შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

როგორ შეიძლება გახდეს საქართველოს ენერგეტიკის სექტორი უფრო უსაფრთხო – გამოწვევები და შესაძლებლობები
ორშაბათი, 13 ივნისი, 2022

ევროკავშირის მაგალითზე ნათელი გახდა, თუ რა დიდი საფრთხის შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს ერების ეკონომიკური განვითარებისათვის ენერგოსაჭიროებების დასაკმაყოფილებლად მეტწილად ერთ ქვეყანაზე დამოკიდებულება და რა დიდ გამოწვევებთანაა დაკავშირებული ენერგოუსაფრთხოების მიზნის მიღწევა, როდესაც უმეტესწილად ერთ სახელმწიფოზე ხარ დამოკიდებული საკვანძო ენერგოპროდუქტების მოწოდების მხრივ.

მიუხედავად 2006 წელს მოზდოკი-თბილისის გაზსადენზე მომხდარი საბოტაჟისა და მასთან დაკავშირებული ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგ საქართველოს მცდელობისა, რომ რუსეთი არ იყოს ქვეყნის მთავარი ენერგომომწოდებელი, როგორც წინა ბლოგშიც განვიხილეთ, გარკვეული დამოკიდებულება რუსეთის ენერგოსისტემაზე კვლავ რჩება. ამგვარად, მნიშვნელოვანია დისკუსიის დაწყება იმაზე, თუ როგორ უნდა შემცირდეს დამოკიდებულება რუსეთის ენერგოსისტემაზე და როგორ გაიზარდოს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება.

ელექტროენერგიის სექტორი

ბოლო ათი წლის განმავლობაში (2011-2021 წწ), 2021 წელს რუსული ელექტროენერგიის იმპორტის წილმა საერთო გამოყენების 9%-იან მაქსიმუმს მიაღწია, როდესაც ენგურჰესი რეკონსტრუქციის გამო დაკეტილი იყო. იმპორტირებული ენერგიის 80% აფხაზეთს მოხმარდა. დამოკიდებულების კოეფიციენტი, ერთი შეხედვით, შესაძლოა, საგანგაშო არ ჩანდეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, არსებობს მიზეზები, რომლებიც უფრო აქტიური ქმედებების განხორციელების საჭიროებას უსვამს ხაზს. ერთი მიზეზი ის არის, რომ ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ბოლო ათი წლის განმავლობაში საშუალოდ 5%-ით იზრდება, რაც ნაწილობრივ აფხაზეთსა1 და სვანეთში იაფი ან სუბსიდირებული ელექტროენერგიის არსებობის გამო არაკონტროლირებადი ‘მაინინგის’ აქტივობების განხორციელებით არის გამოწვეული. მეტიც, სუბსიდიებიდან გამომდინარე არაეფექტური მოხმარება კვლავ პრობლემად რჩება, ვინაიდან სამეწარმეო მიზნებისთვის კომერციული სექტორიც იაფ ელექტროენერგიას მოიხმარს, რაც კიდევ უფრო ზრდის მოთხოვნას ელექტროენერგიაზე. მეორე მიზეზი ისაა, რომ კვლავ პრობლემად რჩება ახალი სიმძლავრეების ნელი განვითარება. ბოლო ათი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის წარმოება საშუალოდ 2%-ით გაიზარდა. ამასთან, ეს ზრდა დიდწილად თბოელექტროსადგურების მიერ ელექტროენერგიის წარმოების 22%-იანმა ზრდამ განაპირობა მაშინ, როდესაც განახლებადი ელექტროენერგიის წარმოება მხოლოდ 1%-ით გაიზარდა.

ელექტროენერგიის სექტორში უსაფრთხოების ზრდისკენ გადადგმული საკვანძო ნაბიჯი შესაძლოა იყოს ადგილობრივი განახლებადების წარმოების2 ხელშეწყობა და არსებული თბოსადგურების გაზრდილი ეფექტურობა (რათა იმპორტირებულ გაზზე დამოკიდებულება შემცირდეს). ადგილობრივი საზოგადოების პროტესტი დიდი ჰიდროელექტროსადგურების (ჰესების) მშენებლობის მიმართ კვლავ პრობლემად რჩება რიგ შემთხვევებში დეზინფორმაციის, ხოლო რიგ შემთხვევებში შესაბამის ადგილობრივ საზოგადოებასა და პროექტის მენეჯერებს შორის ინფორმაციის არაეფექტიანი გაცვლის მიზეზით. პროექტის საწყის ეტაპზევე ამ საზოგადოების ჩართულობისა და მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, შესაძლოა, ერთ-ერთი გამოსავალი იყოს3. გარდა ამისა, ელექტროენერგიის სისტემა განახლებასა და გაუმჯობესებას საჭიროებს, რათა ახალი განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრირება და სტაბილურობის შენარჩუნება4 შეძლოს. რაც შეეხება მოთხოვნის მართვას, ამ მხრივ ერთ-ერთი ალტერნატივა, შესაძლოა, კომერციული მიზნებისთვის სუბსიდირებული ელექტროენერგიის მოხმარებაზე შეზღუდვების დაწესება, სუბსიდიების მიმართვა მოწყვლად მომხმარებლებზე და ‘მაინინგის’ რეგულირება იყოს. კიდევ ერთი ალტერნატივაა ენერგოეფექტურობის პოლიტიკის შემუშავების დაჩქარება, რაც ენერგოეფექტური ხელსაწყოების უფრო ფართო გამოყენებას შეუწყობს ხელს ინდუსტრიების, საოჯახო მეურნეობისა და დანარჩენი კომერციული სექტორის მიერ. მნიშვნელოვანია უფრო მეტი ენერგოეფექტური ნაგებობების მშენებლობაც5. საბოლოოდ, ენერგო მოთხოვნის დაგეგმვამ ჭკვიანი ქსელებისა და მრიცხველების დამონტაჟების გზით, შეიძლება მოაგვაროს ენერგიის მოხმარების მუდმივი ზრდის პრობლემაც6.

ელექტროენერგიის სექტორისთვის დამახასიათებელი გამოწვევების გაანალიზებისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ქსელი რუსეთის ელექტროენერგიის სისტემასთანაა დაკავშირებული და მის სტაბილურობასა და სიხშირეს რუსეთი აკონტროლებს. საქართველო სინქრონიზებულად არა მხოლოდ რუსულ, არამედ აზერბაიჯანულ სისტემასთანაც მუშაობს. ამგვარად, დამოკიდებულება არამხოლოდ რუსეთზე, არამედ აზერბაიჯანზეც, საქართველოს შედარებით უსაფრთხოების გარანტიებს აძლევს, ვინაიდან რუსული სისტემიდან წამოსული ნებისმიერი არასტაბილურობა გავლენას არამხოლოდ ქართულ, არამედ აზერბაიჯანულ სისტემაზეც მოახდენს (WEG 2022). მიუხედავად ამისა, ევროპის გადამცემი სისტემის ოპერატორების ქსელში (Entso-E) გაწევრიანებისა და მისი კონტინენტური ევროპის ქსელთან მიერთების/ინტეგრაციის იდეა უგულებელყოფილი არ უნდა იყოს. მეორე მხრივ, პოზიტიური ამბავია, რომ საქართველოს ელექტროსისტემის ოპერატორი (GSE) აქტიურად მუშაობს ENTSO-E-ში ზედამხედველის სტატუსის მოსაპოვებლად, რაც ქართული სისტემის Entso-E-ში ინტეგრაციისთვის საჭირო მოსამზადებელ სამუშაოებს მოიცავს. რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, ამ მხრივ საქართველოსთვის ორი შესაძლებლობა არსებობს: თურქეთის სისტემასთან დაკავშირება ან ენერგეტიკული კავშირის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან წყალქვეშა კავშირების დამყარება. აღსანიშნავია, რომ წყალქვეშა გადამცემი ხაზების პროექტის ტექნიკური განხორციელებადობის ანალიზი 2021 წლის აპრილში დაიწყო და 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება. საწყის ეტაპზე ექსპერტები პროექტს პოზიტიურად აფასებენ.

