ქართულ-ესტონური ფილმი „მანდარინები“ ნომინირებული იყო ოსკარის დაჯილდოვების ცერემონიალზე, როგორც 2014 წლის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი გადაღებულია გურიაში, მოქმედება ვითარდება 1990-იანი წლების ომის პერიოდის აფხაზეთში, რომელიც ამჟამად საქართველოს მთავრობის კონტროლ ქვეშ არ იმყოფება.
ფილმის მთავარი გმირები არიან აფხაზეთში მცხოვრები ორი ესტონელი გლეხი. ერთ-ერთ მათგანს მანდარინი მოჰყავს, ხოლო მეორე დურგალია, რომელიც მანდარინის ტრანსპორტირებისათვის საჭირო ხის ყუთებს ამზადებს (როგორც ზემოთ მოცემულ ფოტოზეა ნაჩვენები).
საკუთარი ოჯახებისა და მეზობლებისგან განსხვავებით, ამ ორმა ადამიანმა ომის დროსაც კი არ დატოვა აფხაზეთი რამდენიმე მიზეზის გამო, მათ შორის ერთ-ერთი არის დაუოკებელი სურვილი, დაკრიფონ და გაყიდონ საკუთარი ხელით მოყვანილი მანდარინის მოსავალი.
მანდარინის წარმოება და გასაღება საქართველოში
მანდარინი არის საქართველოში წარმოებული მთავარი ციტრუსი. იგი მხოლოდ დასავლეთ საქართველოში, კერძოდ კი, აჭარაში, გურიასა და აფხაზეთში მოდის. გვხვდება, ასევე, სამეგრელოსა და იმერეთშიც. მიუხედავად იმისა, რომ წარმოების მოცულობა წლიდან წლამდე იცვლება, 2013 წელს დაახლოებით 107,000 ტონა მანდარინი დაიკრიფა.
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.
დასავლეთ საქართველოში ბევრი გლეხია დამოკიდებული მანდარინის მოსავალზე, რათა ოჯახები საზრდოთი უზრუნველყონ. მახსოვს, ჩემს ბავშვობაში ბევრი აჭარელი ფერმერი ჩამოდიოდა ჩემს მშობლიურ სოფელ ქვემო ალვანში (კახეთის ეს სოფელი დაახლოებით 500 კმ-ით არის დაშორებული აჭარიდან), რათა თავიანთი მანდარინის მოსავალი გაეყიდა ან გადაეცვალა სხვადასხვა აგრარულ პროდუქტებზე (მაგ: კარტოფილი, სიმინდი, ხორბალი). ეს იყო მანდარინის მწარმოებელ ფერმერებს შორის არაფორმალური თანამშრომლობის მაგალითი, რამდენადაც ისინი ერთობლივად ქირაობდნენ ავტობუსს, ჩამოდიოდნენ და ერთად ყიდდნენ მანდარინს. გასაღების ასეთი ფორმა დღესაც არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი მოვაჭრეები უკვე კრიტიკულ როლს თამაშობენ საბაზრო შუამავლობაში.
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. ექსპორტირებული მანდარინის მთლიანი მოცულობა 2013 წელს იყო დაახლეობით 35,000 ტონა, ხოლო 2014 წელს მხოლოდ 22,500 ტონა.
ამჟამად საქართველოს მანდარინის მოსავლის მთავარი საექსპორტო ბაზარი არის უკრაინა და რუსეთი, როგორც გრაფიკზეა ნაჩვენები. სამწუხაროდ, ქართული მანდარინი არ არის (ჯერ კიდევ) კონკურენტული უფრო სარფიან ევროპულ ბაზარზე გასასვლელად, რაც, ძირითადად, განპირობებულია მოსავლის აღებასა და მის შემდგომ პროცესებთან დაკავშირებული შეზღუდული უპირატესობებით.
პოლიტიკური გარემო
მანდარინს, როგორც წესი, აწარმოებს ძალიან ბევრი მცირე საოჯახო მეურნეობა. ამდენად, მისი პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეს სექტორი ხშირად გამხდარა სამთავრობო სუბსიდიებისა და სხვა პოლიტიკური ჩარევების საგანი.
2013 წელს, მთავრობამ ამ სექტორის სუბსიდირება დაიწყო. ფერმერებს მათ მიერ გადამამუშავებელ ქარხნებში ჩაბარებული „არასტანდარტული“ მანდარინის (დაზიანებული ან უვარგისი) ყოველ კილოგრამზე 10 თეთრს უხდიდნენ. ფერმერებმა მიიღეს დამატებითი 15 თეთრი ექსპორტზე გატანილი „სტანდარტული“ მანდარინის ყოველ კილოგრამზე. ჯამში, მთავრობამ დახარჯა 13,8 მილიონი ლარი საკუთარი სარეზერვო ფონდიდან, საიდანაც 12 მილიონი ლარი დაიხარჯა სტანდარტული მანდარინის, ხოლო 1,8 მილიონი არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირებაზე.
არახელსაყრელი ამინდის პირობების გამო, 2013 წელს მანდარინის მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი არასტანდარტული იყო. აქედან გამომდინარე, 2014 წელს გამოყენებულ იქნა სუბსიდირების ოდნავ მოდიფიცირებული სქემა. კომპანიებს უნდა გადაეხადათ არანაკლებ 20 თეთრი კილოგრამ მანდარინში. ასეთ შემთხვევაში, ისინი მიიღებდნენ დამატებით 10 თეთრს სამთავრობო სუბსიდიის სახით. ჯამში ამ პროგრამისთვის გამოყოფილ იქნა 2 მილიონი ლარი. მთავრობამ, ასევე, გახსნა საკოორდინაციო ოფისი და აამუშავა ცხელი ხაზი აჭარაში, რითიც სცადა, გაეუმჯობესებინა როგორც სტანდარტული, ისე არასტანდარტული მანდარინის გასაღებისა და გადამუშავების პროცესი. ეს უკანასკნელი შეიძინა აჭარაში არსებულმა სამმა გადამამუშავებელმა საწარმომ, რომელთაგან ერთ-ერთი მთავრობის შეღავათიანი კრედიტის პროგრამით იყო დაფინანსებული.
გასულ წელს, მთავრობამ, ასევე, დაიწყო უაღრესად სუბსიდირებული სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის საპილოტო პროგრამა. 2014 წელს, სამი ძლიერი სეტყვის გამო, მანდარინის მოსავლის დიდი ნაწილი დაზიანდა, რამაც აიძულა სადაზღვევო კომპანიები, 1,8 მილიონი ლარი გადაეხადათ ფერმერებისთვის ზიანის ასანაზღაურებლად.
შესაძლებლობები გრძელვადიანი პოლიტიკისათვის
ალბათ, ამ ინიციატივების უმრავლესობა მიზნად ისახავს ფერმერებისა და გადამამუშავებელი კომპანიების დახმარებას მოკლევადიან პერიოდში. ამგვარი პოლიტიკა არ წარმოადგენს სტიმულს ქართული მანდარინის მწარმოებელი ფერმერებისთვის, მათ არ აქვთ მოტივაცია, გააუმჯობესონ მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხი ან სცადონ მანდარინისა და წვენების პრემიუმ-ბაზარზე შესვლა. ამდენად, ალბათ, მთავრობისთვის უფრო უპრიანი იქნებოდა, აქცენტი გააკეთოს უნარ-ჩვევებისა და ტექნოლოგიების განვითარებაზე, რაც ხელს შეუწყობს წარმოების, მოსავლის აღებისა და შემდგომი პროცედურების გაუმჯობესებას.
მაგალითად, აწ უკვე დასრულებული, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტი „ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა“ (EPI) სწორედ ამ მიზნების განხორციელებას ემსახურებოდა. საკუთარი გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოში მოწვეული იყვნენ სოფლის მეურნეობის ექსპერტები კალიფორნიიდან, მათ ჩაუტარეს ტრენინგი ქართველ ფერმერებს, თუ როგორ მოუარონ მანდარინის ხეს, გასხლან იგი, დაამუშავონ მიწა და შეიტანონ სასუქები, აიღონ მოსავალი და მოუარონ მას. კომერსანტში გამოქვეყნებული სტატიის (ხელმისაწვდომია ქართული ვერსია) მიხედვით, ამ ტრენინგის შემდეგ, რამდენიმე ფერმერმა პრაქტიკაში გამოიყენა ახალი ტექნოლოგიები და მიიღო უკეთესი მოსავალი. სხვაობა შეადგენდა 55-დან 100 კგ-მდე ერთ ხეზე. ეს ნაკლებია კალიფორნიის ნორმაზე, რომელიც შეადგენს 200 კგ-ს ერთ ხეზე, თუმცა ბევრად უკეთესია მოსავლის ამჟამინდელ საშუალო რაოდენობაზე, რომელიც დაახლოებით 35 კგ-ს შეადგენს. უფრო მეტიც, მანდარინის ხარისხი ბევრად გაუმჯობესდა – იყო უფრო დიდი ზომის და ჰქონდა უკეთესი ფორმა და შეფერილობა.
ცალკე ზომები შეიძლება გატარდეს მანდარინის დახარისხების, შენახვის, ტრანსპორტირებისა და გადამუშავების არსებული მეთოდების გაუმჯობესების თვალსაზრისითაც. მაგალითად, შეიქმნას ფერმერთა მარკეტინგული კოოპერატივები ან თუნდაც ექსპორტზე ორიენტირებული შემგროვებელი ცენტრები. მთავრობას, ასევე, შეუძლია კოორდინირება გაუწიოს კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომელთაც სურთ ახალ ბაზრებზე შესვლა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინასა და რუსეთს შორის ბოლო დროს მიმდინარე პროცესების ფონზე.
ამავდროულად, უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ ინიციატივას თავისი ფასი აქვს. როგორც გაეროს განვითარების ფონდისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის (UNDP/ENPARD) მიერ აჭარის სოფლის მეურნეობის შესახებ მომზადებული ანგარიში იუწყება: „მანდარინისგან განსხვავებით, ფულს ხე არ ისხამს. იმისთვის, რომ მოხდეს სოფლის მეურნეობის სფეროს სუბსიდირება, მთავრობამ უნდა დაბეგროს დანარჩენი ეკონომიკა“. პასუხგაუცემელი რჩება კითხვა, რომელია ამათგან ყველაზე მომგებიანი ინიციატივა გრძელვადიან პერსპექტივაში, ან სულაც, იქნებ არცერთი მათგანის განხორციელება არ ღირს?
შეუძლია თუ არა ქართული მანდარინის სექტორს მიაღწიოს მოსახელე ფილმის მსგავს წარმატებას?
გასულ წელს, საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან, რომელიც ქართველ ფერმერებს საშუალებას აძლევს, თავიანთი პროდუქცია გაიტანონ ევროპის ბაზრებზე, თუ ისინი დააკმაყოფილებენ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებულ მოთხოვნებსა და სტანდარტებს.
„ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის“ მიერ მოწვეულ ექსპერტს სჯერა, რომ, თუ ქართველი ფერმერები დანერგავენ ახალ ტექნოლოგიებს და ზუსტად გამოიყენებენ ტრენინგებზე მიღებულ ცოდნას, დაახლოებით ხუთ წელიწადში ქართული მანდარინის პლანტაციებს შეეძლება ევროპული ბაზრისათვის შესაფერისი პროდუქციის წარმოება. ეს საშუალებას მისცემს ფერმერებს, მიიღონ უფრო მეტი თანხა და, შესაბამისად, გაიუმჯობესონ ოჯახების კეთილდღეობა.
ბაზრებზე უკეთესი წვდომა პოლიტიკურადაც მომგებიანია. თუ აფხაზეთში მცხოვრებ ფერმერებს სურვილი ექნებათ, მიბაძონ აჭარასა და გურიაში მცხოვრებ ფერმერებს და განახორციელონ იგივე ცვლილებები თავიანთი პროდუქციის წარმოებასა და გასაღებაში, შესაძლოა, მათაც მოახერხონ ევროპულ ბაზარზე შესვლა. ეს, ერთის მხრივ, დაეხმარება ფერმერებს, მიიღონ უფრო მეტი თანხა საკუთარ პროდუქციაში, ხოლო ინტენსიურმა ვაჭრობამ, მეორეს მხრივ, შეიძლება ხელი შეუწყოს საქართველოსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობების დათბობას. იმედია, ამგვარი ვაჭრობა და გაუმჯობესებული ურთიერთობები თავიდან აგვაცილებს კიდევ ერთ ციტრუსის ომს, რაზეც მოგვითხრობს ორი ესტონელი ფილმში.
* * *
სტატია მომზადდა ევროკავშირთან, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და CARE ავსტრიასთან თანამშრომლობით, პროგრამის – „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის“ – ფარგლებში. სტატიის შინაარსი არის მხოლოდ ავტორების პასუხისმგებლობა და არ წარმოადგენს ევროკავშირის, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და CARE ავსტრიის პოზიციას.