შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

საქართველოს ევროპული მომავალი: პოლიტიკური პოლარიზაციის გადაჭრის პერსპექტივა
ხუთშაბათი, 28 მარტი, 2024

პოლიტიკური პოლარიზაცია ზიანს აყენებს საჯარო ინსტიტუტებისადმი ნდობას და პოლიტიკურ პროცესებს, უარყოფითად აისახება ეკონომიკურ განვითარებაზე, აფერხებს სოციალურ განვითარებასა თუ საზოგადოებრივ ურთიერთობებს და იწვევს დემოკრატიის დასუსტებას. პოლიტიკური პოლარიზაცია საქართველოში მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, ზიანს აყენებს დემოკრატიას და ქვეყნის სწრაფვას ევროინტეგრაციისკენ. სწორედ ამიტომ ევროკომისიამ პოლიტიკური პოლარიზაციის პრობლემის გადაჭრა იმ ცხრა დათქმას შორის დაასახელა, რომელიც საქართველომ ევროპისკენ წინსვლისთვის უნდა შეასრულოს.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ახალი მედია (დე)პოლარიზაციის ინდექსი არის პირველი მცდელობა, მანქანური სწავლების ინსტრუმენტის გამოყენებით ობიექტურად შეფასდეს ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაცია. კვლევამ აჩვენა, რომ 2020 წლიდან საქართველოში მედია პოლარიზაციის დონე მზარდია, 2024 წლის იანვარში კი მან ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ინდექსი მიუთითებს, რომ პოლარიზაციის დინამიკას პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოვლენები განსაზღვრავს. ინდექსი ასევე გვთავაზობს, რომ გარკვეული ფაქტორები ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებასაც ემსახურება. ეს იმგვარი ფაქტორებია, რომლის გარშემოც ხდება საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური მოთამაშეებისა და ინსტიტუციების დამოკიდებულების კონსოლიდაცია. ამის მაგალითია პანდემიის საწყისი ეტაპი 2020 წელს, როდესაც ვირუსის საფრთხეებსა და მოსალოდნელ ხიფათზე მოხდა საზოგადოებრივი ყურადღების კონცენტრაცია. კიდევ ერთ ასეთ ფაქტორად მოგვევლინა რუსეთის ომის ადრეული ეტაპი უკრაინაში 2023 წლის გაზაფხულზე, რომელმაც მთელი საქართველოს საზოგადოება უკრაინის მიმართ სოლიდარული გახადა.

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელმაც გამოიწვია პოლიტიკური პოლარიზაციის დინამიკის გაუმჯობესება, თან არა ერთხელ, არამედ – ორჯერ, იყო საქართველოს ევროინტეგრაცია. კერძოდ, ინდექსი მკვეთრად შემცირდა 2021 წლის აპრილ-მაისში, როდესაც ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აქტიურად იყო ჩართული საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაში. კერძოდ, ბატონმა მიშელმა იტვირთა შუამავლობა, რათა მთავარ პოლიტიკურ აქტორებს შორის შემდგარიყო მნიშვნელოვანი პოლიტიკური შეთანხმება (ე.წ. „შარლ მიშელის შეთანხმება“). მართალია, მისმა ძალისხმევამ პოლიტიკური პოლარიზაცია ვერ აღმოფხვრა და მიზანს სრულად ვერ მიაღწია, მაგრამ ფაქტია, რომ იმ მომენტში ქვეყანა პოლიტიკური ჩიხიდან გამოვიდა და ინდექსიც ასახავს ამ პოზიტიურ მოვლენას – ამ პერიოდში მედიის პოლარიზაციის დროებით შემცირებას და მედიასივრცეში მუხტის გარკვეულ განტვირთვას. ინდექსმა ევროპის ფაქტორთან დაკავშირებული მედიის პოლარიზაციის კიდევ ერთი კლება დააფიქსირა, კერძოდ 2023 წლის დეკემბერში, როდესაც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო. ამ მოვლენასთან დაკავშირებით მოსახლეობის, მედიის, პოლიტიკური და ინსტიტუციური აქტორების პოზიციები გადაიკვეთა და ინდექსი მედიის პოლარიზაციის კლებას გვიჩვენებს.

მთლიანობაში, ინდექსის მონაცემები იმ არსებითი დასკვნის გაკეთების საშუალებას გვაძლევს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შემაშფოთებელი დონის მიუხედავად, პოლარიზაციის შემცირება (ფრაგმენტულად) შეიძლება განაპირობოს ისეთმა მოვლენებმა, რომლებზეც საზოგადოებაში, პოლიტიკურ თუ ინსტიტუციურ აქტორებს შორის ერთსულოვანი კონსენსუსი არსებობს. ევროპის მხარდაჭერა ორჯერ უკვე მოგვევლინა ამგვარ ფაქტორად და დაეხმარა საქართველოს კრიტიკული გამოწვევების დაძლევაში. ქართველი პოლიტიკური და ინსტიტუციური აქტორებისათვის ეს იმის მინიშნებაა, რომ პოლარიზაციის პრობლემა შეიძლება გადაიჭრას ევროინტეგრაციის პროცესისთვის საჭირო რეფორმების გატარებისათვის ძალისხმევის კონსოლიდაციით. მიუხედევად იმისა, რომ პოლიტიკური პოლარიზაციის განმუხტვა რთულ ამოცანად გვესახება, გამოსავალი საქართველოს ევროპული მომავლის ფაქტორში უნდა ვეძებოთ.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა