
ISET ეკონომისტი

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ჰიპოკრატეს წესი „არ ავნო“ (primum non nocere) ძალიან კარგადაა ცნობილი. ეს მედიცინის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია. ჰიპოკრატეს კრებულის ერთ-ერთ წიგნში „ეპიდემია“ აღნიშნული წესი შემდეგნაირადაა ფორმულირებული: ,,თუ ექიმს არ ძალუძს დაეხმაროს ავადმყოფს, ისე მაინც უნდა მოიქცეს, რომ არ ავნოს მას“.
ექიმს ასწავლიან, რომ სამედიცინო ჩარევა რისკის შემცველია. ამიტომ, როცა ეს უკანასკნელი "პრობლემის“ წინაშე დგება, მან უნდა გადაწყვიტოს, რომელიმე კონკრეტულ სამკურნალო პროცედურას აირჩევს (მაგ. ქირურგიულ ან მედიკამენტოზურ ჩარევას) თუ საერთოდ არ ჩაერევა.
გასაკვირი არაა, რომ ამ პრინციპის გამოყენება ჯანდაცვის სფეროს ფარგლებს სცდება. ახლა კი სწორედ ის დროა, ქართველმა პოლიტიკოსებმაც ისწავლონ ამ წესის დაცვა.
2014 წლის ივნისში, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის დღიდან, საქართველო პარტნიორის კანონმდებლობასთან საკანონმდებლო და რეგულაციური გარემოს „ჰარმონიზაციის“ გზას დაადგა. თუ ტემპებით ვიმსჯელებთ, მთავრობის მთავარი მიზანი ქვეყნის ევროპულ სახელმწიფოდ მყისიერი გადაქცევაა.
ყველაფერი 2014 წლის პირველ სექტემბერს, სავიზო და ბინადრობის ახალი მოთხოვნების შემოღებით დაიწყო. როგორც ქართულ საზოგადოებას უთხრეს, ცვლილებები ევროკავშირის მხრიდან სავიზო ლიბერალიზაციის სანაცვლოდ წაყენებული მოთხოვნებით იყო განპირობებული, ახალი რეგულაციები კი საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას ეფუძნებოდა.
სულ რამდენიმე თვის მანძილზე, ისევ ჰარმონიზაციის მოტივით, კიდევ რამდენიმე სხვა კანონპროექტი შემუშავდა და პარლამენტს განსახილველად გადაეცა. გამორიცხული არაა, რომ კიდევ უფრო მეტი ამჟამად იყოს დამუშავების პროცესში, მაგრამ დაინტერესებულმა მხარეებმა: ბიზნესებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ ამის შესახებ ჯერ არაფერი იცოდნენ.
ამ საკანონმდებლო ინიციატივებიდან სათითაოდ არცერთია უკიდურესად მძიმე ქართული ეკონომიკისთვის. კომპანიები მალევე მიეჩვევიან დამატებით ბიუროკრატიასთან ურთიერთობას უცხოელი ექსპერტებისა და მუშების შემოყვანისას. მაუწყებლები გაზრდიან ფასებს რეკლამირებისა და სპონსორებისათვის, სარეკლამო კომპანიები კი მიეჩვევიან მარკეტინგული მესიჯების უფრო მოკლე დროში გადმოცემას. მაღალი აქციზის გადასახადის გამო, ქართველები დალევენ მეტ ღვინოს და ნაკლებ ლუდს. ლუდსახარშები კი ან უფრო ნაკლებს აწარმოებენ, ან ჭარბ პროდუქციას აზერბაიჯანში გაიტანენ. ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია კი დროზე ადრე მოხდება, მინიმუმ დოკუმენტების დონეზე.
ყველა ამ ინიციატივის პრობლემას ის წარმოადგენს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესი ძალიან განსხვავდება ევროპული იდეალისგან, რომელსაც ასე ვესწრაფით. ყველა ერთად, ეწინააღმდეგება მთავარ მიზანს ამ ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისა — საქართველოს სწრაფვას, გახდეს ევროპული ოჯახის ნამდვილი წევრი.
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მანერა, რომლითაც ეს ახალი რეგულაციები მიიღება, საფრთხეს უქმნის საქართველოს, როგორც ბიზნესის კეთებისათვის ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყნის რეპუტაციას. ახალი ინვესტორებისათვის ხომ მთავარ საზრუნავს სწორედ სტაბილურობა და ბიზნეს გარემოს პროგნოზირებადობა წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანამ შიდა რეგულაციები არ უნდა ცვალოს, მაგრამ ის კი აუცილებელია, რომ ეს ცვლილებები შეთანხმებული იყოს ბიზნეს საზოგადოებასთან და არ იყოს უეცარი. ეს ბიზნესებს საშუალებას მისცემდა გამოეთქვათ თავიანთი პოზიცია და თუ გავლენას ვერ მოახდენდნენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, ცვლილებებზე მორგების დრო მაინც ექნებოდათ.
მეორე, ქართველი პოლიტიკოსები უნდა შეეჩვიონ ახალი კანონის ან რეგულაციის შემოღებამდე „საშინაო დავალების“ უკეთ შესრულებას. იმისათვის, რომ არ ავნონ, ექიმები რენტგენსა და სისხლის ანალიზებს ეყრდნობიან. პოლიტიკოსებს შეუძლიათ გამოყენებითი ეკონომიკის სტანდარტული ინსტრუმენტების მეშვეობით შემოთავაზებული რეგულაციის საგადასახადო შემოსავლებზე, მშპ-ზე, შემოსავლებზე, ინვესტიციებსა და კორუფციის რისკებზე ზეგავლენის სიმულირება მოახდინონ. ევროპაში ეს ფართოდ გავრცელებულია, საქართველოში — საერთოდ არა. კიდევ ერთი კარგი სტრატეგია იქნებოდა პილოტირება და ბუნებრივი ექსპერიმენტის საფუძველზე მოსალოდნელი გავლენების პროგნოზირება.
მესამე, სასწრაფო და რთული ტექნიკური შემთხვევების (მაგ., ლარის გაუფასურების) გარდა, ქართული პოლიტიკური პროცესისთვის სასარგებლო იქნებოდა დაინტერესებული მხარეების მეტი ჩართულობა. ევროკავშირთან დაახლოების პრაქტიკულად ყველა ზომის მიღებისას, აუცილებელია ხანგრძლივი და ინკლუზიური საჯარო კონსულტაციების პროცესი იმისათვის, რომ ახლადშემოღებული რეგულაციები პოლიტიკურად უფრო მისაღები იყოს. ფაქტიურად, ასოცირების შეთანხმებაში ამგვარი კონსულტაციებისადმი მოწოდება ნათელია.
ბოლოს, ნაჩქარევმა ჰარმონიზაციამ შეიძლება ძირი გამოუთხაროს ევროპეიზაციის პროცესს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ასეთი სიბეჯითით ესწრაფის. საეჭვო სარგებლიანობის კანონების შემოღების ასოცირების შეთანხმებისთვის მიწერა არამხოლოდ ქვეყნის მოკლევადიან ეკონომიკურ ინტერესებს აზარალებს, არამედ იმ პოლიტიკური ძალების წისქვილსაც ასხამს წყალს, რომლებსაც საქართველოს უკან, რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნება სურთ.
* * *
რამდენიმე დღის წინ მოვისმინე, როგორ ამბობდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, რომ საქართველოსთვის ასე მნიშვნელოვანი სწრაფი ეკონომიკური ზრდა დამოკიდებულია მთავრობის შესაძლებლობაზე გაატაროს მტკივნეული რეფორმები. „მეორე თაობის“ სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას, რომელიც ქადაგიძეს ჰქონდა მხედველობაში, დრო დასჭირდება. მანამ კი მთავრობამ უბრალოდ უნდა შეწყვიტოს ბევრი რამის კეთება. ასე იგი დაზოგავს ქართველი გადასახადის გადამხდელების ფულს, თავიდან აიცილებს უკან დახევისა და მობოდიშების უხერხულ სიტუაციებს და გაუფრთხილდება ქართველი ბიზნესმენების ნერვებს, ენერგიასა და რესურსებსაც. დამერწმუნეთ, ამ ყველაფრის უფრო ნაყოფიერად გამოყენების გზებიც არსებობს.
მოკლედ, დროა, ქართველმა პოლიტიკოსებმა ისწავლონ ჰიპოკრატეს პრინციპი: არ ავნო!