შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

ინოვაცია იწყება აქ და ახლა... ლისის ტბის სათბურებში
ორშაბათი, 30 ნოემბერი, 2015

სირთულე მდგომარეობს არა ახალი იდეების შექმნაში, არამედ ძველებისგან თავის დაღწევაში, – ჯონ მეინარდ კეინზი

ინოვაცია მხოლოდ სილიკონის ველის მაღალი ტექნოლოგიების სტარტაპებს არ გულისხმობს. ის შეიძლება მოხდეს აქ და ახლა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ლიბერალი პოლიტიკოსები საწინააღმდეგოს ამტკიცებენ, ქართულ სოფლის მეურნეობაში ინოვაციებისთვის უამრავი შესაძლებლობა არსებობს! 

ნინა პეტროვა-ძნელაძის ლისის ტბის სათბურები არის 0.6 ჰექტარზე გაშენებული  საოჯახო მეურნეობა, რომელშიც ხილისა და ბოსტნეულის სამი საშუალო ზომის სათბურია. ვინმეს შეიძლება ეგონოს, რომ საქართველოში უამრავი ასეთი სათბურია, მაგრამ ეს სათბური ბევრი რამით განსხვავდება დანარჩენებისგან. ის საკმაოდ ინოვაციურია როგორც წარმოების, ისე ტექნოლოგიების თვალსაზრისით.

ზოგიერთ პროდუქტს (მაგ.: შავი პომიდორი) ქართულ სამზარეულოში ვერ ნახავთ, რაც უკვე ხსნის ნინა პეტროვა-ძნელაძის სათბურთან არსებული ხილისა და ბოსტნეულის პატარა მაღაზიის პოპულარობას  ქართველ და საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მომხმარებლებში, რომელთაც უყვართ სიახლეების გასინჯვა. მათ შორის არიან კარგად ცნობილი სახეები, პარლამენტარები და მთავრობის სხვა წარმომადგენლები. გარდა ამისა, ლისის ტბის მეურნეობის ყველა პროდუქტი (მათ შორის ვაშლი, პომიდორი და კიტრი) ორგანულია და მალე მიენიჭება სერთიფიკატი, რომელიც გამოარჩევს მათ თბილისის ბაზრებში არსებული პროდუქტებისგან. თქმაც არ არის საჭირო, რომ ასეთი ინოვაციური წარმოება ამართლებს, რადგან უკეთეს და განსხვავებულ პროდუქტს აქვს აშკარა მარკეტინგული უპირატესობა!

ნინა პეტროვა-ძნელაძის ინოვაცია ამით არ შემოიფარგლება. მისი ბიზნეს-მოდელი გულისხმობს არა მხოლოდ ახალი პროდუქტების მოყვანას, არამედ სათბურების ტექნოლოგიებით აღჭურვას. ძვირადღირებული გაზისა და ელექტროენერგიის ნაცვლად ლისის ტბის სათბურები ზამთარში ბუნებრივი თერმული წყლებით თბება, რაც საქართველოში უხვად მოიპოვება. თუ გავითვალისწინებთ საჭირო ელექტროენერგიის რაოდენობას, გათბობის ხარჯები გადამწყვეტია სასათბურე მეურნეობაში. ნინას მოხერხებამ, ეპოვა ინოვაციური და ეფექტური გამოსავალი, ცხადია, განსაზღვრა მისი კომერციული წარმატება.

სამწუხაროდ, ქართულ სოფლის მეურნეობაში ინოვაცია ჯერ კიდევ გამონაკლისი უფროა, ვიდრე ნორმა ქართულ სოფლის მეურნეობაში (და ზოგადად ეკონომიკაში). ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქართველოს სოფლის მეურნეობა ჯერ კიდევ ძალიან ტრადიციულია ტექნოლოგიებისა და პროდუქტების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ტრადიციულ სოფლის მეურნეობასაც შეუძლია მრავალი გზით საკუთარი თავის გადახალისება. კარგი მაგალითია ცხვრების (და არა თხების!) გამოყენება ატმისა და თხილის პლანტაციებში (ეს აღმოჩნდა ცხოველების გამოკვებისა და მცენარეების  მოყინვისგან დაცვის, მიწის განოყიერებისა და სარეველასგან გაწმენდის შესანიშნავი გზა). ქართველი გლეხების უმრავლესობას ამოძრავებს არა ინოვაციებისადმი ინტერესი, არამედ ძველი ქართული ანდაზა „გაჭირვება მაჩვენე, გაქცევას გაჩვენებო“. საქართველოს სჭირდება უფრო სისტემური მიდგომა ახალი იდეების აღმოცენების, კომერციალიზაციისა და პოპულარიზებისადმი. იდეების, რომლებიც ხელს უწყობს ქვეყნის ძლიერ მხარეებსა და გემოვნებას და ამარცხებს მის სისუსტეებს.