ბუნებრივი აირის სექტორი

ქვეყანაში გაზრდილი გაზიფიკაციისა და თბოსადგურების გაზრდილი წარმოების გათვალისწინებით, უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს სულ უფრო მეტი ბუნებრივი აირის იმპორტი სჭირდებოდა რუსეთიდან, რათა ბუნებრივი აირის ბაზარზე დეფიციტი შეევსო. რუსულმა იმპორტმა 2021 წლის საერთო იმპორტის 15% შეადგინა 2019 და 2020 წლებში, შესაბამისად, 6.3% და 8%-თან შედარებით. საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მთავარ იმპორტიორად კვლავ აზერბაიჯანი რჩება. საქართველოს სტრატეგიული გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, შაჰ-დენიზის გაზსადენიდან ბუნებრივი აირის თურქეთსა და ევროპაში გატანის ტრანზიტული შესაძლებლობები ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს, ტრანზიტული ბუნებრივი აირის 5% ფასდაკლებით შეიძინოს და მიღებული გაზი სამომხმარებლო სექტორისა და თბოსადგურების ელექტროენერგიის წარმოებისთვის გამოიყენოს. არსებული გარემოებების გათვალისწინებით, აზერბაიჯანი ტრანზიტის გაზრდას გეგმავს შემდეგ წლებში ევროპისთვის მეტი ბუნებრივი აირის მიწოდების გზით (ტრანზიტის ოდენობის გაორმაგებით, კერძოდ 10 მილიარდი კუბური მეტრიდან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე), რაც საქართველოსთვის უფრო იაფი გაზისა და გაზრდილი უსაფრთხოების მომტანი გახდება. გარკვეული განხილვები/მოლაპარაკებები დაიწყო სამხრეთ კავკასიის გაზსადენში თურქმენეთის შესაძლო ინტეგრაციის თემაზე. მეტიც, არსებულმა ენერგოკრიზისმა ირანს7 შესაძლებლობა მისცა, მსოფლიო ენერგობაზარზე ბუნებრივი აირისა და გაზის მომწოდებლად დაბრუნებულიყო. ამგვარად, ერთი შეხედვით, აღნიშნული შესაძლოა მივიჩნიოთ დივერსიფიკაციის შესაძლებლობად საქართველოსთვის. თუმცა იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობა იქნეს გამოყენებულ, საჭიროა რამდენიმე დაბრკოლების გადალახვა. პირველი, საქართველოსა და ევროპისთვის საკუთარი რესურსების მოსაწოდებლად თურქმენეთს აზერბაიჯანის თანხმობა სჭირდება. მეორე, ირანს საკუთარი ბუნებრივი აირის საქართველოში იმპორტი მხოლოდ ორი გზით შეუძლია – აზერბაიჯანის ან სომხეთის გავლით. სომხეთის გაზსადენების მფლობელი კი რუსული კომპანია გაზპრომია, რაც საქართველოს ნაკლებ შანსს უტოვებს, რომ არსებულ სავაჭრო პარტნიორებზე დამოკიდებულების ხარისხი შეამციროს. თუმცა ქვეყანას გაცილებით რეალისტური შესაძლებლობა აქვს, რომ ბუნებრივი აირის სექტორი უფრო მდგრადი გახადოს ფასების ზრდის მიმართ. საქართველო გაზის მიწისქვეშა ნაგებობის განვითარებას გეგმავს, რომელიც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მოთხოვნებს უპასუხებს. მისი დასრულება 2024 წელს იგეგმებოდა, მაგრამ, როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა ახსნა, მშენებლობის ვადები, სავარაუდოდ, გადაიწევს, რადგან ეს ფინანსური რესურსები COVID-პანდემიით გამოწვეული კრიზისის სამართავად გამოიყენეს. დაბოლოს, ბუნებრივი აირი, როგორც გათბობისა და წყლის გაცხელების წყარო, შესაძლოა, თანდათან ჩანაცვლდეს კონცენტრირებული მზის ელექტროსადგურებით (მზის თერმული სადგურებით) (CSP) და გამათბობელი ტუმბოებით. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტექნოლოგიების ფასები გათბობის ტრადიციულ წყაროებთან შედარებით მაღალია, ტენდენცია წლიდან წლამდე იკლებს. მეტიც, სავარაუდოა, რომ არსებული ენერგოკრიზისები და ტრადიციული ენერგიის წყაროების ფასების ზრდა ხელს შეუწყობს ალტერნატიული წყაროების ენერგოსისტემებში ინტეგრაციას. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველომ სოფლების ინტენსიური გაზიფიკაცია განახორციელა. ეს პოლიტიკა კი აშკარად ეწინააღმდეგება უფრო უსაფრთხო და სუფთა ენერგიის მოხმარებისკენ დასავლეთის სწრაფვას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ხელახლა შეფასდეს, რა გავლენას იქონიებს ეს ზომები ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაზე.

ნავთობის სექტორი

რაც შეეხება ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს, 2014-2021 წლებში რუსული დიზელის წილი ბაზარზე 10%-დან 20%-მდე მერყეობდა, ხოლო რუსული ნავთობი 0%-40%-ის შუალედში იყო და 2021 წლის ჯამური იმპორტის 15%-ს შეადგენდა. ცალსახაა, რომ ბიზნესებს საკუთარი მომწოდებლების დივერსიფიკაცია ესაჭიროებათ, რათა თავიდან აიცილონ ერთ-ერთ საკვანძო ენერგოპროდუქტზე პოტენციურად სარისკო პარტნიორზე მნიშვნელოვანი დამოკიდებულების გაჩენა ან/და შენარჩუნება. არსებობს იმის დიდი ალბათობა და რისკი, რომ ბიზნესები საქართველოში რუსული ნავთობპროდუქტების დაბალი ფასებით მოიხიბლებიან და თავს არიდებენ დასავლეთის სანქციებს, როგორც ეს ინდოეთსა და ჩინეთში მოხდა. თუმცა მთავრობამ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, რომ დასავლური პრინციპებისგან და პოლიტიკური ნებისგან მსგავსი გადახვევები გააკონტროლოს და ბიზნესები წაახალისოს, რომ მათ არსებული მომწოდებლების დივერსიფიკაცია მოახდინონ ნაკლებ პრობლემური მომწოდებლებით8. გარდა ამისა, ნავთობპროდუქტების ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ფიქრის დაწყება ნავთობპროდუქტების საცავებისა და გადამამუშავებელო ქარხნების მშენებლობაზე. მარაგების შევსება, როდესაც ფასები უფრო დაბალია და მათი ნავთობის კრიზისის დროს გამოყენება ფასების სტაბილიზაციის მიზნით, ნაკლებ მტკივნეულად აისახება ფიზიკური პირების სამომხმარებლო კალათასა და ბიზნეს ოპერაციებზე. ქარხნები, მეორე მხრივ, ქვეყანას მეტ ალტერნატივას გაუჩენს ნედლი ნავთობის დივერსიფიკაციისთვის და ნავთობპროდუქტების ფასების სტაბილიზაციასაც შეუწყობს ხელს. დაბოლოს, საქართველოში ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომობილებზე გადასვლის მზარდმა ტენდენციამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ტრანსპორტის სექტორში ნავთობპროდუქტებზე არსებული დამოკიდებულების ხარისხის შემცირებას9.

რუსული კაპიტალი ენერგოსექტორში, კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეები და ფასის დემპინგი

სხვა მნიშვნელოვანი დისკუსიები ენერგეტიკის სექტორში რუსული კაპიტალის გარშემო ტრიალებს. ფონდი „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG) 2022 წლის ანგარიშში ხსნის, რომ რუსულ კაპიტალზე დასავლური სანქციების მიმართ ენერგოსექტორი უფრო მდგრადი იქნება, ვინაიდან იგი რეგულირებულია და თითოეული სუბიექტი ლიცენზირებულ საქმიანობას ახორციელებს, მათი დასკვნები ნებართვებისა და ლიცენზიების შესახებ საქართველოს კანონის სამართლებრივი ანალიზიდან გამომდინარეობს. კანონის თანახმად, თუ ენერგოკომპანია ლიცენზიის ხელშეკრულებაში გაწერილ რომელიმე წესს დაარღვევს, მარეგულირებელი კომისია სპეციალურ ზედამხედველს დანიშნავს მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის სტაბილური მიწოდების უზრუნველსაყოფად. ეს შესაძლოა გავრცელდეს ისეთ შემთხვევებზე, როგორიცაა რუსი მფლობელის წინაშე მდგარი პრობლემები ბიზნესოპერაციების განსახორციელებლად ადგილობრივი ბანკებიდან და ფინანსური ინსტიტუტებიდან დამატებითი ფინანსური წყაროების მიღების მხრივ. თუმცა მეორე საკითხია, არსებობს თუ არა ქვეყანაში საკმარისი ფინანსური რესურსები, რომ ბაზარზე რუსული ინვესტორები ჩანაცვლდეს და აქტივობები შეუფერხებლად გაგრძელდეს.

არ უნდა დაგვავიწყდეს ენერგეტიკულ სისტემებზე კიბერშეტევების მზარდი საფრთხეებიც, რომლებიც სისტემის გაციფრულებასთან ერთად იჩენს თავს. ამგვარად, ოპერატორების მზაობა და სპეციალისტების მზადყოფნა, რომ თავიდან აიცილონ კიბერშეტევები და უზრუნველყონ არსებული ინფრასტრუქტურის კიბერგაძლიერება, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების პოლიტიკის განვითარების კიდევ ერთი მიმართულებაა. საუკეთესო შემთხვევაში, სექტორის სრულად გაციფრულებამდე უნდა შეფასდეს არსებული საფრთხეები და პრევენციული ზომები უნდა იქნეს მიღებული. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ელექტროენერგიის ბაზრის გახსნა 2022 წლის სექტემბერში იგეგმება. ეფექტური საბაზრო ოპერაციების უზრუნველსაყოფად საჭიროა ინვესტიციების განხორციელება ჭკვიან ქსელებში, მრიცხველებსა და ავტომატიზირებულ სისტემებში. დაბოლოს, არსებობს მარეგულირებელი კომისიის მხრიდან საფუძვლიანი და სიღრმისეული ზედამხედველობის გადაუდებელი საჭიროება, რათა თავიდან იქნეს აცილებული დემპინგური აქტივობები10 არასასურველი და არასანდო სავაჭრო პარტნიორებისა და იმპორტიორებისგან11.

დასკვნები

ჩვენ განვიხილეთ რამდენიმე ალტერნატივა რუსულ სექტორზე დამოკიდებულების მინიმიზაციისა და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს ალტერნატივებია: ელექტროენერგიის ადგილობრივად წარმოების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობის უზრუნველყოფა, ნავთობპროდუქტების მომწოდებლების დივერსიფიკაცია და გაზისა და ნავთობპროდუქტების საცავების მშენებლობა. ჩვენ განვიხილეთ ENTSO-E-ში ინტეგრაციის შესაძლებლობები და ენერგოსექტორში რუსული კაპიტალის არსებობასთან დაკავშირებული პრობლემებიც. თითოეულ ამ სფეროს თავისი გაურკვევლობები ახასიათებს და ზოგ მათგანს განხორციელებისთვის ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება. ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ის , რომ აუცილებელი არ არის ყველა ეს ალტერნატივა ცალ-ცალკე იქნას არჩეული ან/და მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობით განხორციელდეს. პირიქით, გონივრულმა ენერგეტიკულმა პოლიტიკამ ეტაპობრივად პოლიტიკის ყველა ზომა უნდა გააერთიანოს და გამოიყენოს წარმოქმნილი შესაბამისობისა და სინერგიის სარგებელი. აუცილებელია, პოლიტიკური გადაწყვეტილებები დააეფუძნოს უახლეს ინფორმაციას და ამგვარად შეამციროს გაურკვევლობა. ვინაიდან რესურსები შეზღუდულია, არსებითად მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ალტერნატივის ეკონომიკური ეფექტურობის შეფასებისას დეტალური რაოდენობრივი გავლენის შეფასების განხორციელების და ყველა მოსალოდნელი ხარჯისა და სარგებლის მონეტიზაციის პროცესში ყველა ეს ელემენტი მხედველობაში იქნეს მიღებული. ხარჯისა და სარგებლის ამგვარი ანალიზი რისკის სიღრმისეული შეფასების მეშვეობით უნდა განხორციელდეს და ღირებულება რისკის შემცირების კომპონენტსაც მიენიჭოს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ელემენტი გადაწყვეტილების მიღების/პოლიტიკის შემუშავების პროცესის საბოლოო ეტაპზე იყოს გათვალისწინებული (როდესაც სტრატეგიები და პოლიტიკა შერჩეული და განხორციელებულია). მთელი ეს მოსამზადებელი სამუშაო უზრუნველყოფს, რომ პროექტებმა მეტი სარგებელი მოუტანოს საზოგადოებას ენერგოუსაფრთხოების გაზრდისა და თანდართული რისკების მინიმიზაციის ხარჯზე.

_________________

[1] აფხაზეთში მკვეთრად გაზრდილ ელექტროენერგიის მოხმარებასთან გამკლავება, ძირითადად, პოლიტიკური საკითხია, რომელიც 60/40 წესის აღსრულების საჭიროებასთან არის დაკავშირებული, რომლის შესაბამისადაც ენგურისა და ვარდნილის ჰესების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 60% საქართველოს დანარჩენ ნაწილს უნდა მოხმარდეს, 40% კი – აფხაზეთს. მიუხედავად ამისა, აუცილებელია, მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე დაიწყოს, ვინაიდან აფხაზეთი რუსეთისგან ნაკლებ ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებს რუსეთის ხარჯების საგრძნობი გაზრდის გამო, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომისკენაა მიმართული. შესაბამისად, დატვირთვა ქართულ ელექტროსისტემაზე შესაძლოა გაიზარდოს.

[2] 2019 წლის განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმის თანახმად, საქართველოს ჰიდროელექტროენერგიის წარმოების პოტენციალი, დაახლოებით, წლიური 50 ტერავატ საათით შეფასდა, ხოლო სიმძლავრის კუთხით, 2021 წლისთვის, დაახლოებით 21% იქნა გამოყენებული. ქარის ენერგიის წარმოების პოტენციალი, დაახლოებით, 4 ტერავატ საათით შეფასდა წლის განმავლობაში, თუმცა დაახლოებით 2% იქნა გამოყენებული 2021 წლისთვის, ხოლო ბიომასის პოტენციალი 3-4 ტერავატ საათს გაუტოლდა, როდესაც 2019 წელს მისი მხოლოდ 0.01% იქნა გამოყენებული. საქართველოს გეოთერმული და მზის ენერგიის წარმოების პოტენციალიც აქვს, თუმცა ამ წყაროებიდან ენერგიის მიღების წილი კვლავ უმნიშვნელოა. მიუხედავად იმისა, რომ აღსანიშნავია ნეტო-აღრიცხვის სისტემის წარმატება, განსაკუთრებით, მზის ელექტროსადგურების დადგენილი სიმძლავრის 500 კვტ-მდე გაზრდის შემდეგ, რის საფუძველზეც მათ მიერ გამომუშავებულმა ენერგიის წარმოებამ წელიწადში 17.7 მგვტ/სთ შეადგინა და წინა წლებთან შედარებით ათჯერ მეტად გაზარდა, აღნიშნული ოდენობა ჯერ კიდევ უმნიშვნელო წილს შეადგენს 2021 წელს მთლიან წარმოებაში.

[3] ბოლო პერიოდში ენერგიის გამოყენების ინკლუზიური და გამჭვირვალე დაგეგმვის უზრუნველსაყოფად პირველი ნაბიჯები გადაიდგა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის და მდგრადი განვითარების დეპარტამენტმა ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების ინტეგრირებული სამოქმედო გეგმის (NECP) შესახებ დისკუსიის ფარგლებში 10-ზე მეტ სამუშაო შეხვედრაზე ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა უზრუნველყო, რომელიც ენერგოსექტორისთვის საკვანძო პოლიტიკის დოკუმენტს წარმოადგენს.

[4] ზომების მიღება ამ მიმართულებითაც დაიწყო და რიგი ნაბიჯები უკვე გადაიდგა კიდეც. GSE ელექტროენერგეტიკული ქსელის გაუმჯობესების პროგრამის (ENIP) ფარგლებში 561 კმ სიგრძის გადამცემი ხაზებისა და 13 ელექტროქსელის ქვესადგურის მშენებლობას, გაფართოვებასა და რეაბილიტაციას გეგმავს.

[5] უკვე არსებობს ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომელიც ყველა ამ აქტივობას აერთიანებს, თუმცა მისი აღსრულება კვლავ გამოწვევად რჩება.

[6] ჭკვიანი ქსელი ენერგოსისტემაში ენერგიის დაზოგვას უწყობს ხელს. პირველ რიგში, ის ენერგოსისტემის გამოყენების ეფექტურობას აუმჯობესებს, ახდენს რა დაგეგმვის ოპტიმიზაციას და დანახარჯების შემცირებას. მეორე რიგში, ის უზრუნველყოფს ენერგიის მოხმარების ეფექტურობას ელექტროენერგიის მომხმარებელთათვის ყველა სახის საჭირო ინფორმაციის მიწოდების გზით, როგორიცაა, ელექტროენერგიის არსებული და ისტორიული მოხმარება, ნახშირორჟანგის გამონაბოლქვი ელექტროენერგიის მოხმარებიდან, მყისიერი მოთხოვნა, ტემპერატურა, ტენიანობა და განათება, სხვ. ელექტროენერგიის შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს მიეწოდება, რაც მას ელექტროენერგიის მოხმარების რეჟიმის განსაზღვრაში ეხმარება. ჭკვიანი ქსელების განუყოფელი ნაწილია ჭკვიანი მრიცხველები, რომლებიც ზუსტად აღრიცხავენ ელექტროენერგიის მოხმარებას და ზუსტ ინფორმაციას აწვდიან მოხმარებელს ელექტროენერგიის საათობრივი ტარიფების/ფასების შესახებ. როდესაც მომხმარებლები ხედავენ, რომ ფასები ყველაზე მაღალი პიკური მოთხოვნის პერიოდშია, ისინი ამცირებენ მოხმარებას და სისტემაზე ზეწოლაც მცირდება. 2021 წლის ოქტომბრიდან ყველა ახალი შენობა საქართველოში აღჭურვილი უნდა იქნეს ჭკვიანი მრიცხველებით, ხოლო ძველი მრიცხველები ძველ შენობებში მომდევნო წლებში ეტაპობრივად შეიცვლება.

[7] საქართველოს უკვე აქვს გარკვეული გამოცდილება 2006 წელს ირანიდან ბუნებრივი აირის იმპორტის მხრივ. მეტიც, საქართველოსა და ირანს შორის გარკვეული მოლაპარაკებებიც მიმდინარეობდა ირანული გაზის საქართველოში იმპორტის შესახებ.

[8] განსაკუთრებით, როცა ნავთობის ბაზრის დივერსიფიკაცია გაცილებით მარტივია, ვინაიდან საქართველოს 70-მდე მომწოდებელი ჰყავს და ნავთობ პროდუქტების იმპორტი სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტით არის შესაძლებელი: ბარჟებით, ტანკერებით, სახმელეთო გადაზიდვების გზით, გაზსადენებით, სატვირთო ავტომობილებით და რკინიგზით.

[9] 2016 წელს ჰიბრიდულ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი შეიცვალა და მასტიმულირებელი პოლიტიკა იქნა შემოღებული ელექტრო ავტომობილებისთვის. შესაბამისად, ჰიბრიდული და ელექტრო ავტომობილების იმპორტი საგრძნობლად გაიზარდა და 2017 წლიდან 20%-ზე მეტს შეადგენდა, თუმცა 2021 წელს იმპორტის წილი შემცირდა, რაც, გარკვეულწილად, წიაღისეული საწვავისა და ბუნებრივი აირის ფასების ცვლილებამ განაპირობა.

[10] მსგავსი რისკების შესამცირებლად საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2021 წელს მარკეტინგის მონიტორინგის დეპარტამენტი/განყოფილება შექმნა.

[11] ბაზრის გახსნის საწყის ეტაპზე შესაძლოა საფრთხილო იყოს ბაზარზე იმპორტიორების შეზღუდვა, თუკი უზრუნველყოფილი არ არის, რომ მონიტორინგის სისტემა გამართულად ფუნქციონირებდეს და სამართლიანი ბაზრის წესებიდან ნებისმიერ აცდენას აფიქსირებდეს.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა