განვითარების პრაქტიკოსთა დიდი ნაწილი იზიარებს მოსაზრებას, რომ სიცოცხლისუნარიანი მცირე და საშუალო საწარმოები არსებითია ქვეყნის ეკონომიკის სიჯანსაღისათვის. ამ არგუმენტის თანახმად, მცირე და საშუალო საწარმოების სექტორი გადამწყვეტია, რადგან ის ქმნის სამუშაო ადგილებს და არის სამეწარმეო ნიჭის კერა. დამატებით, მცირე და საშუალო საწარმოები ხშირად არის ახალი, სწრაფად მზარდი ინდუსტრიების წყარო, რაც ხელს უწყობს ფასების შემცირებისა და ხარისხის განვითარების კონკურენციას დიდ და ძველ კომპანიებთან, რომლებიც ბატონობენ ბაზარზე საქართველოს მსგავს პატარა ქვეყნებში.
მაგალითად, 2011 წლის რეპორტში, რომელიც Dalberg Global Development Advisors-მა მოამზადა ევროპის საინვესტიციო ბანკისთვის, პირდაპირ წერია, რომ „განვითარებად ქვეყნებში მცირე და საშუალო საწარმოები არის ეკონომიკური სისტემის ფუნდამენტური ნაწილი, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ზრდის, ინოვაციისა და კეთილდღეობის გაგრძელებაში“. თუ მცირე და საშუალო საწარმოების სექტორი ვერ მოახერხებს მსგავსი ფუნდამენტური როლის შესრულებას, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ:
„...მათ მკაცრად ეზღუდებათ წვდომა მათი ზრდისა და გაფართოებისთვის საჭირო კაპიტალზე. განვითარებადი ქვეყნების მცირე და საშუალო საწარმოების თითქმის ნახევარი კაპიტალზე წვდომას ასახელებს ძირითად ხელისშემშლელ ფაქტორად. მათ, შესაძლოა, მართლაც არ ჰქონდეთ წვდომა ადგილობრივი ბანკების ფინანსებზე ან იდგნენ ძლიერ არახელსაყრელი სასესხო პირობების წინაშე... ბანკებს განვითარებად ქვეყნებში, თავის მხრივ, აბრკოლებს მსესხებელთა შესახებ ინფორმაციისა და საკანონმდებლო მხარდაჭერის სიმწირე, რათა დაკავდნენ მცირე და საშუალო საწარმოების სექტორის სესხებით. საბოლოო შედეგი კი არის გამართულად მოქმედი სასესხო ბაზრის არარსებობა... რაც უარყოფითი შედეგია განვითარებადი ქვეყნების ინოვაციის, ეკონომიკური ზრდისა და მაკროეკონომიკური მოქნილობისთვის“.
თუ დაფინანსების ხელმისაწვდომობა მართლაც არის ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორი მსგავსი საწარმოების განვითარებისთვის, ლოგიკური პოლიტიკური დიაგნოზი იქნება სექტორის სუბსიდირება ან სხვა ფორმებით წახალისება.
საქართველოს მთავრობის მიერ სოფლის მეურნეობის მცირე და საშუალო საწარმოებისთვის 2012 წლიდან უზრუნველყოფილი „იაფი კრედიტი“ წარმოადგენს სწორედ ამ სახის პოლიტიკურ პასუხს.
ქართული მცირე და საშუალო საწარმოები: პატარა და არამზარდი
მაგრამ რა მოხდება, თუ აღმოჩნდება, რომ დაფინანსება არ არის შემაფერხებელი შეზღუდვა (როგორც ამას ამტკიცებს ქართველ ბანკირთა უმეტესობა პირად საუბრებში)? რა ხდება, თუ სანაცვლოდ, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას აფერხებს კარგი ახალი ბიზნეს-იდეების ან მენეჯერული უნარ-ჩვევების ნაკლებობა?
გამოდის, ასეთ შემთხვევაში სუბსიდიები (რომელიც ფინანსდება უფრო დიდი და წარმატებული ბიზნესებიდან ამოღებული გადასახადებიდან) ტყუილად იფლანგება. ამ შემთხვევაში ხეირობს არა სამუშაო ადგილები, ინოვიაცია ან პროდუქტიულობა, არამედ ზარალი.
მიუხედავად მათი სიმრავლისა, ამ ეტაპზე მცირე და საშუალო საწარმოები არიან ქართული ეკონომიკის შედარებით მცირე მოთამაშეები. 2012 წელს მათი წილი მთლიან ბიზნეს-ბრუნვაში მხოლოდ 17 % იყო. მათი წილი ბიზნესის სექტორის მთლიანი პროდუქტიულობის ღირებულებაში ოდნავ მაღალი, დაახლოებით, 18% იყო. ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ ქართულ მცირე და საშუალო საწარმოებს ახასიათებთ შედარებით მცირე სამუშაო პროდუქტიულობა, განსაკუთრებით, ყველაზე პატარა კომპანიებს.
იმისთვის, რომ გავიგოთ, თუ რატომ არ არის მცირე და საშუალო საწარმოები საქართველოს ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ძალა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მათი უმეტესობა დაკავებულია ძალიან შეზღუდული რაოდენობის, დაბალ-პროდუქტიული საქმიანობით, როგორიცაა, მაგალითად, ფერმერობა, დალაქობა, სავაჭრო და სატრანსპორტო მომსახურება და სხვ. სფეროები, რომლებშიც ზრდა საბოლოოდ შეზღუდულია.
მცირე და საშუალო საწარმოების თვითშეზღუდული ბუნება ცხადი გახდება, თუ გავაანალიზებთ თბილისის ტაქსის მომსახურების ბაზარს. რაც უფრო და უფრო მეტმა სოფლელმა დაიწყო თბილისში ტაქსის ტარება, ტაქსის ფასები იმდენად დაეცა, რომ ოდნავ თუ აღემატება დაბალპროდუქტიული სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებიდან მიღებულ შემოსავალს. ამან, შესაბამისად, ახალ მძღოლებს (და მათ დანჯღრეულ ჟიგულებს) შეუმცირა ან სრულიად გაუქრო ბაზარზე შემოსვლის სტიმული.
სწორედ ამ მიზეზის გამო მცირე და საშუალო საწარმოების სექტორის სესხებზე მომუშავე ისეთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, როგორიცაა, მაგალითად, (ყველაზე ცნობილი) Grameen Bank ბანგლადეშში, შეიძლება გახდნენ საკუთარი (საწყისი) წარმატების მსხვერპლნი. ტაქსის შემთხვევის მსგავსად, როგორც კი მსგავსი საწარმეობის რაოდენობა მიაღწევს კრიტიკულ ბარიერს, მათ მიერ დაწესებული ფასები ჩამოიშლება. შედეგი კი როგორც გამსესხლებლის, ისე მსესხებლისთვის, ერთი იქნება – კრახი.
ფსონი ძლიერის (და დიდის) სასარგებლოდ!
ამგვარად, არსებული თეორიისგან განსხვავებით, სწორედ დიდი ქართული კომპანიები არიან პასუხისმგებელნი სამუშაო ადგილების, ეკონომიკური ღირებულების შექმნაზე, და, რაც მთავარია, ექსპორტზე. უფრო მეტიც, ქართველ მწარმოებელთა მიერ მიღწეული ვერტიკალური ინტეგრაციის მასშტაბი და ხარისხი, როგორც ჩანს, გადამწყვეტ როლს ასრულებს მათ შემთხვევაში, გაუძლონ კონკურენციას ძალიან დიდ (და ხშირად სუბსიდირებულ) საერთაშორისო ბიზნესებთან, რაიმე სახის მნიშვნელოვანი სატარიფო ან არასატარიფო დაცვითი მექანიზმების არარსებობის პირობებში.
ამ თვალსაზრისით შესანიშნავი მაგალითია შპს ჩირინა, რომელიც ამჟამად ქვეყანაში მეფრინველეობის უმსხვილესი საწარმოა. სიმონ ეპლბისა და ერიკ ლივნის (Competitiveness of Georgian Agriculture: Investment Case Studies) ანგარიშის თანახმად, ჩირინა წარმოადგენს უნიკალურ გინფილდ-ინვესტიციას, რომელიც წამოიწყო, დააფინანსა და მართავს ბატონი რევაზ ვაშაკიძე, ქართულ-რუსული დიასპორის ცნობილი წარმომადგენელი. ბატონმა ვაშაკიძემ, რომელმაც თავისი კაპიტალი რუსულ ქიმიურ წარმოებაში მოღვაწეობით დააგროვა, გადაწყვიტა საკუთარი ქონების ნაწილი საქართველოში შემოიტანოს და ინვესტიცია ჩადოს თანამედროვე, სრულად ინტეგრირებულ მეფრინველეობის საწარმოში, რომელიც კონკურენციას გაუწევს იაფფასიან იმპორტირებულ პროდუქციას, რომელიც ქართულ ბაზარზე 2013 წლამდე დომინირებდა.
ჩირინა, რომელიც ისრაელის Agrotop-მა 2011-2013 წლებში დააპროექტა და ააშენა როგორც ციხე, არის უნიკალური ვერტიკალური კომპლექსი. მისი პროდუქტები – ახალი და გაყინული ქათამი, რომელიც ბიუბიუს ბრენდის სახელით იყიდება – უკვე იკავებს საქართველოს ფრინველის საერთო მოხმარების დაახლოებით 1/6-ს.
ჩირინა, რომელმაც 2015 წლის დასაწყისში გააორმაგა თავისი წარმოება, გახდება საქართველოს საკვების ინდუსტრიის უდიდესი მოთამაშე, შექმნის რა ასობით სამუშაო ადგილს, გააერთიანებს სოფლის მეურნეობის ქართველ მწარმოებლებს თავისი მიწოდების ქსელქვეშ, შეამცირებს ფასებს და გააფართოებს ქართულ ბაზარზე არსებული პროდუქტების რაოდენობასა და ხარისხს.
- თბილისიდან არც ისე შორს, გამარჯვებასა და სართიჭალაში განთავსებულმა საწარმომ მის საკვების გადამამუშავებელ ქარხანაში უკვე დაასაქმა 250 ადამიანი. ჩირინამ, რომელმაც 2015 წლის დასაწყისში დამატებით აამოქმედა ბროილერის ქარხანა, შეძლო, თითქმის გაეორმაგებინა საკუთარი წარმოება და გაყიდვები და ამავდროულად მკვეთრად გაეზარდა დასაქმებულთა რაოდენობა.
- საქართველოს სოციალური პოლიტიკის დღის წესრიგისთვის საყურადღებოა, რომ ჩირინა პირდაპირ უწყობს ხელს უამრავი დამატებითი სამუშაო ადგილის შექმნას, ზრდის რა სასოფლო-სამეურნეო ინგრედიენტებზე მოთხოვნას და ამცირებს საცალო პარტნიორების საჭიროებას, რომლებიც სწორედ მცირე და საშუალო საწარმოებია. მაგალითად, ჩირინას მარკეტინგისა და გაყიდვების სტრატეგია გულისხმობს ექსკლუზიურ თანამშრომლობას სადისტრიბუციო კომპანიებთან, რომლებიც მუშაობენ მოძრავი საცალო ჯიხურების მთელ არმიასთან.
- დაბოლოს, ჩირინა ზრუნავს ქართველი მომხმარებლების კეთილდღეობაზე, შეაქვს რა ბაზარზე ხელმისაწვდომი, მაღალხარისხიანი და ახალი ფრინველის ხორცი, რომელიც ანაცვლებს ბრაზილიიდან და თურქეთიდან შემოტანილ დაბალხარისხიან, მასობრივად წარმოებულ გაყინულ პროდუქტებს.
ჩირინას მაგალითი გვიჩვენებს, რომ განვითარების არსებული ნარატივისგან განსხვავებით, ტექნოლოგიური სიახლეების, სამუშაო ადგილების შექმნისა და მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების საქმეში საქართველოს წარმატების გასაღები შეიძლება ხელთ სწირედ დიდ, კარგად ინვესტირებულ საკვების გადამამუშავებელ და მწარმოებელ ბიზნესებს ეპყრათ. მოსაზრება, რომ საქართველომ უნდა მოახდინოს მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პრივატიზება (დიდი საწარმოების ხარჯზე) დაახლოებით იმას ჰგავს, ვირს ურემი წინიდან შეაბა.
ჩირინას მფლობელი, რეზო ვაშაკიძე საკმაოდ პირდაპირია ამ საკითხთან დაკავშირებით. მისი აზრით, საქართველოს მთავრობა აგრარულ პოლიტიკას იყენებს მისი სოციალური პოლიტიკის მიზნების განსახორციელებლად:
„მიმდინარე პოლიტიკა გულისხმობს მცირე მეწარმეთა მხარდაჭერას, რომლებიც მოსახლეობის თითქმის 50 პროცენტს წარმოადგენენ. მე მესმის ასეთი ქმედების პოლიტიკური მნიშვნელობა, მაგრამ ფერმერთა ამხელა მასის გადამზადება და სუბსიდირება აუცილებლად გამოიწვევს რესურსების გაფლანგვას. ჩემი აზრით, აქცენტი უნდა გაკეთდეს საშუალო და დიდ საწარმოებზე, რომლებიც გააერთიანებს მცირე ბიზნესებსა და მეწარმეებს თავიანთი მიწოდების ქსელში ან უზრუნველყოფენ ალტერნატიულ დასაქმებას გადამუშავებისა თუ მომსახურების სფეროში. სამწუხაროა, რომ ევროკავშირი და სხვა დონორები მხარს უჭერენ ასეთ მცდარ მიდგომას“.