შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

საჭიროა თუ არა დეპოზიტის დაზღვევის პროგრამა ფინანსური სტაბილურობისთვის
პარასკევი, 25 იანვარი, 2013

საქართველო იმ ქვეყნების არცთუ ისე მრავალრიცხოვან სიაშია, რომელთაც დეპოზიტების დაზღვევის სისტემა არა აქვთ. საჭიროებს კი ქვეყანა ასეთ სისტემას? იქნებ დეპოზიტის დაზღვევამ სარგებელზე მეტი ზიანი მოგვიტანოს? პასუხი არც ისე ერთმნიშვნელოვანია, როგორც შეიძლება ჩანდეს.

დეპოზიტის დაზღვევა შედარებით ახალი მოვლენაა საერთაშორისო საბანკო სისტემაში. მაგალითად, 1974 წელს მხოლოდ 12 ქვეყანას ჰქონდა დეპოზიტის დაზღვევის სქემები, ხოლო 2003-ში ეს რიცხვი 87-მდე იყო გაზრდილი. შეერთებული შტატები ამ საქმის ერთ-ერთი პიონერი იყო. ფედერალური დეპოზიტების დაზღვევის კორპორაცია 1933 წელს შეიქმნა, მას შემდეგ, რაც დიდმა დეპრესიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით ბანკთა გაკოტრება გამოიწვია და არასტაბილურობის გამო ხალხმა მასობრივად დაიწყო ფულის ბანკებიდან გატანა.

1929 და 1933 წლებს შორის, დიდი დეპრესიის დროს, დაახლოებით 10,000 ბანკი გაკოტრდა. ამის გამო მრავალი საინვესტიციო პროექტი მოულოდნელად დაიხურა, რამაც წარმოების ვარდნა დააჩქარა და შედეგად მეტი დესტაბილიზაცია გამოიწვია.

არსებობს მოსაზრება, რომ დეპოზიტის დაზღვევის მარტივ სქემას შეეძლო ბანკების დახურვისა და წარმოების ვარდნის მანკიერი წრის გარღვევა. უფრო მეტიც, იმის გამო, რომ დეპოზიტის დაზღვევა პოპულარული პოლიტიკური ნაბიჯია, პოლიტიკის გამტარებლებს მისი განხორცილებისას უკმაყოფილება არ ხვდებათ.

მეორე მხრივ, დეპოზიტის დაზღვევის კრიტიკოსები ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ სქემამ შესაძლოა უკუეფექტი გამოიღოს და ფინანსური სისტემის დესტაბილიზაციას უფრო შეუწყოს ხელი. ერთ-ერთი ძირითადი დაბრკოლება მორალური საფრთხეა - ხელისუფლების მიერ დაზღვეულ ბანკებს უფრო მეტი რისკების აღებისკენ უჩნდებათ მიდრეკილება. თავის მხრივ, დეპოზიტორები კიდევ უფრო ამძაფრებენ პრობლემას, რადგანაც ბანკების მიერ მეტი რისკის აღება - იმის გათვალისწინებით, რომ დეპოზიტები დაზღვეულია - მათი მხრივ დადებით მოვლენად აღიქმება.

მორალური საფრთხის პრობლემა დაწვრილებით იქნა შესწავლილი მთელს მსოფლიოში მომხდარი საბანკო კრიზისებისთვის. არსებული კვლევები (მაგალითად, Demirgüç-Kunt and Detragiache (2002)) მიუთითებენ, რომ დეპოზიტის დაზღვევის სისტემის დანერგვამ სუსტი ინსტიტუციური გარემოს პირობებში შესაძლოა საბანკო კრიზისის დადგომის ალბათობა გაზარდოს.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ დეპოზიტის დაზღვევის სისტემა საქართველოში არ იმუშავებს. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი სისტემა არაპირდაპირად უკვე არსებობს. საქართველოში საბანკო სექტორი დიდად კონცენტრირებულია, რაც ნიშნავს რომ, დეპოზიტთა უმრავლესობა მცირე რაოდენობა ბანკებშია განთავსებული. ერთი მათგანის გაკოტრებაც კი ხელისუფლებას აიძულებდა, არასტაბილურობის თავიდან ასაცილებლად პროცესებში ჩართულიყო და დეპოზიტორები თავად დაეკმაყოფილებინა. ამის გამო, დეპოზიტორებსა და ბანკებს შეუძლიათ ისე იმოქმედონ, თითქოს დეპოზიტები უკვე დაზღვეული იყოს.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით ისმის კითხვა - დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ცხადად რომ დანერგილიყო, ეს უბრალოდ არსებული რეალობის გაცნობიერება იქნებოდა, თუ რაიმე დადებით შედეგსაც მოიტანდა? ასეთ ნაბიჯს დადებითი შედეგი შესაძლოა შიდა დანაზოგების ქცევაზე ჰქონდეს.

შიდა დანაზოგების მოცულობა საქართველოში ძალიან მცირეა. 2011 წელს მთლიანი შიდა დანაზოგები მშპ-ს 2.51% იყო (შედარებისთვის, სომხეთში ეს მაჩვენებელი 6.81%-ია). იმ დანაზოგების წილი, რომლებიც ბანკებში ინახება, კიდევ უფრო დაბალია. ცხადია, ასეთი სიტუაცია განვითარებადი ქვეყნისთვის ოპტიმალური არაა. ბანკში შენახული დანაზოგების სიმცირემ შეიძლება შიდა სახსრებით დაფინანსებული ინვესტიციების სიმცირე და მაღალი საპროცენტო განაკვეთები გამოიწვიოს. ეს ყველაფერი კი საბოლოო ჯამში გრძელვადიან ზრდაზე ცუდად აისახება.

Savings Behavior Assessment Survey, რომელიც საქართველოში 2011 წელს ჩატარდა, აჩვენებს რომ რესპოდენტების 60% მომხრეა ფულის ბანკში შენახვისა, თუ მათი დეპოზიტები დაზღვეული იქნება. იმის გათვალისწინებით, რომ დაზღვევის გარეშე ეს მაჩვენებელი 6%-მდე ვარდება,დეპოზიტის დაზღვევის სქემას სიტუაციის გამოსწორების დიდი პოტენციალი გააჩნია.

ამ არგუმენტზე დაყრდნობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დეპოზიტის დაზღვევის სქემა მომგებიანი იქნება საქართველოსთვის. თუმცა, პოლიტიკის გამტარებლები ყურადღებით უნდა მოეკიდნონ ინსტიტუციური გარემოს სიძლიერის შესწავლასა და საბანკო ზედამხედველობას. არსებობს საკმარისი საბუთი იმისა, რომ დეპოზიტის დაზღვევის სისტემის დანერგვა შესაბამისი ზედამხედველობის გარეშე ფინანსური სისტემის დესტაბილიზაციას უფრო უწყობს ხელს, ვიდრე მის განვითარებას.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა