შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

რუსეთის ეკონომიკის საიდუმლო
ორშაბათი, 28 აპრილი, 2014

ბოლოდროინდელ მოვლენებამდე რუსეთი უცხოური კომპანიებისათვის იდუმალებით მოცულ „შესაძლებლობების მიწას“ წარმოადგენდა. თანმხლები სირთულეების მიუხედავად, ინვესტორებს ქვეყანა მაინც მიმზიდველად მიაჩნდათ ეკონომიკური საქმიანობის წამოსაწყებად. უცხოელი ბიზნესმენები სიძნელეებს ძირითადად მოუქნელ ბიუროკრატიასთან აწყდებოდნენ. ისტორიები არცთუ იშვიათი კორუფციული გარიგებების, პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო გადაწყვეტილებებისა და საგადასახადო ხელისუფლების მაქინაციების შესახებ აფრთხობდა მცირე ინვესტორებს, მაგრამ მსხვილი კომპანიებისათვის ეს არც ახალი იყო და არც დიდ დაბრკოლებას წარმოადგენდა. ქვეყნის საშუალო კლასის ზრდით შეგულიანებული დასავლეთი იმედოვნებდა, რომ თანდათან რუსეთი თანამედროვე და ინოვაციურ საბაზრო ეკონომიკად გადაიქცეოდა.

თუმცა, ცოტა ხნის წინ რუსი მოსახლეობის დაცვის საბაბით ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაცია და ანექსია, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხესთან ერთად დასავლეთის იმედებს ძირს უთხრის. რა საერთო შეიძლება ჰქონდეს სამხედრო ამბიციებს ეკონომიკურ პოლიტიკასთან? კავშირი უფრო პირდაპირია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

ამ ორნაწილიან ბლოგში ჩვენ გამოვიკვლევთ რუსეთის ეკონომიკის ევოლუციას საბჭოთა კავშირის დროიდან დღემდე და შევეცდებით ავხსნათ, რა გავლენა შეიძლება მოეხდინა საბჭოთა მემკვიდრეობას ქვეყნის განვითარებაზე. გარდა ამისა, შევეხებით რუსეთის ეკონომიკის წინაშე მდგარ თანამედროვე გამოწვევებსაც.

ძირითადი ეკონომიკური და სოციალური ინდიკატორები

რამდენად კარგად ცხოვრობს რუსი ხალხი? მთლიანი შიდა პროდუქტის $2.6 ტრილიონიანი მაჩვენებლით რუსეთის ეკონომიკა მე-6 ადგილს იკავებს მსოფლიო რეიტინგში. ხოლო თუ ცხოვრების დონის შესაფასებლად ერთ სულ მოსახლეზე მთლიან შიდა პროდუქტს გამოვიყენებთ ($17 884), მსოფლიოს ეს ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანა (მოსახლეობა 146 მილიონი) რეიტინგში 58-ე ადგილზე ინაცვლებს.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, რუსეთის ჩრდილოვანი ეკონომიკა მთლიანი შიდა პროდუქტის 40%-ს შეადგენს (მსოფლიო ბანკი, 2007). გარდა ამისა, საერთაშორისო გამჭირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით,  177 ქვეყანას შორის ქვეყანა პაკისტანსა და ბანგლადეშს შორის 127-ე ადგილს იკავებს. რუსეთი 61-ე ადგილზეა (142 ქვეყნიდან) 2013 წლის ლეგატუმის კეთილდღეობის ინდექსით, რომლის თანახმადაც ბიზნესსა და მთავრობაში კორუფციის მაღალი დონის არსებობის მოსახლეობის 78.6% სჯერა.

უკეთესად არც ცხოვრების დონის სხვა ინდიკატორები გამოიყურება. შემოსავლების უთანასწორობა რუსეთში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ-ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალია, მექსიკისა და აშშ-ის შემდეგ. სიმდიდრის უთანასწორობის მხრივაც, ქვეყანა მილიარდერების რაოდენობით მესამე ადგილზეა მსოფლიოში. 110 რუსი მილიარდერი ქვეყნის მთლიანი სიმდიდრის 35%-ს ფლობს. შედარებისთვის, სხვა ქვეყნებში მილიარდერები, როგორც წესი, შინამეურნეობების მთლიანი სიმდიდრის მხოლოდ 1-2%-ს აკონტროლებენ. აშშ-შიც კი, სიმდიდრის მნიშვნელოვანი უთანასწორობის მიუხედავად, მთლიანი სიმდიდრის 40% 3.17 მილიონ ადამიანს შორის ნაწილდება.

და მაინც, მიუხედავად ყველა ზემოთჩამოთვლილი პრობლემისა, რუსეთი მაინც მსოფილიოს უდიდესი ქვეყანაა, უმდიდრესი ბუნებრივი რესურსებით. მსოფლიოში ნავთობისა და ბუნებრივი აირის 20%-ს სწორედ რუსეთი აწარმოებს და ამ რესურსების მნიშვნელოვანი რეზერვებსაც ფლობს. მეტიც, ქვეყანას გააჩნია თითქმის ყველა სამრეწველო მინერალიც. ამ უდიდესი პოტენციალის გათვალისწინებით, ნუთუ რუსეთს არ შეუძლია ეკონომიკურად უფრო ძლიერ სახელმწიფოდ გადაქცევა? თუ კი, მაშინ რატომ ვერ ახერხებს ქვეყანა საკუთარი პოტენციალის რეალიზებას? მაგალითად, საინტერესოა, რატომ გაიზარდა არსებული მდგომარეობით უკმაყოფილო ადამიანების რიცხვი იმდენად, რომ ანტისაპროტესტო კანონის მიღება გახდა საჭირო?

ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებით, რუსეთის ეკონომიკის მთავარი პრობლემა ე.წ. „ჰოლანდიური დაავადებაა“. მართლაც, ნავთობისა და ბუნებრივი აირის სექტორი ექსპორტის 70%-ს და მთავრობის შემოსავლების 50%-ს შეადგენს. ამ სექტორის გაფართოების შედეგად გამოწვეულმა კურსის გამყარებამ კი ქვეყნის საექსპორტო საქონლის გაძვირება და კონკურენტუნარიანობის დაქვეითება გამოიწვია მსოფლიო ბაზარზე.

სხვა მკვლევართა აზრით „ჰოლანდიური დაავადება“ რუსეთის ეკონომიკის ყველაზე მწვავე პრობლემას არ წარმოადგენს. ბოლოდროინდელი ეკონომიკური ლიტერატურის მიხედვით, (მაგალითად, Kvintradze, Eteri. “Russian Output Collapse and Recovery: Evidence from the Post-Soviet Transition”. 2010.; Gaddy, Clifford G. & Barry W. Ickes. “Prosperity in depth: Russia. Caught in the Bear Trap”. 2013) ქვეყნის ეკონომიკის საიდუმლო საბჭოთა კავშირის პერიოდიდან იღებს სათავეს. რუსეთის ისტორია „რესურსების წყევლის“ კლასიკური ისტორიაა. შემთხვევა ქვეყნისა, სადაც ეკონომიკურ არაეფექტიანობას ბუნებრივ რესურსებზე ზედმეტი დამოკიდებულება განაპირობებს, რასაც საბოლოოდ უფრო ღრმა პრობლემამდე მივყავართ, ვიდრე „ჰოლანდიური დაავადებაა“.

საბჭოთა კავშირის ეკონომიკური მემკვიდრეობა

არაეფექტიანობა. საბჭოთა კავშირი დასავლეთისგან უმეტესად ან სრულად დამოუკიდებელი ინდუსტრიული სისტემის განვითარებას ცდილობდა. ამ დამოუკიდებლობის სურვილს კი თავისი ფასი ჰქონდა. გედისა და იკესის აზრით, არაეფექტიანობის მთავარ მიზეზს რესურსების არასწორი გადანაწილება წარმოადგენდა. მიწების სრულად ათვისების მოტივით, საბჭოთა კავშირის ცენტრალური მგეგმავები ქარხნებითა და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილ ქალაქებს მოშორებულ და მკაცრ კლიმატურ პირობებშიც კი აშენებდნენ. თუ რუსეთის შორეულ აღმოსავლეთს მსგავსი კლიმატის მქონე კანადის რეგიონებს ან ალასკას შევადარებთ, შევნიშნავთ, რომ მოსახლეობის სიმჭიდროვე ამ უკანასკნელებში გაცილებით უფრო დაბალია. ამგვარი განფენილობის მთავარი პრობლემა კი ქარხნებს შორის პროდუქტის და საწარმოო ფაქტორების ტრანსპორტირების მაღალი ხარჯია. ეს საბჭოთა კავშირის კიდევ ერთ ხელოვნურად შექმნილ დამატებით ტვირთს წარმოადგენს რუსეთის ეკონომიკური სისტემისთვის - ეს იყო ერთგვარი „დათვის ხაფანგი“, რომელმაც მნიშვნელოვნად შეუშალა ხელი ქვეყანაში თანამედროვე ეკონომიკური სისტემის განვითარებას.

