დღეს 24 მარტია და წავკისში 5 დღეა ფაქტობრივად გაუჩერებლად ბარდნის. ჩემს ეზოსა და ქუჩაზე თოვლის საფარმა უკვე ერთ მეტრს მიაღწია. თოვლმა მანქანები დათოვლილ ქუჩებზე უიმედოდ ჩახერგა, ჩვენი პატარა სამეზობლო კი გარე სამყაროს მოწყვიტა. აქაურები ამბობენ, რომ ასეთი დიდთოვლობა წავკისში თაობებს არ ახსოვს, მით უფრო მარტში. სწორედ ამ დროს, The Economist 24 მარტის გამოშვებაში წერს, რომ არქტიკაში ამ თვეში მარტის ისტორიულ საშუალო ტემპტერატურაზე 40°C-ით მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. ვფიქრობ, ეს უჩვეულო ამინდი – აქაც და შორეულ არქტიკაშიც – კლიმატის ცვლილების პირდაპირი ნიშანი და გამოვლინებაა, ისევე როგორც არაერთი ბუნებრივი კატაკლიზმა ამ ბოლო ათწლეულებში. მათი ინტენსივობისა და სიმძლავრის ზრდის მომსწრენი ვართ მთელ მსოფლიოში – გამძვინვარებული ხანძრები საქართველოში, თურქეთსა თუ ავსტრალიაში, გვალვები პაკისტანში თუ მოლდავეთში, წყალდიდობები ევროპაში თუ ქარიშხლები აშშ-ში. მეცნიერების ოფიციალური შეფასებით, 2020 წელი დედამიწის ისტორიაში ყველაზე ცხელი წელი იყო. თუ კლიმატის ცვლილებით არა, სხვაგვარად როგორ უნდა ავხსნათ ტემპერატურის ზრდა ცივ ქვეყნებში და ვარდნა თბილ ქვეყნებში, ანომალიური თოვლი იქ, სადაც ის არასდროს ყოფილა, ან გაუსაძლისი სიცხე იქ, სადაც მას მოსახლეობა არასოდეს შეუწუხებია?
საქართველოში, დიახაც, გვსმენია რომ კლიმატის ცვლილება გლობალური საფრთხეა, საკაცობრიო გამოწვევაა, მაგრამ ვაქცევთ კი მას ყურადღებას? რა დროს ეგ არის! ჯერ ვერ და არ მოვიცალეთ, უფრო მნიშვნელოვანი საქმეებით ვართ დაკავებული. ჩვენი დამოკიდებულების გასამართლებად არგუმენტებიც კარგი გვაქვს: მოსახლეობის დიდი ნაწილი მცირე შემოსავლისთვის შრომობს, ოჯახის გამოკვებასა და პირობების უზრუნველყოფაზე ფიქრობს და ზრუნავს. მსოფლიო პანდემიამ, ომებმა, ოკუპაციამ, ძალადობამ მოიცვა, რამაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამას ქვეყანაში გაბატონებული პოლიტიზირება და პოლარიზებაც ემატება, რის გამოც ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი მხოლოდ პოლიტიკური დივიდენდების ჭრილში განიხილება და ჩვენს ყურადღებას ამისკენ მიმართავს. და ჩვენც ვფიქრობთ: რა დროს კლიმატის ცვლილების შერბილებასა და ადაპტაციაზე ზრუნვაა?! რა დროს ამაზე დროის, ფულისა და ენერგიის ხარჯვაა?! რა დროს ამ საკითხზე მაღალი დონის გლობალური ფორუმები და მინისტერიალებია?!
მაგრამ ერთი წუთით თუ დავფიქრდებით, დავინახავთ, რომ უდიდესი ეგზისტენციალური დილემის წინაშე ვდგავართ. კლიმატის ცვლილებამ ხვალ ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების თაობას შეიძლება ისეთივე ზიანი და ტკივილი მოუტანოს, როგორც პანდემიამ და ომებმა მოგვიტანა ჩვენ დღეს. ხოდა, იქნებ ღირს ამაზე ახლა დაფიქრება? იქნებ სწორედ ახლა უნდა გავაკეთოთ არჩევანი ჩვენი ოჯახისა და თაობის შედარებით მოკლევადიან პრიორიტეტებს და ჩვენი შვილებისა და მომავალი თაობის გრძელვადიან პერსპექტივას შორის?
მეცნიერების სარწმუნო კვლევისა და ვარაუდების მიხედვით, 1980 წელთან შედარებით დედამიწაზე საშუალო ტემპერატურამ 1.1°C-ით მოიმატა და, თუ ასე გაგრძელდა, 2100 წლისთვის დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა 3°C-ით მეტი იქნება (ფაქტებისა და არგუმენტაციისთვის უარმავი წყაროა, მაგალითად, იხ.: https://climate.nasa.gov/). ეს კი იმას ნიშნავს, რომ სულ უფრო უმართავი იქნება ტყის ხანძრები (ბოლო 15 წელიწადში სამცხე-ჯავახეთში 34 ხანძარი დაფიქსირდა), სულ უფრო მეტი მწვანე საფარი, ტყე და სასოფლო-სამეურნეო მიწა განადგურდება, სულ უფრო მეტი ცხოველი დაიღუპება, სულ უფრო მეტი ადამიანი დარჩება საცხოვრებლის გარეშე; გახშირდება გვალვები და წყალდიდობები, დადნება მყინვარები, ადიდდება მდინარეები, რაც, თავის მხრივ, გაანადგურებს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, მოსავალს, დასახლებების ინფრასტუქტურას და ხშირად ადამიანების სიცოცხლეს. ფაქტია, რომ არქტიკაში ყინულის დნობა დაწყებულია და კვლევებმა დაადასტურა, რომ ყინულის საფარი 1979 წლიდან ყოველ 10 წელიწადში 13%-ით მცირდება. ეს ქმნის ახალი ბაქტერიების და ვირუსების გავრცელების საშიშროებას. დნება მყინვარებიც. 1993 წლიდან დღემდე ოკეანეებისა და ზღვების დონე 10 სმ-ით გაიზარდა და მეცნიერების ვარაუდით 2100 წლისთვის ეს ნიშნული 1 მეტრს მნიშვნელოვნად გადააჭარბებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღევანდელი ხმელეთის რაღაც ნაწილი სამუდამოდ წყალქვეშ მოექცევა, მათ შორის ზღვისპირა ქალაქების სანაპიროები, სადაც დღეს 150 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. საქართველოს მაგალითისათვის, მსოფლიო ბანკის კვლევის თანახმად Georgia: Towards Green and Resilient Growth, 2018 წელს სწორედ კლიმატის ცვლილების მიერ გამოწვეულმა წყალდიდობებმა და ნიადაგის ეროზიამ საქართველოს სანაპირო ზოლს მთლიანი შიდა პროდუქტის 5% ტოლი ზარალი მოუტანა.
შეგვიძლია გავაგრძელოთ ეს შემაშფოთებელი ჩამონათვალი... ზოგიერთი ოფიციალური წყაროს მიხედვით, კლიმატის ცვლილებასთან გადაუდებელი ადაპტაციის გარეშე 2050 წლისთვის ძირითადი საკვების მოსავალი შეიძლება 30% შემცირდეს, მაშინ როდესაც გაეროს მონაცემებით, დედამიწის მოსახლეობის რიცხვი 2 მილიარდით (25%-ით), 9.7 მილიარდამდე გაიზრდება. ეს წყლის რესურსებისა და საკვების ნაკლებობას და ადამიანთა შიმშილს გამოიწვევს. 2050 წელს ჩვენს შვილიშვილებს აღარც დღევანდელი პოლიტიკური ბატალიები დააინტერესებთ და აღარც სხვა მოკლევადიანი პრიორიტეტები ემახსოვრებათ, რადგან კლიმატის ცვლილება, რომელიც დღეს ჩვენი თაობის პრიორიტეტებს შორის ვერ მოხვდა, შეიძლება ყველაზე დიდი ტრაგედია აღმოჩნდეს და მათგან ისეთივე მსხვერპლი მოითხოვოს, როგორსაც დღეს პანდემია და ომი ითხოვს ჩვენგან.
კლიმატის ცვლილების შეჩერებისა და შერბილების მსოფლიო კამპანიები და აქტიური მუშაობა 1994 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. მსოფლიო ლიდერები ამ საკითხებს უდიდეს დროსა და ენერგიას ახარჯავენ, არაერთი მნიშვნელოვანი შეთანხმებაც გაფორმდა: კიოტოს პროტოკოლი, პარიზის შეთანხმება. ბოლო COP26 შეთანხმება 2021 წლის ნოემბერს გლაზგოში გაფორმდა და მას 200-მდე ქვეყანამ მოაწერა ხელი. შეთანხმების მიზანია ტემპერატურის ზრდის სასურველი შეზღუდვა 1.5°C-მდე პრე-ინდუსტრიულ პერიოდთან შედარებით, რისთვისაც ერთობლივად 100 მილიარდი აშშ დოლარი უნდა გამოიყოს. საქართველოც ამ გლობალური შეთანხმების ნაწილია, აქვს კლიმატის ცვლილების სტრატეგია 2030 და მისი სამოქმედო გეგმა, რომელიც საჯარო დოკუმენტია და ყველას შეუძლია ელექტრონულად ნახვა (ქართულად და ინგლისურად). ჩვენმა ქვეყანამ აიღო საერთაშორისო ვალდებულება, 2030 წლამდე საქართველოში სათბურის გაზების გამონაბოლქვი (GHG Emissions) 35%-ით შეამციროს 1990 წელთან მიმართებაში. დასაწყისი კარგია, მაგრამ თუ ჩვენ, რიგითი მოქალაქეები, არ ავიღებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას და არ შევცვლით ჩვენს დამოკიდებულებასა და ყოველდღიური ცხოვრების სტილს, ალბათ, ეს მშვენიერი დოკუმენტი უტოპიური დოქტრინა იქნება.
მოდით, მარტივი ტესტი გავაკეთოთ და მხოლოდ ჩვენ თავს გავუზიაროთ ჩვენი პოზიცია:
გჯერათ, რომ კლიმატის ცვლილება რეალური საფრთხეა კაცობრიობისთვის?
(ა) არ მჯერა
(ბ) მჯერა, მაგრამ არაფერს ვაკეთებ
(გ) მჯერა და ვიღებ ჩემს წილ პასუხისმგებლობას (ვცდილობ რაციონალურად მოვიხმარო რესურსები, შევზღუდო პირადი მანქანით გადაადგილება და ა.შ.)
თუ პირველი პასუხი აირჩიეთ, თქვენ კლიმატის ცვლილების სკეპტიკოსებს მიეკუთვნებით, რომელთა რიცხვიც, საბედნიეროდ, მსოფლიოში ყოველწლიურად მცირდება. მათი პოზიციის ცვლილებას ის კატაკლიზმები იწვევს, რომელთა რიცხვიც ყოველწლიურად იზრდება და ათასობით ადამიანის სიცოცხლე და მილიარდობით დანახარჯი მიაქვს.
თუ თქვენი პასუხია (ბ), თქვენ ‘ინფორმირებულ გულგრილთა’ ჯგუფს მიეკუთვნებით. გჯერათ, მაგრამ ძალიან დაკავებული ხართ ოჯახური, პირადი, პროფესიული, სოციალური თუ პოლიტიკური პრიორიტეტებით. მაგრამ, თუ თქვენ კლიმატის ცვლილების გჯერათ, მაშინ იცით, რომ დღეს არაფრის გაკეთებით ხვალ თქვენს შვილიშვილებს საკვებს ართმევთ, შიმშილის საფრთხეს უქმნით და მათი ზღვისპირა ქალაქების ტერიტორიების ჩაძირვის რისკს ასაზრდოვებთ.
თუ თქვენი პასუხია (გ), ცდილობთ თქვენი დღევანდელი პრიორიტეტები მომავალი თაობის პრიორიტეტებს შეუთავსოთ! იმედია, სულ უფრო მეტი ადამიანი გადმოინაცვლებს თქვენს ბანაკში სკეპტიკოსთა და გულგრილთა ჯგუფებიდან.
P.S. ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ნორვეგიის მთავრობას, რომელმაც დააფინანსა ISET კვლევითი ინსტიტუტის პროექტი საქართველოს მედიის წარმომადგენლების უნარების ამაღლებისათვის კლიმატის ცვლილების და მწვანე ეკონომიკის კუთხით, რათა ჟურნალისტებმა უფრო ინტენსიურად და ეფექტურად მიაწოდონ მოსახლეობას ინფორმაცია ამ მნიშვნელოვან თემაზე.