შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

საგადასახადო ინსპექციის ჰუმანური სახე?
შაბათი, 14 ნოემბერი, 2015

მათე მოციქულის, როგორც გადასახადების ამკრეფის, საქმიანობა ალბათ ყველაზე მეტად საძულველი პროფესია იყო ძველ დროში. სამუშაოზე თავის დანებებისა და იესოს მიმდევრად გახდომით მათემ ალბათ ერთ-ერთი უდიდესი პიროვნული მეტამორფოზა განიცადა, რაც კი შეიძლება მოხდეს ადამიანის ცხოვრებაში. ცხადია, თანამედროვე გადასახადის ამკრეფებს იესოს გზით სიარულს ვერ მოვთხოვთ. თუმცა ექსპერიმენტულ ეკონომიკაში დაგროვილი ცოდნის გამოყენებით, მათ შეუძლიათ პროფესიის სოციალური სტატუსისა და პროფესიის მიმართ ნდობის ამაღლება, რაც თავის მხრივ გადასახადების შეგროვების გაუმჯობესებას გამოიწვევს როგორც საქართველოში, ისე დანარჩენ მსოფლიოში.

როგორც წინა სტატიაში განვიხილეთ,  2003 წლის რევოლუციის შემდეგ კორუფციის წინააღმდეგ გამოცხადებული ბრძოლისა და რეფორმების შედეგად საქართველოს საგადასახადო სისტემა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. შედეგად, ჩრდილოვანი ეკონომიკის ზომა ქვეყანაში შემცირდა, თუმცა არა ისე, როგორც მოსალოდნელი იყო. მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, თუ 1999 წელს საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი 68.3% იყო (შევარდნაძის მმართველობის ზენიტის წელი), 2007 წელს 62.1%-მდე შემცირდა (ვარდების რევოლუციიდან ოთხი წლისთავზე). ექვსი პროცენტი 8 წელიწადში მართლაც რომ წინსვლაა, თუმცა…

ჩრდილოვანი ეკონომიკის სიცოცხლისუნარიანობის ახსნა იმ მარტივი ფაქტორის გათვალისწინებით შეიძლება რომ ჩრდილოვანი ეკონომიკის მნიშვნელოვან ზომას მოქალაქეების მიერ გადასახადებისგან თავის არიდების გარდა მსხვილი ბიზნესების მიერ ლეგალური ხრიკების მეშვეობით საგადასახადო კანონმდებლობის გვერდის ავლა წარმოადგენს, რაც ოფშორულ ზონებში კომპანიის ფინანსების გადამისამართებისა და საგადასახადო ვალდებულებების შემცირების გზით ხდება. კანონმდებლობის ჩარჩოებიდან გაუსვლელობის გამო გადასახადების თავიდან არიდების ასეთ ფორმასთან ბრძოლა განსაკუთრებით ძნელი ხდება საგადასახადო ვალდებულებების ნებაყოფლობითი შესრულებისათვის საჭირო მოტივაციის არარსებობის პირობებში.

ნაკლები მათრახი, მეტი თაფლაკვერი 

ნებაყოფილობითი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაზრდის ერთი გზა შეიძლება იყოს მთავრობის მიერ საკუთარი რეპუტაციის გაუმჯობესება და სამოქალაქო მომსახურების ხარისხის ზრდა. თუ კომპანიებს (და მოქალაქეებს), ეცოდინებათ, რომ მათი სახსრები გამჭვირვალე და ეფექტური საგადასახადო ადმინისტრაციის გავლით საზოგადოებრივი კეთილდღეობის ამაღლებას ხმარდება, შეიძლება გადასახადების პატიოსნად გადახდის მეტი სურვილი გაუჩნდეთ.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გადასახადების გადახდის ნებაყოფლობითი ასპექტი უფრო ძლიერი იქნება დეცენტრალიზებული ფისკალური სისტემის პირობებში, რა შემთხვევაშიც ადგილობრივად მოკრეფილი გადასახადების ნაწილი მაინც დაიხარჯება ადგილობრივ ინფრასტრუქტურულ, საგანმანათლებლო და ა. შ. პროექტებზე. ძვირადღირებული საგადამხდელო კონსულტანტების დაქირავების ნაცვლად ადგილობრივმა ბიზნესებმა შეიძლება ადგილობრივ ბიუჯეტში დამატებითი თანხის გადახდა არჩიონ, თუ ისინი ამ აქტივობიდან მნიშვნელოვან სარგებლობას მიიღებენ. 

[გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად გვინდა აღვნიშნოთ, რომ ფისკალური დეცენტრალიზაცია (ფისკალური ფედერალიზმი) არ ნიშნავს ცენტრალიზებული საგადასახადო სისტემის მოშლას, რომლითაც საქართველო ასე ამაყობს. ამ შემთხვევაში იგულისხმება რაიონში აკრეფილი გადასახადებით ამავე რაიონში მიმდინარე საზოგადოებრივი პროექტების დაფინანსების შესაძლებლობა].

სამწუხაროდ, საქართველოს ფისკალური სისტემა ზედმეტად ცენტრალიზებულია, რაც ამცირებს ადგილობრივი მმართველობის სტიმულს, განავითაროს ადგილობრივი ბიზნესი. შედეგად, არც ადგილობრივი ბიზნესები ზრუნავენ რაიონულ თუ მუნიციპალურ ბიუჯეტში თანხების მობილიზებაზე და იდეებისა და ნოუჰაუს გაზიარებაზე. მაგალითად, სასტუმრო რუმზი არის გადასახადების ყველაზე დიდი გადამხდელი და მთავრობის მიერ კონტროლირებადი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის (სგწკ) ერთადერთი კლიენტი ყაზბეგის რაიონში. თუმცა რუმზის მიერ გადახდილი გადასახადები არ რჩება ყაზბეგში, რაც მარტივად ხსნის, თუ რატომ არის სასტუმროსთან მისასვლელი გზა საშინელ მდგომარეობაში და რატომ არაფერი არ მოიმოქმედა სგწკ-მ 2014 წლამდე ქრონიკული წყალმომარაგების პრობლემის მოსაგვარებლად, რასაც სასტუმროსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს შორის ურთიერთობის გაფუჭება მოჰყვა.  

ასეთი მიდგომა ნებაყოფლობითი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაზრდის მიზნით, რა თქმა უნდა, არ გამოდგება.

გამოვავლინოთ და დავსაჯოთ? ბრიტანეთის გამოცდილება

კომპანიები ზრუნავენ საკუთარ რეპუტაციაზე. სტარბაქსის, გუგლის და ამაზონის სახალხო დემონიზაციამ გადასახადებისთვის თავის არიდების გამო, ამ კომპანიების სწრაფვა გადასახადების მინიმიზაციისკენ მნიშვნელოვნად შეამცირა. როდესაც 2013 წლის მაისში UK Uncut-ის მსგავსმა აქტივისტებმა სტარბაქსის 40 კაფეში მჯდომარე აქცია მოაწყვეს, კომპანიის აღმასრულებელი ფინანსური დირექტორი იძულებული გახდა, ვრცელი ახსნა-განმარტებები გაეკეთებინა, კომპანიამ კი დიდი ბრიტანეთის კორპორატიული გადასახადების გადახდის შესახებ გადაწვეტილება მიიღო (პირველად 2008 წლის შემდეგ).  „ჩვენ არსად არაფრის მანიპულაციას არ ვეწევით და ვზრუნავთ ჩვენს მომხმარებელზე,“ – განმარტავდა კომპანია. 

რეპუტაციის შენარჩუნების უფრო ელეგანტური  მეთოდი წარმოადგინა ბრიტანულმა FairTax-მა. გადასახადებისგან თავის არიდებისთვის კომპანიების სახალხო დემონიზაციის ნაცვლად Fair Tax სოციალური პასუხისმგებლობისა და ეთიკური ქცევის მქონე კომპანიებს პოზიტიური სტიმულით აჯილდოებს. იმ კომპანიებს,  რომლებიც გადასახადების დეკლარირების, გადასახადების გადახდისა და გამჭვირვალობის ელემენტარულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ, Fair Tax სერთიფიკატს ანიჭებს. Fair Tax-ის სერთიფიკატის მიღების მთავარი სტიმული არის რეპუტაცია. როგორც ბრიტანეთის კოოპერატივების გენერალურმა მდივანმა, ედ მაიომ განაცხადა: „მომხმარებლები, რომლებიც გადამხდელებიც არიან, უპირატესობას ანიჭებენ ისეთ კომპანიებს, რომლებიც იხდიან იმდენს, რამდენიც ევალებათ“. Fair Tax-მა დიდი გამოხმაურება ჰპოვა ბრიტანეთში – 50-ზე მეტმა პარლამენტის წევრმა სახალხოდ დაუჭირა მხარი ამ იდეას. 2015 წელს, ენერგიისა და კომუნიკაციების კომპანია SSE, ლონდონის ბირჟაზე აქციებით მოვაჭრე ყველაზე მსხვილი 100 კომპანიიდან გახდა პირველი, რომელმაც წარმატებით გაიარა აპლიკაციის პროცესი და მიიღო Fair Tax-ის სერთიფიკატი.

საქართველოში გაზეთმა FINANCIAL-მა დაამკვიდრა კომპანიების კორპორატიული და სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში წარმატების წახალისების პრაქტიკა.  იქნებ დადგა დრო, გამოვავლინოთ და წავახალისოთ ის კომპანიები, რომლებიც სამართლიანად იხდიან გადასახადებს და ამ გზით მოვახდინოთ სოციალური ზეწოლა იმ კომპანიებზე, რომლებიც გადასახადებს თავს არიდებენ.  ბრიტანული Fair Tax მოხარული იქნები, ამ იდეის განხორციელებაში დაგვეხმაროს.

გადამხდელთა მორალური პასუხისმგებლობის გაღვივება: ნორვეგიის გამოცდილება…

ნორვეგიის ეკონომიკური სკოლის მკვლევრების, კრისტინა ბოტის, ალექსანდრე კაპელენისა და ერიკ სორენსენინის მიერ ახლახან ჩატარებულმა საველე ექსპერიმენტმა საგადასახადო კულტურის ამაღლების კიდევ ერთი განსხვავებული მიდგომა გამოავლინა. უცხოური საგადასახადო სისტემების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ნორვეგიის გადამხდელთა ავტორიტეტმა (ნგა) დაადგინა, რომ 2011 წელს ნორვეგიის საზღვრებს გარეთ გამომუშავებული შემოსავლის 51% დეკლარირება არ მომხდარა და დაახლოებით 22,000 მოქალაქემ არ გადაიხადა გადასახადები. ნგა-სთან თანამშრომლობით, ნორვეგიის ეკონომიკური სკოლის გუნდმა ორგანიზება გაუკეთა საველე ექსპერიმენტს ქვეყნის მასშტაბით, რომლის მიზანი იყო გადასახადების თავიდან არიდების მიზეზების კვლევა და გადასახადების გადახდაზე მორალური მოტივაციისა და გამაფრთხილებელი ინფორმაციის მიწოდების შედარებითი უპირატესობის გამოვლენა. 

ამისათვის ნგა-მა რვა სხვადასხვა ტიპის წერილი გაუგზავნა გადასახადის არგადამხდელებს. ამ კვლევის მთავარი შედეგი ის იყო, რომ მოქალაქეებმა, რომლებმაც მიიღეს მორალური არგუმენტების შემცველი წერილი (რომელიც შეიცავდა მთავრობის მიერ სამოქალაქო მომსახურების, ჯანმრთელობის, განათლებისა და მეცნიერული კვლევის დაფინანსების ამსახველ სურათებს), მნიშვნელოვნად გაზარდეს დეკლარირებული შემოსავლების რაოდენობა. ასევე მოიქცნენ ის მოქალაქეებიც, რომლებმაც მიიღეს წერილი, სადაც საგადასახადო ავტორიტეტის მიერ მოქალაქის მხრიდან გადასახადების თავიდან აცილების ფაქტის შესახებ ინფორმირებულობაზე იყო საუბარი. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მორალურ მოტივაციას ეფექტი აქვს ე. წ. შიდა საზღვარზე (რაც იწვევს დეკლარირებული შემოსავლის სიდიდის ზრდას), მაშინ, როდესაც დანაშაულში გამოჭერის შიში მოქმედებს ე. წ. გარე საზღვარზე, რაც იმ გადამხდელების წილს ზრდის, რომლებიც თუნდაც მცირე, მაგრამ დადებითი შემოსავლის დეკლარირებას ახდენენ.

…და საქართველო

ეს და სხვა შედეგები წარმოდგენილი იყო კიევში ევროპული კომისიის საერთო კვლევითი ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სახელწოდებით „როგორ გავზარდოთ საგადასახადო ვალდებულებების შესრულება – ახალი მეთოდები და იდეები ყოფაქცევითი ეკონომიკიდან“. კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს შემოსავლების სამსახურის უფროსი, გიორგი თაბუაშვილი და ISET-ის მკვლევარი, ლაშა ლანჩავა. კონფერენციაზე მიღებული შთაბეჭდილებებიდან გამომდინარე, ბატონმა თაბუაშვილმა საერთაშორისო ექსპერტებისა და ლაშა ლანჩავას დახმარებით გადაწყვიტა სხვადასხვა საკომუნიკაციო სტრატეგიების გამოცდა საქართველოში ნებაყოფლობითი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაზრდის მიზნით. 

შემუშავებულ იქნა ექსპერიმენტული კომუნიკაციის ორი სტრატეგია: 

i) მორალური შთაგონების წერილი, რომელიც ხაზს უსვამს გადასახადების გადახდის მნიშვნელობას ისეთი სამოქალაქო პროექტების დასაფინანსებლად, როგორიცაა პოლიცია, ჯანდაცვა, განათლება, პენსიები და სხვ. (მორალური ექსპერიმენტული პირობა);

ii) სატელეფონო კომუნიკაცია, რომლის დროსაც შემოსავლების სამსახურის აგენტი ატყობინებს გადამხდელს, რომ ის მოხვდა მონიტორინგის ჯგუფში და სთავაზობს დახმარებას საგადასახადო დოკუმენტების სწორად შევსებისთვის (სატელეფონო ექსპერიმენტული პირობა).

გადასახადებთან დაკავშირებული ლიტერატურის გათვალისწინებით, ეს ექსპერიმენტული პირობები გამოყენებულ იქნა ორი კატეგორიის გადამხდელთა მიმართ: ერთნი, რომლებიც არასდროს იხდიდნენ გადასახადებს (A ჯგუფი) და მეორენი, რომლებიც არასწორად ადეკლარირებდნენ საკუთარ შემოსავლებს (B ჯგუფი).

გადასახადის გადახდაზე ზემოაღნიშნული ექსპერიმენტული ჩარევის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის გამოსავლენად საჭიროა, დავრწმუნდეთ, რომ ის გადამხდელები, რომლებთანაც კონტაქტი მოხდა წერილის და ტელეფონის მეშვეობით (ექსპერიმენტული ჯგუფი), არიან მსგავსი იმ გადამხდელებისა, რომლებთანაც კონტაქტი არ მომხდარა (საკონტროლო ჯგუფი). უკანასკნელი პირობის შესრულების საუკეთესო ვარიანტია ექსპერიმენტული და საკონტროლო ჯგუფების შემთხვევითი შერჩევა. რადგან ამ შემთხვევაში შემთხვევით შერჩევას ადგილი არ ჰქონია, ლანჩავამ გამოიყენა ე.წ. Propensity Score Matching (PSM) მეთოდი საკონტროლო ჯგუფის შესარჩევად. ეს არის სტატისტიკური მეთოდი, რომელიც ახდენს დაკვირვებადი ცვლადების (როგორიცაა ასაკი, ოჯახის წევრების რაოდენობა, ოჯახის წევრების საშუალო შემოსავალი და დასაბეგრი სიმდიდრის ღირებულება) გამოყენებას, რათა მოახდინოს ექსპერიმენტულ ჯგუფში შემავალი გადამხდელების მსგავსი პიროვნებების მოძებნა საკონტროლო ჯგუფში. ექსპერიმენტის შედეგები ნაჩვენებია პირველ ცხრილში, რომელშიც შეჯამებულია ორი ექსპერიმენტის საშუალო ეფექტი ექსპერიმენტულ ჯგუფში მყოფ გადამხდელებზე (ATT). 

ცხრილი 1. საშუალო ექსპერიმენტული ეფექტი (ATT).

ექსპერიმენტული პირობა ყველა A ჯგუფი (გადასახადების არგადამხდელები) B ჯგუფი (გადასახადების არგადამხდელები)
  #დაკვირვება ATT #დაკვირვება ATT #დაკვირვება #ATT
მორალური 103 44.71* 77 64.48* 27 -18.10
სატელეფონო 136 58.20* 100 67.24* 28 14.80

შენიშვნა: * მიუთითებს 1%-იან მნიშვნელობის დონეს.

როგორც ვხედავთ, მორალურ და სატელეფონო ჩარევას ჰქონდა დადებითი და მნიშვნელოვანი ეფექტი გადასახადების გადახდაზე, რამაც, შესაბამისად, 64 და 67 ლარი შეადგინა A ჯგუფის გადამხდელებში. საინტერესოა ის ფაქტი, რომ არცერთ ექსპერიმენტულ ჩარევას A ჯგუფის გადამხდელებში შედეგი არ ჰქონია. ძირითადი შედეგი არის ის, რომ მორალური და სატელეფონო კომუნიკაცია მუშაობს გარე საზღვარზე, მოქმედებს მათზე, ვინც გადასახადებს არ იხდიდა. ერთი დამატებითი დაკვირვება ისაა, რომ მორალურ ჩარევას ისეთივე შედეგი აქვს, როგორც სატელეფონო კომუნიკაციას – ორი ეფექტი ერთმანეთისგან სტატისტიკურად განურჩეველია.

ეს შედეგები ცხადად ამართლებს საქართველოში საგადასახადო კულტურის ამაღლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში გაწეულ ძალისხმევას. გამოყენებული კომუნიკაციის მეთოდები ხარჯეფექტურია და ამასთანავე პიროვნული თავისუფლების მაქსიმალური დაცვით ხორციელდება. იქიდან გამომდინარე, რომ კომუნიკაცია გარკვეულ ხარჯებთან მაინცაა დაკავშირებული, მიღებული შედეგების საფუძველზე შემოსავლების სამსახურს შეიძლება რეკომენდაცია გაეწიოს, რომ მომავალში კომუნიკაცია მიმართოს A ჯგუფის გადამხდელებზე.

დაბოლოს, საქართველოს მართმადიდებელ ეკლესიას, როგორც ყველაზე პატივსაცემ ინსტიტუტს ქვეყანაში, შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს მრევლში საგადასახადო მორალის ამაღლების კუთხით, თუ ის გაორმაგებული ძალისხმევით იქადაგებს ქრისტეს სწავლებას: „მიეცი კეისარსა კეისრისა“. ეს მესიჯი განსაკუთრებით წარმატებული მაშინ იქნება, თუ კეისარი (ამ შემთხვევაში ქართველი გადასახადების შემგროვებელი) ისწავლის ყოფაქცევით ეკონომიკას და ჰუმანური სახით წარსდგება გადამხდელების წინაშე.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა