ბოლო სამი თვის განმავლობაში ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის აგრარული პოლიტიკის კვლევითი ცენტრი ატარებდა ინტერვიუებს ფერმერებსა და აგრობიზნესების წარმომადგენლებთან. განსაკუთრებით საინტერესო, რაც ამ შეხვედრების შედეგად გახდა ცნობილი, ის აღმოჩნდა, რომ ქართველ ფერმერებს საკმაოდ ცუდი წარმოდგენა აქვთ სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებაზე.
ერთ-ერთმა რესპოდენტმა სამცხე-ჯავახეთიდან მოგვითხრო თანასოფლელის შესახებ, რომელსაც ამავე სოფელში მწყემსად მუშაობა შესთავაზეს. მას ევალებოდა დილით პირუტყვის საძოვარზე გადენა, დღის განამავლობაში თვალყურის დევნება და საღამოს უკან, სოფელში დაბრუნება. ისტორიის, იმ დროისათვის უმუშევარი, გმირი გასამრჯელოდ 400 ლარს და უფასო კვებას მიიღებდა. თუმცა, მან უარი თქვა და სამუშაოდ თურქეთში გამგზავრება არჩია. ისტორიის გმირი მალევე დაბრუნდა სამშობლოში, დაქანცული და დათრგუნული. როგორც აღმოჩნდა, იგი თურქეთში ნაგავს აგროვებდა 12-ლარიანი დღიური ანაზღაურების სანაცვლოდ, რაც, ცხადია, გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე მის მიერ უარყოფილი მწყემსობისთვის შეთავაზებული 400 ლარი.
ეს კონკრეტული ფაქტი მიანიშნებს ქართველების მიდრეკილებაზე თავი აარიდონ სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობას. აგრობიზნესების გამოკითხული წარმომადგენლებიც ხაზს უსვამდნენ იმ სირთულეებს, რომელსაც აწყდებიან სანდო მწყემსის, მეჩაიეს ან თუნდაც ხილის შემგროვებლის დაქირავებისას. რესპოდენტები აღნიშნავდნენ, რომ ბევრ ახალგაზრდას ურჩევნია იყოს უმუშევარი და მთელი დღე იდგეს სოფელში „ბირჟაზე“, ვიდრე დაკავდეს სოფლის მეურნეობით.
ფული არ არის მთავარი პრობლემა
ნაჩქარევი დასკვნა იმის შესახებ, თუ რატომ არიდებენ ადამიანები თავს სოფლის მეურნეობაში დასაქმებას, იქნებოდა დაბალი ხელფასები ამ სექტორში. თუმცა საშუალო თვიური ხელფასები აქ არც ისე დაბალია, სხვა სფეროებთან შედარებით. გრაფიკზე ჩანს, რომ 2013 წელს საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი სექტორში იყო 495 ლარი, რაც უფრო მაღალია, ვიდრე იგივე მაჩვენებელი განათლების სფეროსთვის (423 ლარი) და თითქმის ტოლია სასტუმროებსა და რესტორნებში შრომის საშუალო ანაზღაურებისა (491 ლარი).
გარდა ამისა, ხელფასები ისეთ სექტორებში, როგორიცაა ჯანდაცვა და სოციალური დახმარება მხოლოდ ოდნავ აღემატება სოფლის მეურნეობის საშუალო თვიურ ანაზღაურებას. აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ აგრარული სამუშაოსთვის თავის არიდება დაბალი ხელფასით არ უნდა იყოს გამოწვეული.
სოფლის მეურნეობისთვის თავის არიდების მიდრეკილებას ბევრი მიზეზი აქვს. სოფელში ადრე უნდა ადგე, რომ მოწველო ძროხები, იშვიათად თუ აქვს ადამიანს თავისუფალი დღეები და თვითონ სამუშაოც საკმაოდ ,,ჭუჭყიანია’’. გარდა ამისა, აქ ფაქტიურად არ არსებობს ახალგაზრდული ინფრასტრუქტურა: კინოთეატრები, კაფე-ბარები და ა.შ. ეს ყველაფერი, ცხადია, უარყოფითად მოქმედებს სოფლად მუშაობის მოტივაციაზე. ამას ემატება საზოგადოებაში გავრცელებული ნეგატიური დამოკიდებულებაც სოფლის მეურნეობის მიმართ.
შეიძლება ითქვას, რომ აგრარული სექტორი არაპრესტიჟულია, რაც სოფლად ცხოვრების შესახებ უარყოფითი სტერეოტიპებითაა გამოწვეული. 2013 წელს სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის მიერ ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში შეაფასეს ქართული სასკოლო სახელმძღვანელოები. აღმოჩნდა, რომ მათი უმრავლესობა ხელს უწყობს ბავშვებში სოფლად ცხოვრების შესახებ უარყოფითი სტერეოტიპების ჩამოყალიბებას. მაგალითად, ზოგიერთი მოთხრობა მოსწავლეებს უქმნის არასწორ შთაბეჭდილებას, რომ იქ მხოლოდ მოხუცი ადამიანები ცხოვრობენ. ასევე არის მოთხრობები, რომლებიც არაპირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ქალაქელი ბავშვები უფრო დაინტერესებულნი არიან სწავლა-განათლებით. კიდევ ერთი სტერეოტიპია, რომ სოფლად ცხოვრება უმეტესად სიღარიბესთან ასოცირდება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
სტერეოტიპების შედეგები
როცა ადამიანი არ აფასებს საკუთარ საქმეს, ეს პირდაპირ აისახება მის მოტივაციაზე. საქართველოში უამრავი ადამიანი, რომელსაც სოფელში აქვს თუნდაც მცირე ზომის მიწის ნაკვეთი, არ იყენებს მას და ხშირ შემთხვევაში მიდის სამუშაოდ საზღვარგარეთ ან ქალაქში, სადაც ხშირად სოციალური დახმარების იმედად რჩება. ასეთი ქცევა აიხსნება იმით, რომ ადამიანები ხშირ შემთხვევაში ფიქრობენ, რომ სოფლის მეურნეობაში მუშაობით შემოსავალს ვერ მიიღებენ.
თუ ადამიანი უარყოფითად არის განწყობილი თავისი საქმიანობის მიმართ, ის არ გამოიჩენს ინიციატივას და არ იქნება მოტივირებული, რომ აიმაღლოს კვალიფიკაცია. ამით შეიძლება ავხსნათ ის ფაქტი, თუ რატომ ვერ ხერხდება პროდუქტიულობის ამაღლება სოფლის მეურნეობაში. სახელმწიფომ უამრავი პროექტი განახორციელა ამ პრობლემის გადასაჭრელად, დაწყებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის უზრუნველყოფით და დამთავრებული კოოპერატივების ხელშეწყობით. ამ პროექტებმა ვერ გადაჭრეს სექტორის დაბალი ნაყოფიერების პრობლემა, ძირითადად იმიტომ, რომ ქართველ ფერმერებს ხშირ შემთხვევაში აკლიათ ინიციატივა და შემართება.
2013 წელს გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული კვლევის, ,,სოფლის მეურნეობის შედარებითი ანალიზი სამხრეთ კავკასიაში,’’ ფარგლებში მოხდა საქართველოს აგრარული სექტორის პროდუქტიულობის ანალიზი მეზობელ ქვეყნებთან შედარების გზით. ბევრი კულტურის შემთხვევაში, როგორიცაა, მაგალითად, ხორბალი, სიმინდი, კარტოფილი და პომიდორი, საქართველო ჩამორჩება თავის მეზობლებს. მაშინ, როდესაც საქართველოში ერთ ჰექტარზე მოდის 5-დან 10 ტონამდე პომიდორი, სომხეთში ეს მაჩვენებელი თითქმის 40 ტონას აღწევს. კარტოფილის შემთხვევაში კი, ამავე მეზობლის პროდუქტიულობა 50%-ით მაღალია. ასევე, სომხეთში 5-ჯერ მეტი სიმინდი მოჰყავთ ერთ ჰექტარზე, ვიდრე საქართველოში. ეს ყველაფერი კი იმის გათვალისწინებით, რომ ნალექიანობა ჩვენთან ორჯერ აღემატება მეზობლისას.
მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი ფაქტორები, როგორიცაა უხვი ნალექი და ნაყოფიერი ნიადაგი, ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას, ამ სექტორის მიმართ ნაკლები ინტერესი და ფერმერთა უინიციატივობა იწვევს იმას, რომ ვერ ხერხდება ამ უპირატესობების სათანადოდ გამოყენება და პროდუქტიულობის ამაღლება. ამ სექტორში ჩართული ადამიანების უმეტესობა სოფლად მხოლოდ გადარჩენისთვის მუშაობს და ამ ტიპის დასაქმებას სრულფასოვან სამსახურად არც მოიაზრებს.
ამ არასახარბიელო მდგომარეობიდან ერთ-ერთი გამოსავალი შესაძლოა იყოს საინფორმაციო კამპანია სასოფლო-სამეურნეო სამუშაო ადგილების რეპუტაციის ასამაღლებლად და ამ სფეროთი ადამიანების დასაინტერესებლად. ქართველი გლეხებისგან განსხვავებით, თანამედროვე ფერმერები ევროპაში ერკვევიან ვეტერიანარიაში, მიკრობიოლოგიაში, ეკოლოგიაში, კვების მრეწველობაში, ქიმიასა და ბიზნესშიც კი. განვითარებულ ქვეყნებში წარმატებული ფერმერები არიან განათლებულები, კარგად იციან თავიანთი საქმე, კარგი შემოსავალიც აქვთ და ხშირ შემთხვევაში, ახალგაზრდებიც არიან. საქართველოში დღესდღეობით ცოტაა ასეთი ფერმერი და კარგი იქნება, თუ ისინი მაგალითს მისცემენ სხვებს. სტერეოტიპების შეცვლა რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი.