შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

რუსულ-თურქული დრამა – საშობაო საჩუქარი ქართული ეკონომიკისთვის?
შაბათი, 12 დეკემბერი, 2015
„ლახვარი ზურგში“ და მისი „მძიმე შედეგები“

24 ნოემბერს, თურქეთის საჰაერო ძალების გამანადგურებელმა ჩამოაგდო რუსული სუ-24, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდა თურქეთის საჰაერო სივრცეში. ერთი პილოტი მოკვდა, მეორე სამაშველო ოპერაციის დროს დაიღუპა. ვლადიმერ პუტინმა ეს ფაქტი ზურგში ლახვრის ჩაცემად მონათლა, მიუხედავად იმისა, რომ თავად ყური არ ათხოვა თურქეთის გაფრთხილებებს მისი საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უდარდელად განაცხადა, რომ ამ ფაქტის გამო ბოდიშს თურქეთი კი არა, რუსეთი უნდა იხდიდეს. მომხდარის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციებს ბევრი დაძაბულობა მოჰყვა, ორივე მხარე ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულ ვერსიებს ყვებოდა და ერთმანეთს სერიოზული ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგებით ემუქრებოდა.

პრეზიდენტმა პუტინმა თურქეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის ნაცვლად  იერიში თურქულ სასტუმროებთან გაფორმებულ შეთანხმებებზე, სოფლის მეურნეობისა და ტექსტილის მრეწველობაზე მიიტანა. 28 ნოემბერს გამოქვეყნდა პუტინის ბრძანებულება #583, რომელშიც საუბარია შემდეგზე:

• თურქეთიდან იმპორტის შერჩევითი შეზღუდვა;

• თურქული ბიზნესების რუსეთში მოღვაწეობის შერჩევითი შეზღუდვა;

• რუსული კომპანიების მიერ თურქული პერსონალის/კონსულტანტების აყვანის შერჩევითი შეზღუდვა (ძალაში შედის 2016 წლის 1 იანვრიდან);

• თურქი ტურისტებისა და ბიზნეს-ვიზიტორებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესება;

• რუსული ტუროპერატორების მიერ თურქეთში სამოგზაურო პაკეტების გაყიდვების შეწყვეტა;

• თურქეთში ჩარტერული რეისების აკრძალვა და ემბარგო სხვადასხვა თურქულ პროდუქტებსა და კომპანიებზე.

30 ნოემბერს რუსულმა მთავრობამ გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც ოფიციალურად აიკრძალა ჩარტერული რეისები, შემცირდა სატრანსპორტო გადაზიდვების რაოდენობა და ემბარგო დაწესდა შემდეგ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე:

• გაყინული ფრინველის ხორცი (ქათამი და ინდაური);

• სანელებლები

• ბოსტნეული (ახალი პომიდორი, კიტრი, ხახვი, ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი)

• ხილი (ფორთოხალი, მანდარინი, ყურძენი, ვაშლი, მსხალი, გარგარი, ატამი, ქლიავი და კენკროვნები).

სავარაუდოდ, რუსეთის მიერ თურქულ ბიზნესზე, ვაჭრობასა და მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები სერიოზულ გავლენას მოახდენს თურქულ ეკონომიკაზე. რუსეთი მნიშვნელოვანი საექსპორტო დანიშნულებაა თურქეთის სოფლის მეურნეობისა და ქსოვილების მრეწველობისთვის (2014 წელს შეადგინა 6 მილიარდი აშშ დოლარი ანუ მთლიანი თურქული ექსპორტის 3.7%). კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მომსახურების სფერო: გასულ წელს, თურქეთმა რუსეთში ტურიზმისა და სამშენებლო ბიზნესიდან 9.7 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო. 2014 წელს 4.4 მილიონზე მეტი რუსი ტურისტი (მთლიანი ტურისტების დაახლოებით 12%) ეწვია თურქეთს და, რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებს თუ დავუჯერებთ, დაახლოებით 6.6 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა.

უშუალო დარტყმებს რომ თავი დავანებოთ, ორივე მხარეს შეუძლია ერთმანეთისთვის ზიანის მიყენება, მაგრამ სასწორზე გაცილებით მეტი დევს როგორც თურქეთისთვის, ისე რუსეთისთვის, თუნდაც ახალი მილსადენი და ატომური ენერგიის პროექტები...

ერთი კაცის კონფლიქტი მეორის მერკანტილური შესაძლებლობაა

საერთაშორისო სანქციები დიდი სიკეთეა მესამე ქვეყნის მიმწოდებლებისა და საეჭვო შუამავლებისთვის. ბედის ირონიაა, რომ 2014 წელს თურქეთმაც იხეირა რუსეთის მიერ ევროკავშირისთვის დაწესებული სანქციებით. ორ ქვეყანას შორის სასოფლო-სამეურნეო ვაჭრობამ 4 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რადგან თურქულმა თხილმა და ხილ-ბოსტნეულმა დაიკავა სანქციების შედეგად გამოთავისუფლებული ადგილი რუსულ ბაზარზე. შედეგად, თურქეთის წილი რუსეთის სოფლის მეურნეობის იმპორტში 20%-მდე გაიზარდა. ერდოღანმა 2015 წლის სექტემბერში, რუსეთში სტუმრობისას ისაუბრა ამბიციურ გეგმაზე ორმხრივი ვაჭრობის 100 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზრდასთან დაკავშირებით. „ჩვენ ამას 2023 წლისთვის მივაღწევთ,“ – განაცხადა ერდოღანმა მოსკოვის საკათედრო მეჩეთის გახსნაზე.

მას შემდეგ, რაც თურქეთი პუტინის რისხვის ქვეშ მოექცა, ბევრი ქვეყანა თუ კომპანია იბრძვის თურქულ კომპანიებზე, პროდუქტებსა და მომსახურებებზე დაწესებული ემბარგოს შედეგად გამოთავისუფლებული ადგილების ასათვისებლად. ამ ორ ქვეყანას შორის მოქცეული საქართველოც იბრძვის რეგიონის უახლესი გეოპოლიტიკური უთანხმოებიდან სარგებლის სანახავად.

თურქეთის მიერ რუსული სუ-24-ის ჩამოგდებამდე ცოტა ხნით ადრე, ეგვიპტეში, სინაის უდაბნოში ჩამოვარდა რუსული სამგზავრო თვითმფრინავი A321, რის შემდეგაც მილიონობით რუსი ტურისტი გაურკვეველ სიტუაციაში აღმოჩნდა. Start-Up Israel-ის ვებგვერდზე შეხვდებით სტატიას სათაურით „ეგვიპტისა და თურქეთის თამაშიდან გასვლით ისრაელს იმედი აქვს, რომ რუს ტურისტებს მოიზიდავს“. მართლაც, ისრაელი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც დაიწყო მკვდარ ზღვაზე მდებარე ერთადერთი საზღვაო კურორტის, ეილათის პოპულარიზება, როგორც სინაისა და ანტალიის ალტერნატივა. რუსი ტურისტების ეილათში მოსაზიდად ისრაელმა დაიწყო საჯარო სახსრებით მარკეტინგის დაფინანსება რუსეთში. ისრაელი ევროპულ ავიაკომპანიებს სთავაზობს 45 ევროს ფასდაკლებას თითოეულ მგზავრზე, რომლებიც დაფრინავენ ახლომდებარე ოვდაჰის აეროპორტში.

საქართველო რუსი ტურისტების მოსაზიდად არაფერს არ აკეთებს, რადგან თითის განძრევაც არ სჭირდება. 2015 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში დაახლოებით ნახევარი მილიონი რუსი ტურისტი შემოვიდა ქვეყანაში რაც 12%-ით მეტია წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, რუსეთი უკვე მეოთხე ადგილს იკავებს ვიზიტორების სიაში (თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის შემდეგ), 2014 წელს მასზე მოდიოდა საქართველოს მთლიანი ვიზიტორების 15%. რა მოხდება, თუ საქართველო ცოტა უფრო მეტს მოინდომებს?

არსებული გეოპოლიტიკა განსაკუთრებით სარფიანია საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისთვის. შეიძლება ქართული კურორტები და სასტუმროები ვერ შეედრება თურქულს, მაგრამ საქართველოს შეუძლია შესთავაზოს ბევრი სხვა გასართობი, როგორიცაა კაზინო, სათხილამურო სპორტი, მინერალური წყლები და გამაჯანსაღებელი კურორტები. გეოგრაფიული სიახლოვე და დაბალი ფასები საქართველოს მიმზიდველს ხდის რუსი ტურისტებისთვის, რომლებიც დააზარალა რუსული რუბლის გაუფასურებამ. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველო წარმოუდგენლად ძლიერი ბრენდია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, სადაც ადამიანებს ჯერ კიდევ ნოსტალგიური დამოკიდებულება აქვთ ქართულ სტუმარმასპინძლობაზე, მთებზე, მრავალხმიან მუსიკაზე, სუფრასა თუ ღვინოზე.

მაშინ, როდესაც დაახლოებით 7 მილიონმა რუსმა ტურისტმა ჯერ კიდევ არ იცის, სად დაისვენოს, საქართველომ უნდა მოახერხოს მათი ჩამოყვანა და მათთვის საუკეთესო სერვისის შეთავაზება, რათა უზრუნველყოს სტაბილური ტურისტული ბიზნეს-გარემოს ჩამოყალიბება. ამისთვის საჭიროა კარგად დაგეგმილი კამპანია, მათ შორის, მაგალითად, საჯაროდ დაფინანსებული მარკეტინგი, ფასდაკლებები და სუბსიდიები ავიაკომპანიებისთვის და დამატებითი ინვესტიციები წყალტუბოსა და ბორჯომის მსგავსი ტურისტული კურორტების გამოცოცხლებისთვის. გრძელვადიან პერიოდში საქართველოს ინტერესში შედის დამატებითი სატრანსპორტო კავშირების გახსნა, მათ შორის ოდესღაც სიცოცხლისუნარიანი სარკინიგზო და სატრანსპორტო მარშრუტები აფხაზეთის გავლით.

ბინძური ცეკვა სავაჭრო სანქციებთან

ერთი შეხედვითაც კი ძალიან ადვილად აღმოაჩენთ საინტერესო ანომალიებს საქართველოს 2014-2015 წლების სავაჭრო ბალანსში. მაგალითად, 2015 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში კალმახის ექსპორტ-იმპორტმა დაახლოებით 450,000 აშშ დოლარით გადააჭარბა მის 2014 წლის ღირებულებას. ყველა დამატებითი იმპორტი მოდის ნორვეგიიდან და დანიიდან, რომელთაც რუსეთმა სანქციები დაუწესა. ყველა დამატებითი ექსპორტი შედის (დიახ, სწორად გამოიცანით!) რუსეთში.

რუსეთის მიერ ევროკავშირისთვის სანქციების დაწესების წყალობით, ნორვეგიული და დანიური კალმახის რებრენდინგი და რეექსპორტი რუსეთში სარფიანი ბიზნესი უნდა იყოს. რუსული ხილის, ბოსტნეულისა და ტექსტილის რებრენდინგი და რეექსპორტი რუსეთში შეიძლება გახდეს ახალი დიდი მოვლენა ქართული ეკონომიკაში. საოცარი დამთხვევაა, რომ თურქული ტექსტილის ქარხნები სოკოებივით მომრავლდა დასავლეთ საქართველოში, რადგან თურქ მწარმოებლებს სურთ, მოიპოვონ დამატებითი ექსპორტის კვოტები ევროკავშირში (რომელსაც საქართველო არ იყენებდა). როგორც ჩანს, 2016 წლის 1 იანვრიდან ეს ქარხნები გადავლენ 24/7 სამუშაო რეჟიმზე, ოღონდ ამჯერად მათი საექსპორტო დანიშნულება ევროკავშირის ნაცვლად რუსეთი იქნება.

ამჟამად საქართველოს არ შეუძლია საკუთარი საჭიროებების მომარაგება თუნდაც ისეთი მარტივი სათბურის პროდუქტებით, როგორიცაა კიტრი და პომიდორი. არსებულ ნაპრალს ავსებს ბევრად უფრო ეფექტური თურქული ბიზნესები. სამწუხაროდ, მასობრივი ინვესტიციისა და რეორგანიზაციის საჭიროების გათვალისწინებით, საქართველოს ფერმერები, სავარაუდოდ, ვერ მოახერხებენ, ისარგებლონ თურქულ ხილ-ბოსტნეულზე რუსეთის მიერ დაწესებული სანქციებისგან შექმნილი ნაპრალით. ბაზარზე გრძელვადიანი წვდომის გარანტიების არარსებობის შემთხვევაში, რასაც რუსული სანქციები ვერ უზრუნველყოფს, მსგავს ინვესტიციას არ აქვს აზრი.

მაშინ, როდესაც გამჭრიახი მოვაჭრეები სარგებლობენ რუსული სანქციებით და რეექსპორტზე შეაქვთ თურქული პროდუქტები რუსეთში, ქართველი ფერმერები (განსაკუთრებით ისინი, ვინც ინვესტიციებს დებენ თანამედროვე სასათბურე ტექნოლოგიებში) მოექცევიან დამატებითი წნეხის ქვეშ, როგორც კი თურქი კონკურენტები დაიწყებენ დამატებითი (და უფრო მაღალი ხარისხის) პროდუქტების დამპინგს ქართულ ბაზარზე. თუ ამ სიტუაციას არ დაარეგულირებს ეფექტური ანტიდამპინგური კანონი, მსგავსი წნეხის გამო საუკეთესო ქართველი მწარმოებლები შეიძლება ბაზრიდან გავიდნენ, რაც ნამდვილი კატასტროფა იქნება ქვეყნისთვის.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა