როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილსა და ვიზეარის აღმასრულებელ დირექტორს, ოვეინ ჯონს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ვიზეარმა გადაწყვიტა, 2016 წლის სექტემბრიდან დანიშნოს ქუთაისიდან ფრენები (კვირაში ორჯერ ან სამჯერ) ბერლინის, მიუნხენის, მილანის, დორტმუნდის, ლარნაკას, სოფიასა და თესალონიკის მიმართულებით.
ამ უმნიშვნელოვანესი მიღწევის კვალდაკვალ, მთავრობამ გამოაქვეყნა გეგმა, კიდევ უფრო გააფართოვოს ეს არეალი და მნიშვნელოვნად შეამციროს რეგულარული პირდაპირი ფრენების ხარჯები TAV-ის მიერ მართული შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის აეროპორტიდან დასავლეთ ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის, ჩინეთის, ინდოეთისა და იაპონიის მიმართულებით. პროგრამა „იფრინე საქართველოში“ დღეს დილით წარუდგინეს ტურიზმის სექტორის ქართველ და საერთაშორისო წარმომადგენლებს, გიორგი კვირიკაშვილს, დიმიტრი ქუმსიშვილს, ნოდარ ხადურს და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს უფროსს, გიორგი ჩოგოვაძეს.
ახალი პროგრამა ითვალისწინებს 500 აშშ დოლარამდე შეღავათს ყოველ მგზავრზე, რომელიც ჩამოდის თბილისში შერჩეული ძვირადღირებული ადგილიდან. შეღავათის რაოდენობის გამოსათვლელი ფორმულა დაფუძნებული იქნება ბილეთის ფასსა და ტურისტების მიერ ქართულ პროდუქტებსა თუ მომსახურებაზე დახარჯული თანხის მიხედვით.
ქუმსიშვილის განცხადებით, რომელიც იყო მთავარი გამომსვლელი ღონისძიებაზე, „მთავრობის მიზანია ძვირადღირებული ტურისტების მოზიდვა, რომლებიც, როგორც წესი, შედარებით მეტ თანხას ხარჯავენ სასტუმროებზე, რესტორნებზე, შოპინგსა თუ გართობაზე. ამ გზით „იფრინე საქართველოში“ წაახალისებს ადგილობრივ მწარმოებლებსა და მომსახურების მიმწოდებლებს შედარებით პასიურ სეზონებზე“.
შეღავათები იმოქმედებს ყოველი წლის 30 სექტემბრიდან 1 ივნისამდე, როდესაც საქართველოს მასპინძლობის ინდუსტრიაში უამრავი შესაძლებლობა აუთვისებელია.
|
თითოეული ტურისტის მიერ დახარჯული თანხის უფრო მარტივად სამართავად, ქართული ღვინის ბოთლთან ერთად, ტურისტებს გადაეცემათ სპეციალური საკრედიტო ბარათი „დახარჯე საქართველოში“, რომელსაც მსხვილი ქართული ბანკები მთავრობასთან ერთად დაამზადებენ. ბარათები ფასდაკლებებით უზრუნველყოფს ყველას, ვინც იყიდის ამ პროგრამაში ჩართული ბიზნესებისგან. გარდა ამისა, ტურისტებს შეუძლიათ, ჩაიწერონ თავიანთი ხარჯები ანდროიდისა და აიფონის აპლიკაციებში „აღმოაჩინე საქართველო“, რომელიც უზრუნველყოფს ისეთ დამატებით სერვისებს, როგორიცაა სასაუბრო ქართული ლექსიკონი, ქართულ-ინგლისური და ინგლისურ-ქართული ხმოვანი თარგმანი, რუკები და ინფორმაცია ახლომდებარე სასტუმროებზე, რესტორნებზე, მუზეუმებზე, გასართობ და სანახავ ადგილებზე.