საქართველოს ინოვაციების პოტენციალი მსოფლიო რუკაზე

ქართველი ერი ამაყობს თავისი შემოქმედებითა და არტისტული ნიჭით, თუმცა ჯერ კიდევ ვერ მოვახერხეთ ამ ნიჭის რეალურ ინოვაციად ქცევა, რასაც საქართველოს საერთაშორისო რეიტინგებიც ადასტურებს. ასე, მაგალითად, 2015 წლის მსოფლიო ინოვაციის ინდექსში საქართველო 73-ე ადგილზეა 141 ქვეყანას შორის. კერძოდ, საქართველოს უკავია 67-ე ადგილი Innovation Input Sub-index-ში და 86-ე ადგილი Output Sub-Index-ში. ამ ორ კომპონენტს შორის სხვაობა ნიშნავს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში განვითარდა უმაღლესი განათლება, შედარებით ნაკლები ინვესტიცია ხდება კვლევასა და განვითარებაში ე. წ. R&D-ში, რაც ინოვაციის კულტურის უმთავრესი კომპონენტია.

სამწუხაროდ, როდესაც საქმე ეხება ინოვაციას (რომელიც შეიძლება გულისხმობდეს უკვე არსებული ტექნოლოგიების დანერგვას, წარმოების უკეთესი მეთოდების გადმოღებას, რაც ახალია საქართველოსთვის და არა მაინცდამაინც მსოფლიოსთვის), საქართველო ჯერ კიდევ ჩამორჩება მეზობელ რუსეთს, თურქეთსა და სომხეთს, თუმცა უსწრებს ნავთობით მდიდარ აზერბაიჯანს.

ცხრილი #1. საქართველოს რეიტინგი მეზობლებთან შედარებით
ქვეყანა რეიტინგი
რუსეთის ფედერაცია 48
თურქეთი 58
სომხეთო 61
საქართველო 73
აზერბაიჯანი 93

საქართველოს შედარებით დაბალი რეიტინგი მიანიშნებს ცვლილებების საჭიროებაზე. 2014 წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (Innovation and Technology Agency – GITA) შექმნა სწორი მიმართულებით გადადგმული ერთი ნაბიჯი იყო. 2015 წლის იანვარში ამას მოჰყვა კვლევებისა და ინოვაციის ეროვნული საბჭოს შექმნა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.წყარო: მსოფლიო ინოვაციების ინდექსი, 2015 წელი

რა თქმა უნდა, საქართველოს ამოცანაა, გასცდეს ისეთ ფორმალურ ნაბიჯებსა და ერთჯერად ინოვაციურ აქტივობებს, როგორიცაა „ინოვაციური ბანაკები“ და ბრჭყვიალა „კონკურსები“. ცხადია, ასეთი ღონისძიებები ინოვაციის „ღირებულებათა ჯაჭვის“ მნიშვნელოვანი რგოლია, მაგრამ ჩვენ მთლიანი ჯაჭვი გვჭირდება, რომელიც აერთიანებს საგანმანათლებლო (სკოლის მოსამზადებელი პროგრამები, სკოლები, უნივერსიტეტები) ლაბორატორიებს, სადაც ახალ იდეებს გამოცდიან, და კავშირებს ინვესტორებსა და ინდუსტრიებთან (კომერციალიზაციის მხარდასაჭერად).

მაგალითად, 2015 წლის აგვისტოში GITA-ის მიერ ორგანიზებულმა ინოვაციების ბანაკმა საშუალება მისცა 16-32 წლის 32 ახალგაზრდა გამომგონებელს, წარმოედგინა თავისი იდეები, შეექმნა პროტოტიპები (ადგილობრივი თუ საერთაშორისო ექსპერტების ზედამხედველობით), დაემყარებინა კავშირები და შეჯიბრებოდა კონკურსის სხვა მონაწილეებს. მაგრამ რამდენად შეძლებენ ეს ახალგაზრდა გამომგონებლები საკუთარი საქმის გაგრძელებასა და წარმატების მიღწევას, დამოკიდებული იქნება ტრენინგების, დაფინანსებისა და ინსტიტუციური მხარდაჭერის სისტემების არსებობაზე, რომელთაც ისინი მომავალში უნდა დაეყრდნონ. კიდევ ერთი დაბრკოლება არის ქართული განათლების სისტემა, რომელმაც, წესით, უნდა აღზარდოს სულ უფრო მეტი ახალგაზრდა გამომგონებელი თბილისსა თუ სხვა, შედარებით ნაკლებად პრივილეგირებულ რეგიონებში.

რა აიძულებთ ფერმერებს, შექმნან ინოვაციური პროდუქტები?

ფერმერები თავად ქმნიან ინოვაციურ პროდუქტებს თუ ნერგავენ არსებულ ტექნოლოგიებს, შედეგი ერთია: სასოფლო-სამეურნეო პროდუქტიულობის, შემოსავლებისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ზრდა. მაგრამ რა უბიძგებს ფერმერებს სიახლეებისკენ? ერთსა და იმავე პირობებში რატომ ქმნის ერთი ფერმერი სიახლეს, მეორე კი არა? რა საერთო აქვთ ზოგადად ნოვატორ ფერმერებს? რამდენად მნიშვნელოვანია ინფორმაციასა და დაფინანსებასთან დაკავშირებული დაბრკოლებები? ფერმერები ინდივიდუალურად უკეთ ქმნიან სიახლეებს თუ ჯგუფურად?

ლიტერატურა ბევრ მნიშვნელოვან აღმოჩენას გვთავაზობს. ინოვაცია, ცხადია, კავშირშია ფერმერების პიროვნულ თვისებებთან, ხელმისაწვდომ რესურსებთან, საბაზრო და ინსტიტუციურ გარემოსთან. ის ცდისა და შეცდომების პროცესია და, შესაბამისად, არსებითად სარისკოა. კვლევებმა აჩვენა, რომ გაჭირვებულ ფერმერებს გარისკვა არ უყვართ და აჭიანურებენ სოფლის მეურნეობაში ტექნოლოგიების დანერგვას. მათ შორის ნოვატორები, როგორც წესი, უფრო ახალგაზრდა და უკეთ განათლებულები არიან. როგორც ირკვევა, ინოვაციებს ნერგავენ ფერმერები, რომელთაც მიაღწიეს წარმატებას თავიანთ გარემოში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,  მეზობელი, რომელმაც  წარმატებით შემოიღო ახალი პროდუქცია ან ინოვაციური წარმოების ტექნოლოგია, არის საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო ექსტენციონისტი მუშაკი!

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა არის ის, რომ უფრო მდიდარი ფერმერები, რომლებიც უკეთ ინფორმირებულები არიან და აქვთ უკეთესი წვდომა ფინანსურ რესურსებზე, უფრო ხშირად ნერგავენ ახალ ტექნოლოგიებს. თუმცა მცირე მიწის მფლობელებიც ხშირად აკეთებენ მცირე ცვლილებებს წარმოებასა თუ მარკეტინგში. ასეთი მცირე ცვლილებებიც კი შეიძლება გარდამტეხი აღმოჩნდეს ღარიბი ფერმერებისთვის. მსგავსი მცირემასშტაბიანი ინოვაციის წახალისების ერთ-ერთი გზა შეიძლება იყოს დონორების/მთავრობის ფინანსურ დახმარებასა და იაფ, ადვილად ასათვისებელ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ტექნიკურ მხარდაჭერაზე ორიენტირება. სლოგანი „პატარა ცვლილება არის მნიშვნელოვანი ცვლილება“ შეიძლება სასარგებლო იყოს მცირე მიწის მფლობელთა შორის ღირებულებათა ჯაჭვში „ქვემოდან ზემოთ“ ინოვაციის წასახალისებლად.

დაბოლოს, კვლევები, ასევე, აჩვენებს, რომ ფერმერები უფრო მეტ სიახლეს ნერგავენ, თუ ინტეგრირებულნი არიან ღირებულებათა ჯაჭვებში და აქვთ უსაფრთხო წვდომა ბაზარზე. მეტიც, ნოვატორთა უმრავლესობა არის ჯგუფის წევრი და არა ინდივიდუალური „გენიოსი“. დარისა და პრეტშის (2006 წ.) კვლევა ადასტურებს, რომ ინფორმაციის ინტენსიური გაცვლა და თანამშრომლობა ჯგუფის წევრებს შორის აჩქარებს ინოვაციასა და მის გავრცელებას. ნვაკვომ და სხვებმა (2009 წ.), ოდომენემმა და ობინმა (2010 წ.), კოლადმა და ჰარპმენმა (2014 წ.) დაამტკიცეს, რომ კოოპერატივის წევრობა დადებით გავლენას ახდენს მცირე მიწის მფლობელების მიერ ტექნოლოგიების დანერგვაზე.

ღირებულებათა ჯაჭვში ფერმერების ინტეგრაცია და ფერმერული თანამშრომლობის წახალისება არის საქართველოს მთავრობის აგრარული პოლიტიკის უმთავრესი კომპონენტები. თუმცა პოლიტიკას არ მივყავართ ინოვაციებსა და  სოფლის მეურნეობის გაზრდილ პროდუქტიულობასთან ნინა პეტროვა-ძნელაძის მსგავსი ახალგაზრდა, განათლებული და ნოვატორი ლიდერების გარეშე.

* * *

სტატია მომზადდა ევროკავშირთან, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და CARE ავსტრიასთან თანამშრომლობით, პროგრამის – „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის“ – ფარგლებში. სტატიის შინაარსი არის მხოლოდ ავტორების პასუხისმგებლობა და არ წარმოადგენს ევროკავშირის, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და CARE ავსტრიის პოზიციას.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა