შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

თავისუფალი ვაჭრობა თუ პროტექციონიზმი: საქართველოს როლი ძველ დებატებში
პარასკევი, 01 მარტი, 2013

ქართული ბაზარი გადავსებულია თურქეთის იაფფასიანი პროდუქციით: უგემური ზამთრის პომიდვრით, ტანსაცმლით, სამშენებლო მასალებითა თუ რაც გნებავთ. თურქული საქონელი ყველგანაა - თბილისის ცენტრიში მდებარე სპეციალიზებულ მაღაზიებში, სუპერმარკეტებსა და ელიავას ბაზრობაზე. რა არის ამის მიზეზი? ის, რომ თურქეთი ჩვენი მეზობელია თუ ის, რომ ქართველ ხალხს თურქული პროდუქცია უყვარს?

თურქეთიდან საქონლის იმპორტი საქართველოში ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება ვარდების რევოლუციის შემდეგ, თუმცაღა ეს ტემპი კიდევ უფრო გაიზარდა 2009 წელს, მას შემდგეგ, რაც ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ (FTA, 2008 წლის ნოემბერი). 2012 წელს 1.4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების იმპორტი (მთლიანი იმპორტის ღირებულების 17%) საქართველოში განხორციელდა სწორედ თურქეთიდან, რომელმაც უკან ჩამოიტოვა აზერბაიჯანი, უკრაინა, ჩინეთი, გერმანია და რუსეთი. ამის საპირისპიროდ, FTA-ს არ ჰქონია შესამჩნევი გავლენა საქართველოდან თურქეთში ექსპორტის მაჩვენებლებზე. 2012 წელს საქართველოდან თურქეთში ექსპორტის ღირებულებამ შეადგინა სულ რაღაც 142 მილიონი დოლარი, რაც 2008 წლის აღნიშნულ მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად ნაკლებია.

ახლა, მაშინ როცა ეჭვგარეშეა, რომ ქართველ მომხმარებელთა ძირითადი ნაწილი სარგებელს იღებს თურქულ იაფასიან საქონელზე ხელმისაწვდომობით, იმავეს თქმა არ შეგვიძლია იმ ქართველ მწარმოებლებსა და მომხმარებლებზე, რომელთაც დაკარგეს თავიანთი სამუშაო ადგილები ან შეუმცირდათ ხელფასები თურქულ იმპორტთან კონკურენციის გამო. მაშასადამე, შეიძლება წამოვჭრათ არგუმენტი FTA-ის გაუქმების, შერჩევითი დაცვის ან გარკვეული სექტორებისთვის სუბსიდიების შეთავაზების შესახებ.

არსებობს სხვადასხვა მოსაზრება იმის შესახებ, თუ რამდენად სასურველია შიდა ინდუსტრიების დაცვა. თანამედროვე ეკონომიკური თეორიების წინა პლანზე წამოწევამდე უმეტესი ქვეყანა ატარებდა ექსპორტის წახალისებისა და იმპორტის შეფერხების პოლიტიკას. სწორედ ეს იყო მერკანტილიზმის დოქტრინა, რომელიც ჩამოაყალიბა საფრანგეთში ლუი-ის კარზე მოღვაზე ფინანსთა მინისტრმა, ჯინ-ბაპტისტ კოლბერტმა (1619-1683). მე-19 საუკუნეში კი ლიბერალმა ეკონომისტებმა აღნიშნეს ღია ბაზრებისა და თავისუფალი ვაჭრობის უპირატესობები. პოლიტიკურად ყველაზე უფრო გავლენიანი იდეები ამ საკითხში ჩამოაყალიბა დავიდ რიკარდომ (1772-1823), ლონდონელმა ბიზნესმენმა, რომელსაც უნდოდა დაეწმუნებინა თავისი ქვეყნის მთავრობა, რომ შეემცირებინა სავაჭრო ბარიერები. მან შექმნა რიკარდოს მოდელი, რომელიც დღესაც კი საერთაშორისო ვაჭრობის ეკონომისტებისთვის მისაბაძ მოდელს წარმოადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ მე-19 საუკუნეში ეკონომისტთა დიდი ნაწილი თანხმდებოდა, რომ თავისუფალი ვაჭრობა, ზოგადად, სასარგებლოა, ფრედერიკ ლისტის (1789-1846) მიმდევრები ამტკიცებენ, რომ დროებითი პროტექციონიზმი სარგებლობის მომტანია ე.წ. ახალგაზრდა ინდუსტრიებისთვის. ახალგაზრდა ინდუსტრიების არგუმენტი გამოიყენება იმ სექტორებისთვის, რომლებსაც ექნებოდათ კონკურენტუნარიანობის პოტენციალი საერთაშორისო არენაზე, თუკი მიეცემოდათ ზრდის საშუალება, თუ მიაღწევდნენ წარმოების გარკვეულ მასშტაბს და საკმარისად მომწიფდებოდნენ. ამ მიმდევრობის მიხედვით, დამცავი მექანიზმები უნდა გაუქმდეს მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა ინდუსტრიები მიაღწევენ მწარმოებლურობის ისეთ დონეს, რომელიც კონკურენტუნარიანს გახდის მათ საერთაშორისო ბაზარზე. თუკი ამ ინდუსტრიებს საწყის სტადიაზევე მოუწევდათ საერთაშორისო კონკურენციაში ჩაბმა თავდაპირველი დაცვის გარეშე, მაშინ ისინი განწირულნი იქნებოდნენ მარცხისა და ლიკვიდაციისათვის. მიუხედავად უფრო მეტი ნიუანსებისა და მათემატიკური დახვეწილობისა, თანამედროვე საერთაშორისო ვაჭრობის ეკონომისტებს შორის დებატების დიდი ნაწილი მაინც რიკარდოსა და ლისტის შეხედულებებს, ანუ თავისუფალ ვაჭრობასა და ახაგაზრდა ინდუსტრიების დაცვის საკითხებს ეძღვნება.

პროტექციონისტული პოლიტიკის მხარდაჭერა სხვა მიზეზებითაც შეიძლება იყოს განპირობებული. მაგალითისთვის, დიდ ქვეყნებს (ან საბაჟო კავშირებს) შეიძლება უნდოდეთ, დაიცვან თავიანთი შიდა ბაზრები და სტიმული მისცენ უცხოელ მწარმოებლებს, რომ განათავსონ თავიანთი წარმოება ან გააერთიანონ ქარხნები მათ ბაზარზე. ეს იყო მიზეზი იაპონიისა და კორეის მასობრივი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა (FDI) ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის საავტომობილო ინდუსტრიაში. სწორედ პროტექციონიზმით იყო გამოწვეული ტექნოლოგიურად ინტენსიური პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რომელმაც ხელი შეუწყო ასობიტ ათასი სამუშაო ადგილის წარმოქმნას და ტექნოლოგიური პროგრესის გავრცელებას სხვა სექტორებშიც.

სანამ ჩვენ გავიზიარებდეთ პროტექციონისტულ შეხედულებას, მნიშვნელოვანია, რომ გავაანალიზოთ შემდეგი საკითხები: ა) ეს არგუმენტი არ შეეფერება საქართველოს მგომარეობას მისი შიდა ბაზრის სუსტი შესაძლებლობებიდან გამომდინარე და ბ) რადგან საქართველო არის პატარა ქვეყანა, მას პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიღება შეუძლია მხოლოდ ვაჭრობის ხარჯების შემცირებითა და მეზობელი ქვეყნების ბაზრებზე (როგორებიცაა თურქეთი, აზერბაიჯანი, დაბოლოს რუსეთი) შეღწევით.  უკვე დღეს, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები, რომლებიც საქართველოს გააჩნია თურქეთსა და აზერბაიჯანთან (რომელიც გამოირჩევა საქართველოს ექსპორტის ძირითადი წილით), თურქულ და აზერბაიჯანულ ბიზნესებს აძლევს სტიმულს, რათა განათავსონ თავიანთი წარმოება საქართველოში, რათა ისარგებლონ დაბალი ხარჯებითა და სატარიფო ბარიერების არარსებობით და მოახდინონ ექსპორტირება საქართველოდან თავიანთ ქვეყნებში. სწორედ ეს იყო მიზეზი თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ თურქული ინვესტიციების ზრდისა ქართულ მსუბუქ ინდუსტრიაში (ძირითადად, ბათუმსა და აჭარაში). შედეგად, საქართველოდან თურქეთში ქალის ბლუზების ექსპორტის ღირებულებამ მიაღწია 7.3 მილიონ დოლარს 2012 წელს (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით), რაც 20%-ით მეტია 2011 წლის აღნიშნულ მაჩვენებელთან შედარებით. იმედია, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ განაახლა სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისა და მოდერნიზების მხარდამჭერა, შეიძლება საჭირო იყოს ქვეყნის სავაჭრო პოლიტიკის განახლებაც სოფლის მეურნეობის ძირითადი წარმოების განშტოებების მიხედვით (მაგალითად, ზამთრის პომიდვრების). იმის გამო, რომ საქართველო არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი, მისი საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის არჩევანი შეზღუდულია. თუკი თურქეთი გადაუხვევს ან დაარღვევს წესებს და დაბლოკავს საქართველოდან იმპორტს, მაშინ დავების მოგვარების მექანიზმთან გვექნება საქმე. ამას სჭირდება დრო, მაგრამ სწორედ ასე წყვეტენ მსგავსი ტიპის დავებს მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები. მაშინ, როცა საქართველოს არ შეუძლია გადახედოს სასაზღვრო სატარიფო პოლიტიკას, მას შეუძლია შემოიღოს შერჩევითი დაცვა ე.წ. „მწვანე ყუთების“ მეშვეობით, როგორებიცაა სუბსიდიები და სამთავრობო პროგრამები, რომლებიც გამოყენებული იქნება მინიმალურად და არ გამოიწვევს ეკონომიკაში დიდ რყევებს. მაგალითად, ამ კატეგორიაში შედის სამთავრობო ხარჯები კვლევებსა და განვითარებაზე, ინფრასტრუქტურაზე, ფერმერებისათვის განსხვავებულ გადასახადებზე და ა.შ. განსხვავებით იმპორტის ტარიფების შეცვლისა, ყველაფერი ეს დაკავშირებულია ხარჯებთან, რომლებიც თავის მხრივ, პირიქით, ზრდიან შემოსავლებს, ასე რომ შერჩევითი დაცვა შეიძლება არ წარმოადგენდეს მიმზიდველ ალტერნატივას. ამასთან ერთად, ფერმერებისთვის სადაზღვევო სქემებიც (მაგალითად, საფასო თუ შემოსავლის დაზღვევები), ფაქტობრივად,  „მწვანე ყუთებს“ წარმოადგენენ, თუმცა ისინი ამახინჯებენ ეკონომიკურ სტიმულებს.

დაბოლოს, გაფრთხილების სახით: სოფლის მეურნეობის სექტორში დამცავი მექანიზმების განხილვის პროცესში მთავრობამ არ უნდა დაივიწყოს მომხმარებელთა ინტერესები. ბოლო წლებში საერთაშორისო საქონლის ფასები ძალიან მაღალი იყო, რამაც ბევრი მთავრობა აიძულა, დაებლოკა ექსპორტი ან შეემცირებინა ტარიფები ქვეყნის შიდა ფასების შესამცირებლად და პოლიტიკური სტაბილურობის მოსაპოვებლად. ეს უკანასკნელი კი, ნამდვილად არ წარმოადგენს იმ ობიექტს, რომელიც საქართველოს ახალმა მთავრობამ რისკზე უნდა დადოს.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა