შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

ლარის ზამთრის ბლუზი – შეშფოთების მიზეზი?
ორშაბათი, 08 დეკემბერი, 2014

უკანასკნელი ორი კვირის მანძილზე, საქართველოს მოსახლეობას დეჟა ვუს განცდა ჰქონდა. სულ რაღაც რამდენიმე დღეში, ლარი დოლართან მიმართებაში 8%-ით გაუფასურდა. ამასთან, ევროს მიმართ გამყარების ტენდენცია გაუფასურებით შეიცვალა. ლარის „ზამთრის ბლუზი“ 2013 წლის ბოლო ორი თვის მოვლენებს გვახსენებს, როდესაც გრძელვადიანი სტაბილურობის შემდეგ, ლარი დოლართან მიმართებით, 10 კვირის განმავლობაში, 5%-ით გაუფასურდა.

ლარის უეცარმა გაუფასურებამ საზოგადოებაში მღელვარების ტალღები წარმოშვა და ოპოზიციას მთავრობის კრიტიკის საბაბი მისცა.  პოლიტიკას თავი რომ დავანებოთ, ლარის ღირებულების მკვეთრი ცვლილება და მონეტარული პოლიტიკის გამტარებლების მხრიდან კომუნიკაციის ნაკლებობა (წინა პარასკევამდე) საზოგადოების შეშფოთებისთვის სავსებით საკმარისი მიზეზია. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ლარის მკვეთრი გაუფასურება ნაწილობრივ განპირობებული იყო ბაზრის მონაწილეების „აჟიოტაჟური ქცევით“. თუმცა, ის ფაქტი, რომ ეროვნულმა ბანკმა განცხადების გაკეთება დააგვიანა, შეიძლება „აჟიოტაჟური ქცევის“ ერთ-ერთი მიზეზიც გახდა და კიდევ უფრო გაზარდა ლარზე ზეწოლა.

საქართველო მყარ ეკონომიკურ პლატფორმაზე დგას

საერთაშორისო სავალუტო ფონდის კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური შეფასებით, იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოს და რეგიონის ეკონომიკური ზრდა კვლავ დაბალ ნიშნულზე რჩება (2015 წლისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზული მაჩვენებლებია, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის 2.9%, ევროზონისთვის 1.4%, მსოფლიოსთვის კი 3.8%) საქართველოს ეკონომიკა შედარებით სწრაფად იზრდება. 2009 წლიდან, საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში, ევროკავშირსა და პოსტ-საბჭოთა სივრცეში, შემცირდა ეკონომიკური ზრდის ტემპები. ეს გარე ფაქტორი უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს ეკონომიკაზე, თუმცა 2015 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზული მაჩვენებელი 5%-ია, რაც აზერბაიჯანის და სომხეთის, ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მაჩვენებელებს აღემატება.

ერთ-ერთი მნიშველოვანი მიზეზი, რამაც მოსახლეობის შეშფოთება გამოიწვია, ბნელი 90-იანების მოგონებებია, როდესაც ეროვნული ვალუტის კოლაფსს ჰიპერინფლაცია და სისტემის კრიზისი მოჰყვა. ლარის დღევანდელ გაუფასურებას სხვა მიზეზები აქვს და მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ ბანკს გაცვლითი კურსის ფიქსირება არ უცდია, ინფლაცია არ გაზრდილა. თუ გაუფასურება ფასებზე აისახება, ეროვნული ბანკი, მიმდინარე პროცესებში, უფრო ეფექტურად ჩაერევა.

რატომ უნდა აღელვებდეს რიგით ქართველს ლარის გაუფასურების საკითხი?

მიუხედავად იმისა, რომ ლარის გაუფასურება საქართველოს ეკონომიკის ფუნდამენტალური სისუსტის მაჩვენებელი არაა, ეს ტვირთად დააწვება მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც სესხი უცხოურ ვალუტაში აქვს აღებული და შემოსავალს ლარში იღებს. ასევე, შეიძლება გაიზარდოს იმპორტირებული პროდუქციის ფასი, რაც აისეხება მოხმარებასა და ბიზნეს ინვესტიციებზე. მაგრამ, ლარის გაუფასურებას არ ექნება ისეთი ცუდი ეფექტები, როგორსაც საზოგადოება შეიძლება მოელოდეს.

სესხები დოლარში. უდაოა, რომ ლარის გაუფასურება დაარტყამს მათ, ვისაც სესხი დოლარში აქვს აღებული და შემოსავალს ლარში იღებს. ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, სესხების 60% (უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების 77%) უცხოურ ვალუტაშია გაცემული. სესხები დოლარში უფრო მომზიდველია ვიდრე ლარში – დოლარში სესხზე პროცენტი საშუალოდ 8-9 პროცენტული პუნქტით დაბალია ლარში გაცემულ სესხთან შედარებით.  ისინი,  ვისაც სესხი დოლარში აქვთ, გაურკვეველ და არასასურველ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რადგან მათ სესხზე ეფექტური გადასახადი გაიზარდა.

ფასები.შეშოთების კიდევ ერთი მიზეზი იმპორტირებული პროდუქციის გაძვირებაა. იმპორტი საქართველოს მშპ-ის 49%-ს შეადგენს. ქვეყანა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სამომხმარებლო და კაპიტალური საქონლის – სურსათის, ტექსტილის, საწარმოო ფაქტორების იმპორტზე. ღვინის მწარმოებლები, ექიმები, დანტისტები – ყველა მათგანი იყენებს იმპორტირებულ საწარმოო ფაქტორებსა და იარაღებს.

მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულ შტატებთან საქართველოს ვაჭრობის მოცულობა მცირეა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ იმპორტი შემოდის თურქეთიდან ან უკრაინიდან, მრავალი იმპორტირებული საქონლის ფასი დოლარშია ფიქსირებული. ქართულ ფირმებს, რომელთაც კონტრაქტით თურქეთიდან უნდა შეესყიდათ 100 დოლარის ღირებულების ტექსტილი, მოუწევთ გადაიხადონ 195 ლარი, 175 ლარის ნაცვლად.

აქვე, ცოტაოდენი კარგი ამბავიც

საქართველოს ამ ვითარებიდან „გამოდარებაში“ ორი ფაქტორი შეიძლება დაეხმაროს. პირველი, საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების – თურქეთის, უკრაინის, რუსეთის, სომხეთის ვალუტები ასევე გაუფასურდა დოლარის მიმართ. ეს ნიშნავს, რომ იმპორტის ფასი მნიშვნელოვნად არ გაიზრდება. დავუბრუნდეთ ჩვენს მაგალითს, თურქეთში ტექსტილის მწარმოებელი ადგილობრივ ბაზარზე თავის პროდუქციას აფასებს ლირაში. ადგილობრივად წარმოებული საქონელი, რომელიც ივლისში 210 ლირა  (100 დოლარის ექვივალენტი) ღირდა და დიდი ალბათობით, დღესაც 210 ლირა ღირს, ლირის გაუფასურების გამო, დღეს 93 დოლარი ეღირება. ქართველ იმპორტიორებს, რომელთაც კონტრაქტები დოლარში არ აქვთ ფიქსირებული, შეუძლიათ, უფრო იაფად იყიდონ თურქული პროდუქცია. შესაბამისად, იმპორტირებული საქონლის ფასი შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ არა იმდენად, რამდენადაც ლარი გაუფასურდა დოლართან მიმართებაში.

მეორე, საქართველოს იმპორტში მნიშვნელოვანი წილი სურსათსა და ნავთობს უჭირავს, მათი ფასები კი, საერთაშორისო ბაზრებზე, მნიშვნელოვნად მცირდება და ბოლო რამდენიმე წლის მინიმუმამდეც დაეცა. ნავთობის ფასი ბარელზე 105 დოლარიდან 70 დოლარამდე შემცირდა. სურსათის ფასებიც, მარტთან შედარებით 12%-ით შემცირდა. ამ ცვლილებების ქართულ ეკონომიკაზე ასახვას დრო დასჭირდება, მაგრამ მთლიანობაში, უნდა ველოდოთ სურსათისა და ნავთობის ფასების შემცირებას ადგილობრივ ბაზარზეც (ამ თემაზე ჩვენი ანალიზი იხილეთ ISET-PI-ის საქართველოს ეკონომიკის ყოველთვიურ მიმოხილვაში).

რომ შევაჯამოთ, ლარის გაუფასურება საქართველოს ეკონომისთვის დიდი პრობლემა არაა. პრობლემა არის ეკონომიკური რეფორმების შენელება და მოკლევადიან აქტუალურ ეკონომიკურ რყევებზე პოლიტიკის გამტარებლების მხრიდან საზოგადოებასთან ეფექტიანი კომუნიკაციის ნაკლებობა.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა