
ISET ეკონომისტი

დღესდღეობით საქართველოში ტვინების გადინების რისკი სულ უფრო იზრდება. ბოლო წლებში კვალიფიციური პროფესიონალების, ახალგაზრდა მუშაკებისა და სტუდენტების მზარდი რიცხვი ტოვებს ქვეყანას უკეთესი ეკონომიკური შესაძლებლობებისა და სტაბილურობის ძიებაში. 1990-იანი წლებიდან, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქართველების ემიგრაციას ძირითადად ეკონომიკური ფაქტორები განაპირობებდა – სამუშაო ადგილების, მაღალი ანაზღაურების, უკეთესი სამუშაო პირობების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობების ძიება საზღვარგარეთ. ბოლოდროინდელმა პოლიტიკურმა კრიზისმა და ინსტიტუციურმა გამოწვევებმა კიდევ უფრო გააძლიერეა ეს ტენდენცია.
2023 წელს საქართველოდან სულ 163,480 ქართველი წავიდა ემიგრაციაში, 91,896 კი დაბრუნდა ქვეყანაში, რამაც გამოიწვია 71,584 ადამიანის წმინდა გადინება. ეს წარმოადგენს 54%-იან ზრდას 2022 წელთან შედარებით და 75.3%-იან ზრდას 2021 წელთან შედარებით, რაც ბოლო 12 წლის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე დიდი უარყოფითი მიგრაციული ბალანსია. 2012-დან 2023 წლამდე პერიოდში ქართველების კუმულაციურმა გადინებამ 942,717-ს მიაღწია, ხოლო მთლიანი შემოდინება 636,167-ს შეადგენდა, რამაც გამოიწვია მიგრაციის წმინდა დანაკარგი – 316,550 (საქსტატი, 2025). ეს ციფრები მოწმობს, რომ ემიგრაციის ტენდენცია გრძელდება, ამიტომ საგანგაშოა ქვეყნისთვის როგორც დემოგრაფიული მდგრადობა, ისე გრძელვადიანი ეკონომიკური და სოციალური შედეგები.
რა აიძულებს საქართველოს მაღალკვალიფიციურ მოქალაქეებს დატოვონ ქვეყანა და რატომ შეიძლება კიდევ უფრო დაჩქარდეს ეს ტენდენცია?
პირველ რიგში, ამის მიზეზი ქვეყნის გაურკვეველი მომავალია. კერძოდ, საქართველომ გადაუხვია ისტორიული და კონსტიტუციური ევროატლანტიკური კურსიდან, რომელიც ქვეყნის განვითარების, რეფორმების დღის წესრიგისა და ინსტიტუციური როლების ძლიერი საყრდენი იყო. ქვეყანამ შეშფოთება გამოიწვია ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე დემოკრატიის უკუსვლის, სამოქალაქო თავისუფლების, თავისუფალი ინსტიტუტების შეზღუდვისა და განსაკუთრებით ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების გამო. გლობალური დემოკრატიის ინდექსის უახლესი მონაცემების თანახმად, საქართველოში დემოკრატიის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუარესდა: ქვეყნის ქულა 0.51 პუნქტით შემცირდა და 94-ე ადგილიდან 2024 წელს 89-ე ადგილზე გადაინაცვლა. საქართველოს საერთო რეიტინგი ამჟამად 4.7-ს შეადგენს, რითიც ქვეყანა “ჰიბრიდული რეჟიმების" კატეგორიაში მოხვდა. ამ კატეგორიაში ხვდებიან ის ქვეყნები, რომლებიც 4.0-დან 5.99-მდე ქულას იღებენ. ამ შემცირებით საქართველო ამ კატეგორიის ქვედა ზღვარს მიუახლოვდა, რომლის შემდეგ კატეგორიაშიც ქვეყნები კლასიფიცირდებიან როგორც ავტოკრატიული რეჟიმები. აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიოს მასშტაბით, საქართველომ მეოთხე ყველაზე მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეგრესი დააფიქსირა ბანგლადეშის, ტუნისისა და ქუვეითის შემდეგ (Economic Intelligence Unit, 2024).
მეორე საკითხი უკავშირდება პოლიტიკური ნიშნით რეპრესიებისა და შერჩევითი სამართლის საფრთხეს. შემცირებულმა სამოქალაქო სივრცემ, პოლიტიკური შეხედულებების გამო პოლიტიკური დევნის რისკის ზრდამ და ახალი შეზღუდვების შემოღების შედეგად გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვამ შელახა საზოგადოების ნდობა ინსტიტუციების მიმართ. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებამ (და ახლა მსგავსი კანონის უფრო მკაცრი ვერსიის დაანონსებამ), დამოუკიდებელი მედიის ახალმა რეგულაციებმა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის კიდევ უფრო მეტი შეზღუდვის შემოღებამ გააჩინა შიში, რომ საქართველო სულ უფრო შორდება დემოკრატიულ საწყისებს.
მესამე საკითხი უკავშირდება ქვეყნის ეკონომიკური პერსპექტივებს სანქციებისა და ეკონომიკური მმართველობის შესუსტების რეალობაში. აღსანიშნავია, რომ ბიზნესის განწყობა COVID-19-ის პანდემიის შემდეგ (2020 წლის მეოთხე კვარტალიდან) ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, რაც ხაზს უსვამს უარყოფით მოლოდინებს ეკონომიკური პერსპექტივების, ბიზნესისა და საინვესტიციო კლიმატის მიმართ. ISET-ის ბიზნესის განწყობის ინდექსის (BCI) მიხედვით, 2025 წლის პირველ კვარტალში ინდექსი 2020 წლის შემდეგ პირველად დაეცა უარყოფით ნიშნულამდე (-5.0). ეს ცვლილება მიმდინარე მდგომარეობამ და პესიმისტურმა მოლოდინებმა განაპირობა, რაც პირველად მოხდა 2020 წლის მეოთხე კვარტლის შემდეგ. პესიმისტურ ეკონომიკურ პერსპექტივებზე ფიქრით მომხმარებლებმა შეამცირეს ხარჯები.
მეოთხე და არანაკლებ მნიშვნელოვანია ახალი შოკი შრომის ბაზარზე: მრავალი მაღალკვალიფიციური პროფესიონალი ეძებს სამსახურს იმის ფონზე, რომ არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ ინსტიტუტებში სამუშაო ადგილების რაოდენობა შემცირდა. (i) სამოქალაქო საზოგადოება: ე.წ. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის შემოღების შემდეგ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტები/არასამთავრობო ორგანიზაციები რთულ მდგომარეობაში არიან, ბევრმა ორგანიზაციამ შეამცირა ან შეაჩერა აქტივობები ახალი რეგულაციებისა და სახელმწიფო ჩარევის პროტესტის ნიშნად ან ადმინისტრაციული ზომების შიშით. ეს სექტორი თბილისსა და რეგიონებში ასაქმებდა ბევრ მაღალკვალიფიციურ ადამიანს, რომლებმაც ან უკვე დაკარგეს შემოსავალი და სამუშაო ადგილები, ან დგანან სამუშაოს დაკარგვის რისკის წინაშე; (ii) საჯარო ინსტიტუტები: ასობით თანამშრომელი გაათავისუფლეს ან არ გაუგრძელეს ხელშეკრულება საჯარო ინსტიტუტებში მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო. ამ მოვლენებმა, უცხოელი დონორების მხარდაჭერის (USAID და სხვ.) შემცირებასთან ერთად, კიდევ უფრო გააუცხოვა ახალგაზრდა პროფესიონალები, აკადემიური სექტორი და მეწარმეები, რომლებიც საქართველოში საკუთარ მომავალსა და პერსპექტივებს ვეღარ ხედავენ; (iii) დონორების მიერ დაფინანსებული პროექტები: USAID-ის "სამუშაოს შეჩერება" და მრავალი პროგრამის დახურვა ყველაზე დიდი მოულოდნელობა იყო ასობით მაღალკვალიფიციური პროფესიონალისა და ექსპერტისთვის, რომლებიც შრომის ბაზარზე გამოჩნდნენ ახალი შესაძლებლობების ძიებაში.
პოტენციური ტვინების გადინება უნდა გვაღელვებდეს. რატომ?
კვალიფიციური მუშაკების შენარჩუნებისა და იმიგრაციის წახალისების გარეშე, ქვეყანას შეიძლება გაუჭირდეს ეკონომიკური და სოციალური განვითარების და ევროატლანტიკური ორიენტაციის შენარჩუნება. მარტივად რომ ვთქვათ – ტვინების გადინება კიდევ უფრო დააზიანებს საქართველოს მდგრადობას.
პირველ რიგში, ტვინების გადინების ეკონომიკური შედეგები ღრმაა. კვალიფიციური პროფესიონალების დაკარგვა ამცირებს საქართველოს შესაძლებლობებს, რაც აუცილებელია ინოვაციების, მაღალი პროდუქტიულობისა და ეკონომიკური ზრდისთვის. გარდა ამისა, განათლებული ადამიანების გადინება – რომლებმაც ისარგებლეს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამებით – ადამიანურ კაპიტალში ჩადებული ინვესტიციის დაკარგვას ნიშნავს. კვალიფიციური სამუშაო ძალის შემცირება იმას ნიშნავს, რომ საქართველოს გაუჭირდება უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, რადგან კომპანიები, რომლებსაც მაღალკვალიფიციური თანამშრომლები სჭირდებათ, შეიძლება სხვა ქვეყნებში გადავიდნენ, სადაც შრომის ბაზარი უფრო სტაბილურია. ტვინების გადინება აფერხებს ეკონომიკის დადებით სტრუქტურულ ტრანსფორმაციასაც, რაც უფრო ართულებს სამუშაო ძალის გადასვლას დაბალპროდუქტიული სექტორებიდან მაღალპროდუქტიულ სექტორებში. ასეთ დროს ადამიანების პროფესიულ უნარებს შორის შეუსაბამობა იზრდება, რაც ბიზნესებისთვის უფრო რთულს ხდის ადეკვატურად კვალიფიციური მუშაკების პოვნას. ასეთ დროს მცირდება საჯარო სექტორის თანამშრომლების კვალიფიკაციაც, რაც, თავის მხრივ, ანელებს რეფორმებს და ზრდის ეკონომიკური და ინსტიტუციური სტაბილურობის რისკებს.
მეორე, არ შეიძლება დავივიწყოთ ტვინების გადინების დემოგრაფიული გავლენა. ემიგრაციაში წასულთა შორის ბევრია მაღალკვალიფიციური ახალგაზრდა, რაც არღვევს მოსახლეობის ასაკობრივ სტრუქტურას. დაბალი შობადობისა და დაბერებული სამუშაო ძალის პირობებში, საქართველო შეიძლება გრძელვადიანი ეკონომიკური სტაგნაციის რისკის წინაშე დადგეს, რადგან სამუშაო ძალის დეფიციტი უფრო მწვავე გახდება.
მესამე, სამოქალაქო სივრცე შეიძლება შემცირდეს პროევროპელი, პროდემოკრატიული, პროგრესული, განათლებული, კვალიფიციური პირების გადინებით, რაც კიდევ უფრო დააზიანებს ქვეყანაში დემოკრატიას ამ რთულ დროში.
საჭიროა, რომ აღდგეს ნდობა ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური ტრაექტორიის მიმართ და შეიქმნას ისეთი გარემო, სადაც ნიჭიერი ადამიანები საკუთარ ქვეყანაში დაინახავენ წარმატების მიღწევის შესაძლებლობებს.