ფასების ფორმირების სისტემა საბჭოთა კავშირის კიდევ ერთ „დათვის ხაფანგს“ წარმოადგენდა. საბაზრო მექანიზმის არარსებობის პირობებში, ეკონომიკური გაცვლა აგებული იყო ურთიერთდამოკიდებული საწარმოების კავშირებზე. წარმოებული საქონლის საბოლოო ღირებულება ხშირად უფრო დაბალი იყო, ვიდრე ამ პროდუქტის თვითღირებულება იქნებოდა თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაში. უარყოფითი საწარმოო შემოსავლების პირობებში, საწარმოების ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენდა სახელმწიფო სუბსიდიები. სახელმწიფოს ბუნებრივი რესურსების გაყიდვით მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანი ოდენობის გაღება უწევდა არაეფექტიანი ინდუსტრიების შესანარჩუნებლად.

რენტის“ მართვის სისტემა. რესურსებიდან შემოსავლებისა გადანაწილება არ ხდებოდა პირდაპირი სუბსიდიების გზით, ანუ არ ხდებოდა მომგებიანი სექტორებიდან შემოსავლების არაეფექტიანი სექტორებისთვის პირდაპირი ტრანსფერი. სისტემა, როგორც ეთერ კვინტრაძე ხსნის, გაცილებით უფრო ბუნდოვანი იყო და არამონეტარული საწარმოთაშორისი ტრანზაქციების ელემენტებსაც შეიცავდა. ასეთი სისტემის პირობებში, ფირმები ნავთობსა და ბუნებრივ აირს თვითღირებულებაზე დაბალ ფასად ჰყიდდნენ საწარმოებზე, დამატებით ტრანსფერებს ურიცხავდნენ ზოგიერთი შეკვეთისათვის ან შუამავლების საშუალებით დამატებით მომსახურებას უწევდნენ არაეფექტიან საწარმოებს.

აშკარაა, რომ საბჭოთა კავშირის ეკონომიკის მთავარ პრობლემას  არაეფექტიანი საწარმოებისთვის რესურსების ტრანსფერზე დამოკიდებულება იყო. ამან კი საბოლოოდ ეკონომიკა „რენტაზე“ ანუ ბუნებრივი რესურსებიდან მიღებულ მოგებაზე დამოკიდებული გახადა.

„რენტაზე“ დამოკიდებულება. საბჭოთა კავშირის „რენტაზე“ დამოკიდებული სისტემის მდგრადობაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა რესურსების ფასების მკვეთრმა ცვალებადობამ. მაგალითად, 1970-1990 წლებში რუსეთში წარმოქმნილი რამოდენიმე კრიზისი უკავშირდებოდა მსოფლიოში ბუნებრივ აირსა და ნავთობზე ფასების შემცირების ტენდენციას. რესურსების ფასების უკანასკნელი (გარდამავალი ეტაპის წინა პერიოდის) შემცირება 1980-იან წლებში დაიწყო და 1989 წელს საბჭოთა კავშირის დაშლით დაგვირგვინდა.

როგორც კოლაფსმა აჩვენა, გეგმური ეკონომიკა არაეფექტიანი „რენტის“ მართვის სისტემის გამო სიცოცხლისუნარიანი არ აღმოჩნდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, რუსეთში დაიწყო საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესი. რამდენად წარმატებით მიმდინარეობს ეს პროცესი? მიუახლოვდა თუ არა რუსეთი თანამედროვე ცოდნასა და ინოვაციაზე დაფუძნებულ ეკონომიკურ სისტემას? თუ ქვეყანა კვლავ საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობის შედეგებს იმკის? პასუხი ამ კითხვებზე იხილეთ სტატიის მეორე ნაწილში, რომელიც ერთი კვირის შემდეგ გამოქვეყნდება.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა