და, აი, კიდევ ერთხელ დადგა ახალი წელი და მთელი საქართველო ემზადება, აწყობენ სამოგზაურო გეგმებს, ამზადებენ კაკალს გოზინაყისთვის, ყიდულობენ საჩუქრებს მეგობრების თუ ოჯახის წევრებისთვის. საჩუქრები ახალი წლისა და შობის დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია, რომელიც ხაზს უსვამს მეგობრობის მნიშვნელობას, საშუალებას გვაძლევს, გავანებივროთ ჩვენთვის საყვარელი ადამიანები და ისე დავიწყოთ ახალი წელი. ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ საქართველოში ნოემბერ-დეკემბერი არის ყველაზე აქტიური თვეები სამომხმარებლო საქონლის შესაძენად. აღარაფერს ვამბობთ ევროპასა და აშშ-ზე.
სტატისტიკურ მონაცემებს თუ გადავავლებთ თვალს, დავინახავთ, რომ ქართული იმპორტი მეტწილად კონცენტრირებულია სწორედ დეკემბერზე. ერთის მხრივ, საჯარო თუ კერძო სექტორის ბევრი კომპანია, როგორც წესი, სწორედ წლის ბოლოს იწყებს ფულის ხარჯვას, რის გამოც შესყიდვების შესახებ ბევრი გადაწყვეტილება ფისკალური წლის ბოლომდე ჭიანურდება ხოლმე. მეორეს მხრივ, წლის ბოლოს იმპორტის ზრდას განსაზღვრავს საზოგადოების კოლექტიური მიდრეკილება, შობა-ახალი წლის რიტუალისთვის უთავბოლოდ ხარჯონ ფული საჩუქრებზე. და ვინაიდან ქართველების უმეტესობა ყიდულობს იმპორტირებულ საჩუქრებს, იქნება ეს ბრენდული საათები, ტექნიკა თუ ტანსაცმელი, შედეგად ვიღებთ გაზრდილ სავაჭრო დეფიციტს.
2015 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს სავაჭრო დეფიციტმა (იმპორტირებული და ექსპორტირებული პროდუქტების ღირებულებას შორის არსებულმა სხვაობამ) თითქმის 4.5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. თუ გავითვალისწინებთ, რას უნდა ველოდოთ ბოლო სამი თვის განმავლობაში, ეს რიცხვი ადვილად გადააჭარბებს წინა წლის რეკორდულ მაჩვენებელს (5.7 მილიარდი აშშ დოლარი).
მომხმარებელთა სიამაყე და ცრურწმენა
როდესაც საქმე ეხება მანქანებს, ტექნიკასა და წარმოების პროდუქტებს, ქართველ მომხმარებელსა და ბიზნესს დიდი არჩევანი არ აქვთ. თუმცა ეს არ ეხება მცირე ქართული ბიზნესებისა თუ სახალხო რეწვის ოსტატების მიერ წარმოებულ სამომხმარებლო საქონელს, განსაკუთრებით, საჩუქრებს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ბევრს ვერაფერს შეცვლის, ქართული მცირე ბიზნესების მიერ წარმოებული პროდუქციის ყიდვა ნამდვილად წაადგებოდა ქვეყნის ეკონომიკას. ადგილობრივ პროდუქციაზე დახარჯული თანხის თითქმის 100% რჩება ქვეყნის ეკონომიკაში: იხარჯება ქართველი მუშახელის ხელფასებზე და ქართველი მიმწოდებლებისგან ნედლეულის შეძენაზე, გაფართოებისა და ინოვაციებისთვის საჭირო კაპიტალით უზრუნველყოფს ქართველ მეწარმეებს.
საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობს ადგილობრივი და წვრილმანი საჩუქრების ყიდვის კულტურა. ქართველი მწარმოებლების პოპულარიზების მიზნით შექმნილი www.KAR.ge-ის დამფუძნებლის, ტარიელ ზივზივაძის აზრით, „ადამიანები არავითარ სიამაყეს არ გრძნობენ ქართველი მწარმოებლების საქონლის შეძენისას“. ადამიანების შინაგანი მე ბევრად უფრო კმაყოფილია ძვირადღირებული უცხოური პროდუქციის ყიდვისას (იხ. ჩვენი ძველი სტატია „მარიაჟობის“ ეკონომიკა), თუმცა ამის მიზეზი ისიცაა, რომ ქართულ კომპანიებს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვთ გასაუმჯობესებელი ბრენდინგისა თუ წარმოების თვალსაზრისით.
ბოლო წლებში გარკვეული პროგრესი შეიმჩნევა. ტარიელ ზივზივაძის www.KAR.ge ყოველწლიურად ატარებს კონკურსს, რომელშიც ადამიანები დეკემბერში ყიდულობენ ქართველი მწარმოებლების პროდუქტებს და შემდეგ საჩუქრის აღწერილობასა და ფოტოს აქვეყნებენ ინტერნეტში. ტარიელს იმედი აქვს, რომ მის ინიციატივას მოყვება სოციალური მოძრაობა, რომლის წყალობითაც „ადამიანები ჯერ იფიქრებენ ქართული პროდუქციის ყიდვაზე და მხოლოდ სათანადო ხარისხის არარსებობის შემთხვევაში იყიდიან უცხოურ პროდუქციას“.
საზოგადოების დიდი ნაწილის დასარწმუნებლად, რომ იყიდონ ადგილობრივი, წვრილმანი პროდუქცია და ამით საშობაო საჩუქარი გაუკეთონ ქვეყანას, შეიძლება საჭირო გახდეს ბიზნესების, მომხმარებლებისა და მთავრობის შეთანხმებული მოქმედება. პრობლემა არის მოჯადოებული წრე, რომლის გარღვევაც შესაძლებელია, თუ ერთდროულად წავახალისებთ ბიზნესებს, შექმნან უკეთ ბრენდირებული, მაღალი ხარისხის პროდუქცია და დავარღვევთ გავრცელებულ სტიგმას, რომ ქართული პროდუქციის ყიდვა „ტეხავს“.
მცირე ბიზნესის შაბათი: ამერიკული მაგალითი
საშობაო საჩუქრების შეძენისას შეგვიძლია გავითვალისწინოთ სადღესასწაულო ბიუჯეტის მცირე ბიზნესების მიერ წარმოებულ ადგილობრივ პროდუქციაზე დახარჯვის შესანიშნავი უცხოური ტრადიცია. ამერიკაში მადლიერების დღესასწაულის ტრადიციის შემდეგ საშობაო საჩუქრების ტრადიცია ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც მელოტი არწივი. ყოველ შემთხვევაში, ასე გგონია, როდესაც უყურებ ე.წ. „Black Friday“ შოპინგის საოცარ სცენას, სადაც დიდ სავაჭრო ცენტრებში ადამიანები ერთმანეთზე გადადიან, რათა 50%-იანი ფასდაკლებით იყიდონ ტელევიზორი ან 10 დოლარად შეიძინონ ტაილანდში შეკერილი სვიტერი.
2010 წლიდან საკრედიტო ბარათების კომპანიამ American Express-მა დაიწყო სადღესასწაულო შოპინგის ახალი და ბევრად უფრო გონივრული ტრადიცია – მცირე ბიზნესის შაბათი. ისინი ახალისებენ საკრედიტო ბარათების მფლობელებს, უარი თქვან შავი პარასკევის საშოპინგო ზედახორაზე და ადგილობრივი მცირე ბიზნესების მიერ წარმოებული საჩუქრები შეიძინონ მეორე დღეს. კომპანიამ მცირე ბიზნესებთან ერთად იმუშავა კონკურენტული გაყიდვების სქემის შემუშავებასა და მომხმარებლებისთვის მომგებიანი წინადადებების შეთავაზებაზე.
იდეა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 2011 წელს აშშ-ის კონგრესმა ოფიციალურად სცნო და მხარდაჭერა გამოუცხადა მას. დღეს მადლიერების შემდეგ შაბათს სოციალური მედია აჭრელებულია მრავალფეროვანი ჰეშთეგებითა და „წვრილმანი საჩუქრების“ ფოტოებით. თავად პრეზიდენტი ობამაც კი ერთვება აქციაში და ყოველ წელს სტუმრობს დამოუკიდებელ წიგნების მაღაზიას ვაშინგტონში მომავალი წლის საკითხავი სიის შესადგენად.
აშშ-ის მცირე ბიზნესის ასოციაციის 2014 წლის ანგარიშის მიხედვით, მცირე ბიზნესებზე (რომელთაც 500-ზე ნაკლები თანამშრომელი ჰყავთ) მოდის ქვეყნის მთელი კერძო სექტორის სამუშაო ადგილების თითქმის ნახევარი. წარმატებული მედიაკამპანიისა და მთავრობის მხარდაჭერის წყალობით, მცირე ბიზნესის შაბათის შოპინგი წარმოადგენს შემოსავლების სერიოზულ ინექციას ამერიკული ეკონომიკის ამ უმნიშვნელოვანესი ნაწილისთვის. ფორბსის მონაცემებით, 2014 წელს თითქმის 88 მილიონმა „წვრილმანმა მოვაჭრემ“ დაახლოებით 14.3 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა დამოუკიდებელ საცალო მოვაჭრეებთან. მეტიც, ეს ტრადიცია მთელ მსოფლიოში გავრცელდა. დიდმა ბრიტანეთმა, იაპონიამ და თურქეთმაც კი დაიწყეს ადგილობრივ მწარმოებლებზე ორიენტირებული სოციალური თუ საინვესტიციო კამპანიები.
ახალი ტრადიცია საქართველოში?
მცირე ბიზნესის შაბათი დაუჯერებლად წარმატებული გახდა აშშ-ში, რადგან ის ეხებოდა რეალურ პრობლემას და ჰქონდა კერძო სექტორის მთავარი მოთამაშეების – მცირე ბიზნესების, საზოგადოებისა და მთავრობის – მხარდაჭერა. ბატონი ზივზივაძის აზრით, საქართველოში, ვთქვათ, გიორგობის შემდეგ მცირე ბიზნესის შაბათის მოსაწყობად საჭირო იქნება მსგავსი კოორდინირებული ძალისხმევა. ადამიანები სწორედ ამ დროს იწყებენ საშობაო და საახალწლო საჩუქრებისთვის თადარიგის დაჭერას. მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით ვერაფერს გავხდებით.
მცირე ბიზნესებმა, თავის მხრივ, მთელი ენერგია უნდა მიმართონ ქართული სოფლის მეურნეობის მცირე მიწის მფლობელებზე, ხელოვანებსა და სახალხო რეწვის ოსტატებზე, რომლებიც ქმნიან უნიკალურ, ადგილობრივ პროდუქციას, იქნება ეს ჭაჭა, ღვინო თუ თაფლი, ტყლაპი თუ ჩურჩხელა, თიხისა თუ ხის ნაკეთობანი, მოწნული კალათები თუ ავეჯი. საქართველოში სპეციალიზებული თემების ძალიან ბევრი მაგალითია. ერთადერთი, რაც გვაკლია, არის ეროვნული ბრენდინგი და მარკეტინგი. თუმცა აქაც შეგვიძლია მივბაძოთ იაპონიის მაგალითს, რომელმაც დაამკვიდრა წარმატებული ტრადიცია „ერთი სოფელი, ერთი პროდუქტი“.
წვრილმანი და ადგილობრივი საჩუქრების ყიდვის კულტურის შესაქმნელად ქართულ ბიზნესებსა და მთავრობას მოუწევთ, ერთის მხრივ, ერთად იმუშაონ ადგილობრივი ბრენდის შესაქმნელად და დასაცავად და, მეორეს მხრივ, ბაზრობებისა და მარკეტინგული ღონისძიებების ორგანიზება, როგორიცაა მომავალი გამოფენა ქარვასლის სავაჭრო ცენტრში. ადგილობრივი მწარმოებლებისა და მომხმარებლების განათლებისთვის საჭირო იქნება ხანგრძლივი და კარგად კოორდინირებული მუშაობა. როგორც იტყვიან, ათასვერსიანი გზა ნაბიჯით დაილევაო...
* * *
კარს მომდგარი დღესასწაული შესანიშნავი შესაძლებლობაა ინოვაციური, სამეწარმეო, საშუალო ფენის ქართული ბიზნესის მფლობელთა წასახალისებლად, რომელთაც შეუძლიათ ჩვენი ოჯახის წევრების განებივრება კარგი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ღირებული და ძვირფასი საჩუქრებით. განა დღესასწაულების მიზანიც ეს არ არის?
ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!