„სურსათის უვნებლობის რისკების სრულად აღმოფხვრა შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია მათი მართვა მთლიან ღირებულებათა ჯაჭვში, ფერმიდან სუფრამდე. სურსათის უვნებლობის რისკის შემცირება მოითხოვს თანამშრომლობას სექტორებს, დაინტერესებულ მხარეებსა და ქვეყნებს შორის,“ – დოქტორი ჰანს ანრი პ. კლუგე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) რეგიონული დირექტორი ევროპაში.
თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მსოფლიომ COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო. ქვეყნები ასრულებენ ჯანმო-ს რეკომენდაციებს ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. მიუხედავად იმისა, რომ კერძო სექტორი, სკოლები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები გადავიდნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე, სხვა საწარმოებისგან განსხვავებით, სურსათის წარმოება და მიწოდება სახლიდან შეუძლებელია. შესაბამისად, პანდემიის დროს, მომხმარებლებისთვის უვნებელი სურსათის მიწოდება და, ამავდროულად, თანამშრომლების ჯანმრთელობის უზრუნველყოფა წარმოადგენს მთავარ გამოწვევას, რომელსაც სურსათის ბიზნესოპერატორები (FBO) აწყდებიან (FAO, 2020).
ბიზნესოპერატორების როლი ევროკავშირში სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფაში
ზოგადად, სურსათის ბიზნესის ოპერატორები „კერძო ან საჯარო სექტორში, კომერციულად ან არაკომერციულად, ახორციელებენ საქმიანობას, რომელიც უკავშირდება სურსათის წარმოების, გადამუშავების, შეფუთვის, შენახვის, ტრანსპორტირების, დისტრიბუციის, იმპორტისა და მომსახურების გაწევის, საკვების ან საკვები ინგრედიენტების რეალიზაციის ნებისმიერ ეტაპს“ (Dudeja, P. & Singh, A., 2017). ამრიგად, ბიზნესოპერატორის უპირველესი პასუხისმგებლობაა სურსათთან დაკავშირებული რეგულაციების, განსაკუთრებით კი სურსათის უვნებლობის დაცვა (ევროკომისია, 2020).
ევროკომისია განსაზღვრავს ბიზნესოპერატორის ძირითად ვალდებულებებს შემდეგნაირად:
• უვნებლობა – ბიზნესოპერატორებმა არ უნდა განათავსონ მავნებელი სურსათი ან ცხოველთა საკვები გასაყიდად;
• პასუხისმგებლობა – ბიზნესოპერატორებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა იმ სურსათისა და ცხოველთა საკვების უვნებლობაზე, რომელსაც ისინი აწარმოებენ, უკეთებენ ტრასნპორტირებას, ინახავენ ან ყიდიან;
• მიკვლევადობა – ბიზნესოპერატორებს უნდა შეეძლოთ ნებისმიერი მომწოდებლის იდენტიფიცირება და მიკვლევა;
• გამჭვირვალობა – თუ ბიზნესოპერატორები ეჭვობენ, რომ მათ მიერ წარმოებული სურსათი ან ცხოველთა საკვები არ არის უვნებელი, დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ამის შესახებ შესაბამის ორგანოებს;
• გადაუდებელი შემთხვევები – ინციდენტის შემთხვევაში, ბიზნესოპერატორები ვალდებულნი არიან, ამოიღონ გაყიდვიდან შესაბამისი სურსათი ან ცხოველთა საკვები;
• პრევენცია – ბიზნესოპერატორებმა უნდა განსაზღვრონ და რეგულარულად შეამოწმონ თავიანთი პროცესების კრიტიკული წერტილები და უზრუნველყონ ამ წერტილებში შესაბამისი ზომების მიღება;
• თანამშრომლობა – ბიზნესოპერატორებმა უნდა ითანამშრომლონ კომპეტენტურ ორგანოებთან, რათა შეამცირონ ან აღმოფხვრან სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული რისკები.
ამ პრინციპების მხარდასაჭერად, ევროკავშირის ქვეყნების კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ ადეკვატური და ეფექტური კონტროლის სისტემა. ევროკავშირის კანონმდებლობა ემყარება პრინციპს, რომ პრევენცია უკეთესია, ვიდრე მკურნალობა. საკვებისმიერი დაავადებების რაოდენობის შესამცირებლად, იგი აწესებს კომპლექსურ სტანდარტებს ჰიგიენის, ეტიკეტირების, შიდა და გარე კონტროლის მექანიზმების შესახებ. სურსათისა და ცხოველთა საკვების უვნებლობასთან დაკავშირებული კრიზისული სიტუაციების მართვა გულისხმობს კრიზისით გამოწვეული ეკონომიკური და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უარყოფითი ეფექტების შემცირებას ან აღმოფხვრას. ბიზნესოპერატორებმა სურსათის წარმოების პროცესში შიდა კონტროლის მექანიზმები უნდა გამოიყენონ, რათა დარწმუნდნენ, რომ მიღებული ზომები ეფექტურია; ასევე, მათ უნდა აჩვენონ, რომ სურსათის წარმოების დროს ასეთი პრევენციული ღონისძიებები ტარდება. გარდა ამისა, მათ მოეთხოვებათ რეგულაციების დაკმაყოფილება, ჰიგიენის ნორმების დაცვა და საფრთხის ანალიზის კრიტიკული კონტროლის წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვა.
COVID-19-ის საპასუხოდ ევროკომისიამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ადგილობრივ მთავრობებთან კოორდინაციაში მიიღო რეგულაცია, რომელიც წევრ სახელმწიფოებს საშუალებას აძლევს, მოძრაობის შეზღუდვის მიუხედავად, განახორციელონ სურსათის უვნებლობის კონტროლი, ისე, რომ რისკის ქვეშ არ დადგეს სურსათის უვნებლობა. გარდა ამისა, ევროკომისიამ გამოაქვეყნა COVID-19-სა და სურსათის უვნებლობაზე დასმული კითხვებისა და პასუხების დოკუმენტი, რომელიც ეხება სურსათის წარმოებას და, ზოგადად, სურსათს მაღაზიებსა და სახლში. დოკუმენტის მიზანია მომხმარებლებისა და ბიზნეოპერატორების ინფორმირება COVID-19-სა და სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.
სურსათის უვნებლობა საქართველოში პანდემიის დროს
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების თანახმად, საქართველო ვალდებულია, მოახდინოს სურსათის უვნებლობის რეგულაციების და საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაცია ევროკავშირის სტანდარტებსა და მოთხოვნებთან. ამიტომ ბიზნესოპრატორები ვალდებულნი არიან, შეასრულონ კანონით განსაზღვრული ვალდებულებები და განაგრძონ საქმიანობა თანასწორობისა და კონკურენციის პრინციპების გათვალისწინებით, როგორც შიდა, ისე ევროკავშირის ბაზრებზე. საქართველოს მთავრობის, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობით, მრავალი რეგულაცია დაინერგა ევროკავშირის სურსათის უვნებლობის რეგულაციებისა და სტანდარტების საკანონმდებლო ბაზასთან მიახლოებისთვის.
2010 წელს დაარსებული სურსათის ეროვნული სააგენტო (სეს) მუშაობს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით. პანდემიის საპასუხოდ, სააგენტომ გამოაქვეყნა რამდენიმე შეზღუდვა და რეკომენდაციები სურსათის მწარმოებლებისთვის, საცალო მოვაჭრეებისთვის, ღია აგრარული ბაზრებისთვის, ასევე, რესტორნებისა და კვების სხვა ობიექტებისთვის. ჰიგიენის კარგ პრაქტიკასთან ერთად, რომელიც საჭიროა სურსათის წარმოების ყველა ეტაპზე, ყველაზე მნიშვნელოვანია კვების ობიექტებისა და საკვების დამუშავების სხვადასხვა ეტაპზე შესაბამისი აღჭურვილობის დასუფთავება და დეზინფექცია. ეს პროტოკოლები, რომლებიც იცავენ თანამშრომლების ჯანმრთელობას, მოიცავს ხელთათმანების, ნიღბებისა და, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური ჰიგიენური ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ტარებას; სოციალურ დისტანცირებას სამსახურში; პირად ჰიგიენას, რაც გულისხმობს ხელების დაბანასა და დეზინფექციას; და სახლში დარჩენას დაავადების პირველივე სიმპტომების გამოვლენისას.
სეს ვალდებულია, გააკონტროლოს ბიზნესოპერატორების მიერ სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა. როგორც მოსალოდნელი იყო, COVID-19-მა შეზღუდა ჰიგიენისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების შესრულების კონტროლი ობიექტებში, რადგან დაავადების გავრცელების რისკის გამო გარკვეული აქტივობები გადავადდა. 2020 წლის მარტ-ივნისის ჩათვლით, როდესაც საქართველომ მოძრაობაზე შეზღუდვები დააწესა და აპრილში სრული იზოლაციაც (ე.წ. lockdown – ლოქდაუნი) კი გამოაცხადა, სეს-ს მიერ ჩატარებული შემოწმებების (ინსპექტირების) რაოდენობა 30%-ით შემცირდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (იხ. ცხრილი 1). ივნისიდან, როდესაც COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნა, 2020 წლის ივლის-სექტემბერში ინსპექტირების რაოდენობა 22%-ით გაიზარდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ინსპექტირების რაოდენობის ზრდასთან ერთად, 22%-ით გაიზარდა სურსათის უვნებლობის კუთხით დარღვევების მქონე ბიზნესოპერატორების რაოდენობა. ამის მიუხედავად, კრიტიკული დარღვევების შემთხვევები 39%-ით შემცირდა. როგორც ჩანს, ამჟამინდელ შეზღუდვებს გავლენა არ მოუხდენია სურსათის უვნებლობაზე.
ცხრილი 1. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული შემოწმებების რაოდენობა
2019 | 2020 | ცვლილება | ||||
მარტ-ივნისი | ივლის-სექტემბერი | მარტ-ივნისი | ივლის-სექტემბერი | მარტ-ივნისი | ივლის-სექტემბერი | |
შემოწმებების რაოდენობა | 3256 | 1778 | 2265 | 2175 | -30%↓ | 22% ↑ |
დარღვევების მქონე ბიზნესოპერატორების რაოდენობა | 2858 | 1537 | 1921 | 1874 | -33%↓ | 22%↑ |
კრიტიკული დარღვევა | 185 | 206 | 109 | 126 | -41%↓ | -39%↓ |
არაკრიტიკული დარღვევა | 2856 | 1531 | 1916 | 1866 | -33%↓ | 22%↑ |
არაკრიტიკული დარღვევების მთლიანი რაოდენობა | 18,984 | 10,424 | 12,528 | 12,456 | -34%↓ | 19%↑ |
წყარო: სურსათის ეროვნული სააგენტო, Momxmarebeli.ge, 2020 წ.
პანდემიის გარდა სხვა ფაქტორებიც მოქმედებს ქვეყანაში სურსათის უვნებლობაზე და ბიზნესოპერატორების მიერ სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვაზე. ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული სისტემური გამოწვევები (მაგ. შეზღუდული წვდომა გარკვეულ ლაბორატორიულ ტესტებსა და ვეტერინარიულ მომსახურებაზე, შეზღუდული ინსტიტუციური შესაძლებლობები) ბიზნესოპერატორებს ხელ უშლიდნენ სურსათის უვნებლობის სტანდარტებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილებაში, პანდემიამდეც კი. კორონავირუსმა დაგვანახა ჰიგიენის დაცვისა და სურსათის უვნებლობისთვის ხარისხიანი ინფრასტრუქტურის არსებობის მნიშვნელობა.
სურსათის უვნებლობის COVID-19-ის დროს
მიუხედავად იმისა, რომ სურსათის უვნებლობა ძირითადად ბიზნესოპერატორების პასუხისმგებლობაა, უვნებლობის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბება ჯაჭვის ყველა წევრზეა დამოკიდებული. სურსათის უვნებლობის სისტემის შესაქმნელად საჭიროა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების და ფერმერთა ასოციაციების რესურსების, მონაცემების და ტექნოლოგიების გაერთიანება და სახელმწიფო და კერძო თანამშრომლობის ჩამოყალიბება. პანდემიის დროს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფერმერთა ასოციაციების საქმიანობამ უნდა შეავსოს ბიზნესოპერატორების საქმიანობა ცნობიერების ამაღლების მიზნით და გააუმჯობესოს სურსათის მიწოდების ჯაჭვის გამჭვირვალობა, მიკვლევადობა და უვნებლობა. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
• ცნობიერების ამაღლება – მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში მოსახლეობა უკეთ არის ინფორმირებული COVID-19-ის შედეგად დაწესებული შეზღუდვებისა და პრევენციის ზომების შესახებ, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ვირუსის შესახებ ინფორმაცია შეზღუდულია. ამიტომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ფერმერთა ასოციაციებმა უნდა მიაწოდონ ბიზნესოპერატორებს ინფორმაცია და მითითებები სურსათის უვნებლობის სტანდარტებთან დაკავშირებით; განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია ასეთი ინფრომაციის მიწოდება სოფლად არსებული ბიზნესოპერატორებისთვის და საოჯახო მეურნეობებისთვის, რათა მათ ბაზარზე უვნებელი სურსათი განათავსონ;
• ტრენინგების ჩატარება – პანდემიის დროს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ფერმერთა ასოციაციებს შეუძლიათ მხარი დაუჭირონ ბიზნესოპერატორებს სურსათის უვნებლობასა და ჰიგიენასთან დაკავშირებული ტრენინგების ჩატარებით (სურსათის მიკვლევადობა, დასუფთავების მენეჯმენტი, შესყიდვები და შემოწმება), რაც გააუმჯობესებს სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის ზომების ეფექტიანობას.
• მედიასთან მუშაობა – არსებობს მოსაზრება, რომ COVID-19 შეიძლება გადადიოდეს სურსათით. მედიაში გარვცელებული ინფორმაცია კი ხშირ შემთხვევაში არასწორი და არასრულყოფილი მონაცემებითა და არგუმენტებით არის განპირობებული. ამრიგად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ფერმერთა ასოციაციებმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ მედიასთან, რათა მომხმარებლებს ზუსტი ინფორმაცია მიეწოდოს, რომ თავიდან ავიცილოთ უსაფუძვლო შიშები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ისეთი უსარგებლო ქმედებები, როგორიც სურსათის განადგურებაა;
• პარტნიორული ურთიერთობების დამყარება – პანდემიის დროს სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფა მოითხოვს საჯარო სექტორის, ბიზნესოპერატორების, მომხმარებლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მიერ სურსათის უვნებლობის მნიშვნელობის უკეთ გაგებას. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ფერმერთა ასოციაციებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის პარტნიორობის დამყარებას სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვის პროცესში, რათა მოსახლეობას საკმარისი წვდომა ჰქონდეს უვნებელ და აუცილებელ საკვებზე.
* * *
ბლოგი დაიწერა ქეა კავკასიის ”COVID-19-ზე რეაგირებისა და ადაპტაციის პროექტის” ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია CARE International-ის საგანგებო დახმარების საერთაშორისო ფონდის მიერ. დოკუმენტი შეიქმნა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და ქეა კავკასიის გუნდების მჭიდრო თანამშრომლობით. ბლოგის შინაარსი მხოლოდ ავტორების მოსაზრებას გამოხატავს და შეიძლება არ ასახავდეს CARE International-ის შეხედულებებს.