შეავსე ფორმა
Logo

შესავალი

წყლის ხარისხი 21-ე საუკუნეში გლობალურ პრობლემად იქცა. გაეროს მდგრადი განვითარების მე-6 მიზნის მონაცემების თანახმად, მსოფლიოში საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლების მხოლოდ 56% იფილტრება. მიუხედავად ამისა, ქვეყნების უმრავლესობა (განსაკუთრებით კი განვითარებადი ქვეყნები) რეგულარულად არ აგროვებს წყლის ხარისხის შესახებ მონაცემებს. ეს ნიშნავს, რომ თითქმის სამი მილიარდი ადამიანის ჯანმრთელობა პოტენციურად საფრთხის ქვეშაა. გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის შეფასებით, მოსახლეობის სწრაფი ზრდა, ურბანიზაცია, გაზრდილი ეკონომიკური აქტივობა, სოფლის მეურნეობის სექტორის გაფართოება და ღია წყლის ობიექტებში ჩაშვებული დაუმუშავებელი კანალიზაციის რაოდენობის შესამჩნევი ზრდა ზედაპირული წყლების დაბინძურების საგანგაშო ზრდის მთავარი მიზეზია (2016). უფრო მეტიც, ამ ანთროპოგენური ზემოქმედებით გამოწვეული, წყალთან დაკავშირებული მომავალი პრობლემები შესაძლოა გამოწვეული იყოს კლიმატის ცვლილებით, რაც, თავის მხრივ, წყლის ტემპერატურის ზრდას, მყინვარების დნობას, წყლის ციკლის შეფერხებას და კატაკლიზმებს გამოიწვევს. შესაბამისად, ამ ყველაფერმა ერთად, შესაძლოა, მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა იქონიოს ადამიანის ჯანმრთელობაზე წყლით გადამდები დაავადებების გავრცელებით.

სიტუაცია საქართველოში

ზედაპირული წყლების დაბინძურება მნიშვნელოვანი პრობლემაა საქართველოში, განსაკუთრებით, ისეთ ურბანიზებულ ქალაქში, როგორიც თბილისია. მტკვარი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მდინარეა. საქართველოში, მდინარე მტკვრის აუზის ნაწილში, წყლის ძირითადი მომხმარებლები არიან ფერმერები, სამრეწველო სექტორი, მუნიციპალიტეტები და ენერგეტიკის სექტორი. მიუხედავად ამისა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (2019) მონაცემებით, დაბინძურების მთავარი წყარო მუნიციპალური ჩამდინარე წყლებია, რომლებიც ქალაქების მიმართულებით ნაკადის მქონე მდინარეებს ორგანული ნივთიერებებით, მყარი ნაწილაკებით, ამიაკით, სარეცხი საშუალებებითა და სასუქების მრეწველობის ნიტრატებით აბინძურებს. 

წყლის დაბინძურების გამომწვევი კიდევ ერთი მიზეზი არის ჩამდინარე წყლების გამწმენდი სადგურების ნაკლებობა. გარდაბანში ამჟამად მხოლოდ ერთი გამწმენდი სადგურია, რომელიც მხოლოდ პირველად მექანიკურ წმენდას ატარებს და ემსახურება თბილისისა და რუსთავის მუნიციპალური ჩამდინარე წყლების გაწმენდას. უფრო მეტიც, თბილისში არსებული საკანალიზაციო სისტემები და ჩამდინარე წყლების გამწმენდი სადგურები მე-20 საუკუნის შუა პერიოდშია აშენებული. როგორც ავტორები ტაბატაძე და სხვ. (2016) აღნიშნავენ, საკანალიზაციო სისტემის ძირითადი ნაწილი არც კი არის მიერთებული კოლექტორზე და ამიტომ კანალიზაცია პირდაპირ მდინარე მტკვარში ჩაედინება.

OECD-ის 2021 წლის ანგარიში ხადყოფს, რომ გაუფილტრავი საკანალიზაციო წყლები დაბინძურების გამომწვევი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ბოტკინი (ჰეპატიტი ა) და ტიფი კვლავ  ვრცელდება გაუფილტრავი კანალიზაციის წყლის მოხმარების გამო.

ამონიუმი

მდინარე მტკვრის თბილისის ნაწილი ძირითადად ამონიუმით (ამონიუმის იონი) არის დაბინძურებული. „გაეროს ეკონომიკური კომისია ევროპისთვის“ (UNECE)-ს ერთ-ერთი ანგარიშის თანახმად, 2009-2015 წლებში ამონიუმის კონცენტრაციის მაჩვენებელი რამდენჯერმე აღემატებოდა ადამიანის ჯანმრთელობისა და წყლის ეკოსისტემების შენარჩუნების ევროკავშირის უსაფრთხოების სტანდარტით დადგენილ მაჩვენებელს. წყალში ამონიუმის მაღალი დონე ორგანული ნაერთების არსებობაზე მიუთითებს, რომელთა უმეტესობა გაუფილტრავი საკანალიზაციო ნარჩენებისგან მოდის. საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი დადგენილებით, ამონიუმის აზოტის მაქსიმალური ერთჯერადი კონცენტრაციის (MAC) მაჩვენებელი 0,4 მგ/ლ-მდეა, თუმცა 2009-2015 წლებში დაფიქსირებული რეალური საშუალო დონე ამ მაჩვენებელს აღემატება.

ორგანული ნარჩენებით დაბინძურება

მდინარეში მიკროორგანიზმების და ორგანული ნარჩენების შემცველი დიდი მოცულობის ჩამდინარე წყლების ჩადინება იწვევს მდინარის წყლის ხარისხის ქიმიური და ბიოლოგიური მაჩვენებლების გაუარესებას, არღვევს წყლის ეკოსისტემების ბიომრავალფეროვნებას და იწვევს მიკრობიოლოგიურ დაბინძურებას. წყალში ორგანული ნივთიერებების დონე განისაზღვრება ბიოლოგიური ჟანგბადის მოთხოვნით (BOD). აღნიშნული მაჩვენებელი გვაწვდის ინფორმაციას ორგანული ნივთიერებების დაშლის შემდეგ წყალში ჟანგბადის საკმარისი დონის არსებობის შესახებ. საშუალოდ, ევროკავშირის დაუბინძურებელი მდინარეების ბიოლოგიური ჟანგბადის მოთხოვნის (BOD) მაჩვენებელი 1 მგ/ლ-ზე ნაკლებია. ხოლო 2009-2015 წლებში მდინარე მტკვრის გასწვრივ, ოთხ სხვადასხვა წერტილში გაზომილი ბიოლოგიური ჟანგბადის მოთხოვნის (BOD) წლიური კონცენტრაცია მნიშვნელოვნად აღემატებოდა 1 მგ/ლ-ს. საინტერესოა, რომ ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით, ბიოლოგიური ჟანგბადის მოთხოვნის (BOD) მაქსიმალური ერთჯერადი კონცენტრაციის (MAC) მაჩვენებელი ოდნავ აღემატება 5.5 მგ/ლ-ს, რაც წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე წითელი ჰორიზონტალური ხაზით. ამრიგად, ჯერ კიდევ საჭიროა მდინარის ქიმიური და ბაქტერიოლოგიური მონიტორინგი და თანმიმდევრული, კომპლექსური კვლევა შემდგომი მონაცემების მოპოვებისა და, ამავდროულად, წყლის რესურსების მართვის საწყისი გეგმის კორექტირებისთვის.

გრაფიკი 2. ჟანგბადის ბიოქიმიური მოხმარება საშუალო წლიური კონცენტრაციის მაჩვენებელი მდინარე მტკვარში 2009-2015 წლებში

წყარო: გაეროს ეკონომიკური კომისია ევროპისთვის (2015); სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (SEA) საპილოტე პროექტი საქართველოში: SEA-ს ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგია (2016-2030); და 2017-2020 წწ სამოქმედო გეგმა.

სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო ნარჩენებით დაბინძურება

დაბინძურება, რომელიც, ძირითადად, სასუქებისა და პესტიციდების დიფუზური გავრცელებითაა გამოწვეული, სერიოზული პრობლემაა სოფლის მეურნეობის სექტორშიც. ნიადაგში მინერალიზაცია გავლენას ახდენს მოსავლიანობაზე იმდენად, რამდენადაც მაღალი მინერალიზაცია ხელს უშლის მცენარეთა მიერ საკვები ნივთიერებების და წყლის შეწოვას. სასოფლო-სამეურნეო კულტურების უმეტესობა მგრძნობიარეა მინერალების მიმართ, რაც მთლიანი მოსავლის 20-50%-ის განადგურებას იწვევს. მინერალიზაციის მაღალი დონით გამოწვეული პრობლემები ყველაზე გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო ფართობის დაახლოებით 40%-ია. მდინარე მტკვრის ტერიტორიაზე არსებული ნიადაგის დაახლოებით 10% განიცდის მინერალიზაციას (სოფლის მეურნეობის სამინისტრო & საქართველოს მელიორაცია, 2017-2025).

საქართველოს მდინარეების დაბინძურებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მძიმე მეტალები. ზოგიერთი მათგანი ტოქსიკურიც კი არის[1] და მტკვარში ჩაედინება ინდუსტრიულ ნარჩენებთან ერთად. 2009-2015 წლებში მეტალურგიული და ქიმიური ქარხნებიდან მდინარეში ჩამდინარე ნარჩენებში ლითონის შემცველობა 100-ჯერ აღემატებოდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ მაქსიმალურ ერთჯერად კონცენტრაციას (MAC). ახალი სტრატეგიული დოკუმენტი კი (ნარჩენების მართვის 2022-2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა) კვლავაც არ გამოქვეყნებულა.

ეკონომიკური ინსტრუმენტები, რომლებიც ხელს უშლის წყლის რესურსების ხარისხის გაუარესებას

წყლის ხარისხის სასურველი დონის მისაღწევად აუცილებელია, საჯარო დაწესებულებებმა მოითხოვონ გარემოსდაცვითი პოლიტიკის განხორციელება. შესაძლოა, არსებობდეს წყლის რესურსების მრავალი ეკონომიკური მხარდაჭერის ინსტრუმენტი, მაგ., წამახალისებელი სატარიფო პროგრამები, სავაჭრო და მდგრადობის სისტემები. კონკრეტულად, წამახალისებელი სატარიფო პროგრამები მომხმარებელს მიანიშნებს, რომ წყლის რესურსების ეფექტური გამოყენება შესაძლოა მათთვის სარგებლის მომტანი იყოს; ფასების გამოთვლა კი შესაძლებელია ფიქსირებული განაკვეთით ან ინდივიდუალურად, მოხმარებული წყლის ოდენობის მიხედვით. სავაჭრო სისტემები ეხება წყლის მოხმარების უფლებების ყიდვა-გაყიდვას (წყალზე წვდომის უფლებას), ხოლო მდგრადობის სისტემები უზრუნველყოფენ ექსტრემალური მოვლენებით გამოწვეული ზიანის მინიმუმამდე შემცირებას და წყლის ხარისხის შენარჩუნებას. ამ ინსტრუმენტებიდან ზოგიერთი ამჟამად გამოიყენება საქართველოში, მაგ., საყოფაცხოვრებო ტარიფები საზოგადოებრივი წყლის სისტემებისთვის (მოიცავს მხოლოდ ადმინისტრაციულ ხარჯებს), კომერციული სექტორისა და ორგანიზაციებისათვის განკუთვნილი ტარიფები და სარწყავი ტარიფები. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინსტრუმენტები არ შეესაბამება არსებულ წყლის რესურსებთან დაკავშირებულ კანონმდებლობასა და ნორმატიულ აქტებს, მათი გამოყენების აუცილებელი წინაპირობაა, რომ არსებობდეს წყლის რესურსების რეგულირების სამართლებრივი სისტემა, აგრეთვე, მონიტორინგის სისტემა ინდივიდუალურ დონეზე წყლის ნაკადებისა და ნარჩენი წყლების აღსარიცხად. თუმცა, მდინარე მტკვრის შემთხვევაში, ეს ორი პირობა არ დაკმაყოფილდა – მაგალითად, არ ხორციელდება ამოღებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების წყლის აღრიცხვა და საქართველოში არ არსებობს ზედაპირული წყლების ლიცენზირების სისტემა. ასეთი ინსტრუმენტების არარსებობა იწვევს წყლის ხარისხის შესახებ მონაცემების ნაკლებობას. შესაბამისად, წყლის სათანადო პოლიტიკის შემუშავება ან განხორციელება ჯერ კიდევ შეუძლებელია.

ინვესტიცია ისეთ ინფრასტრუქტურაში, როგორიცაა კანალიზაციის გამწმენდი სადგურები, აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობაზე, წყლის ეკოსისტემებსა და გარემოზე მავნე ზემოქმედების შესამცირებლად. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულად წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობა და განვითარება ცენტრალური მთავრობების მიერ სუბსიდიებით ფინანსდებოდა, საჯარო ფინანსურმა შეზღუდვებმა და გაუმჯობესებულ წყლის სისტემებზე გაზრდილმა მოთხოვნამ ხელი შეუწყო წყლის რესურსების მართვის საბაზრო ეკონომიკური მხარდაჭერის ინსტრუმენტების ინტეგრაციას. ამდენად, წამახალისებელი სატარიფო პროგრამები და სახელმწიფოს ჩართულობა ერთობლივად, შესაძლოა, შედეგის მომტანი იყოს წყლის რესურსების ეფექტური გამოყენებისათვის. საზოგადოებრივი წყალმომარაგების კუთხით, წყლის რესურსების სრული ღირებულების ანაზღაურება ნიშნავს იმას, რომ წყალმომარაგების ტარიფები უნდა დაწესდეს წყალმომარაგებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის გათვალისწინებით.

კიდევ ერთი ინიციატივაა დაბინძურების გადასახადის დაწესება. ამგვარი გადასახადი უნდა შემუშავდეს ისე, რომ მოიცავდეს საზოგადოებაზე დაწესებულ ყველა იმ ფინანსურ და ეკონომიკურ ხარჯს და იმ გარემოს, რომელშიც ხდება ნარჩენებისა და ნებისმიერი დამბინძურებლების ჩაშვება. გარდა ამისა, ეკონომიკური მხარდაჭერის ინსტრუმენტები შესაძლოა გამოიყენებოდეს რესურსების სიმცირის დასადგენად, მაგ., ხარჯების გათვალისწინების მიზნით. მაშასადამე, წამახალისებელმა სატარიფო პროგრამებმა შეიძლება ხელი შეუწყოს წყალმომარაგების ძვირადღირებული ტექნოლოგიების დანერგვის თავიდან აცილებას, საინჟინრო  ინფრასტრუქტურის საჭიროების შემცირების გამო.

შეჯამება და რეკომენდაციები

იმისათვის, რომ საქართველოში განახლდეს არსებული ჩამდინარე წყლების ფილტრაციის სისტემები და აშენდეს ახალი ინფრასტრუქტურა, რომლის საშუალებითაც ჯანმრთელობაზე წყლის დაბინძურებით გამოწვეული მავნე ზემოქმედების შემცირებაა შესაძლებელი, საჭიროა დიდი ძალისხმევისა და პოლიტიკური ნების გამოჩენა. გარდა იმისა, რომ ეს, უპირველეს ყოვლისა, გააუმჯობესებს წყლის ხარისხს თბილისში, სარგებელს მოუტანს წყლის მომხმარებლებს რუსთავსა და აზერბაიჯანშიც.

თავდაპირველად, აუცილებელია შემუშავდეს მდინარე მტკვრის წყლის რესურსის ინტეგრირებული მართვის გეგმა და სრულად აღიწეროს დაბინძურების წერტილოვანი წყაროები. გაცვეთილი გამწმენდი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების განახლება და ახალი ობიექტების შემოღება უზრუნველყოფს მტკვრის წყლის ხარისხის ეტაპობრივ გაუმჯობესებას.

დაბინძურების შემცირების სტიმულირების მიზნით, რეკომენდებულია ზედაპირული წყლების აღების გადასახადების, დაბინძურების გადასახადების და უკანონო ნარჩენების გადაყრისთვის ჯარიმის შემოღება. გარდა ამისა, დამატებული ღირებულების გადასახადის შემცირება კომპანიებისთვის, რომლებიც წყლის დაზოგვის სხვადასხვა ტექნოლოგიებს იყენებენ, კიდევ უფრო მეტად წაახალისებს მოთხოვნებთან შესაბამისობას. ამრიგად, მთლიანობაში, განხორციელების პროცესის სანდოობისათვის საჭიროა ძლიერი ინსტიტუტები, მეტი ძალისხმევა და ინფრასტრუქტურა.

გამოყენებული ლიტერატურა

MEPA. (2019). National Report on the State of the Environment of Georgia 2014-2017. Tbilisi: MEPA.

Tabatadze, M., Dvalishvili, N., & Elizbarashvili, M. (2016). The Impact Of Tbilisi Used Water On Ecochemical State Of Small Rivers Of The City. Tbilisi: Aerul si Apa: Componente ale Mediului.

UNECE. (2015). SEA for the National Waste Management Strategy (2016-2030) and Action Plan (2016-2030). Tbilisi: UNECE.

UN-Water. (2016). Towards a Worldwide Assessment of Freshwater Quality. Genève: UN-Water.


[1] ყველაზე ტოქსიკურია დარიშხანი, ბარიუმი, სპილენძი, კადმიუმი, რკინა, ტყვია, მანგანუმი, ნიკელი, მოლიბდენი, ვერცხლი და თუთია.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა