბოლოს იწყება და რამდენიმე კვირა გრძელდება. როგორც ჩანს, ადგილობრივმა ტურისტებმა შავი ზღვის სანაპიროდან კახეთისკენ გადაინაცვლეს, რამაც მოთხოვნა და, შესაბამისად, ფასებიც გაზარდა.
რძის მიწოდების სეზონური შემცირების გამო, მოსალოდნელია, რომ ყველისა და რძის, ხაჭაპურის მთავარი ინგრედიენტების, თვიური ფასები მომდევნო თვეებში კიდევ უფრო გაიზრდება. მეტიც, შესაძლოა, გაიზარდოს ხორბლის ფასებიც, რადგან რუსეთმა კვლავ გაზარდა ხორბლის ექსპორტის გადასახადი.