ამჟამად პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს მსხვილ ევროპულ, ჩრდილოეთ ამერიკულ და აზიურ კომპანიებთან. მგზავრთა სიხშირეზე პოტენციური გავლენისა და ტურისტებისგან მიღებულ შემოსავლებზე არსებული კალკულაციების საფუძველზე, შეირჩევა 10-მდე კომპანია. ამჟამად დაწინაურებულთა შორის არიან ამერიკის ავიახაზები, ბრიტანეთის ავიახაზები, საფრანგეთის ავიახაზები, იაპონიის ავიახაზები, ჩინეთის ავიახაზები და ფლაი ემირატები.
ვიდეომიმართვისას ამერიკული ავიახაზების აღმასრულებელმა დირექტორმა, დაგ პარკერმა აღნიშნა, რომ „საქართველოს მიერ განხორციელებული ბევრი სხვა რეფორმის მსგავსად, „იფრინე საქართველოში“ არის ძალიან ორიგინალური და არაორდინალური პროექტი. ამერიკელი საზოგადოება ძალიან აფასებს საქართველოს პროდასავლურ პოზიციას და მის თავბრუდამხვევ მიღწევებს ანტი-კორუფციული რეფორმების მიმართულებით. მოგზაურობის ხარჯების შემცირებით, „იფრინე საქართველოში“ ხელს შეუწყობს, ეს მადლიერება იქცეს რეალურ ტურიზმად და ინვესტიციებად. ჩვენ, როგორც უდიდესი ამერიკული კომპანია, მოხარული ვიქნებით, შევასრულოთ ხიდის როლი ქართველ და ამერიკელ ხალხს შორის“.
გიორგი ჩოგოვაძემ წარმოადგინა GNTA-ის მიერ მომზადებული ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის ანალიზი, რომელიც ამყარებს პროგრამას „იფრინე საქართველოში“. მისი განცხადებით, 2015 წელი იყო შესანიშნავი წელი ინდუსტრიისთვის, რაც მოჰყვა 2014 წლის მცირე შენელებას, რომელიც, ერთი მხრივ, გამოიწვია მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო კრიზისმა და, მეორე მხრივ, საქართველოს მიერ შემოღებულმა ყოვლად გაუგებარმა სავიზო შეზღუდვებმა.
ჩოგოვაძემ განაცხადა, რომ 2015 წელს „საერთაშორისო ჩამოსვლების მთლიანმა რაოდენობამ მიაღწია რეკორდულ მაჩვენებს (6 მლნ.). თუმცა ამათგან მხოლოდ 2.23 მლნ. იყო ტურისტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩამოსულებმა სულ მცირე ერთი ღამე გაატარეს საქართველოში. ჩამოსულთა აბსოლუტური უმრავლესობა არის ტრანზიტული ვიზიტორები საქართველოს მოსაზღვრე, მეზობელი ქვეყნებიდან. ეს ტრანზიტული ვიზიტორები იყენებენ ქართულ ინფრასტრუქტურას ისე, რომ თითქმის არაფერს არ ჰმატებენ ქართულ ეკონომიკას. სატვირთოების მძღოლები იხდიან 250 ლარს მოგზაურობის საფასურს. დანარჩენები ჭამენ ხაჭაპურს“.
ჩოგოვაძეს თუ დავუჯერებთ, საქართველოს კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ 2015 წელს საჰაერო გზით ქვეყანაში მხოლოდ 764 ათასი ვიზიტორი შემოვიდა. როგორც წესი, ეს არიან ტურისტები, რომლებიც რჩებიან და ხარჯავენ ფულს. თუმცა თვითონ ამ ჯგუფშიც კი მხოლოდ 334 ათასია ძვირადღირებული ტურისტი ჩრდილოეთ ამერიკიდან, დასავლეთ ევროპიდან, აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან. სწორედ ამ რეგიონების ტურისტები არიან პროგრამის „იფრინე საქართველოში“ მთავარი სამიზნე ჯგუფი.
დაბოლოს, მთავარი პრობლემა, რომლის გადაწყვეტასაც ემსახურება „იფრინე საქართველოში“, არის ტურისტების განსაკუთებით მაღალი კონცენტრაცია ივლის-აგვისტოში და ძალიან მცირე ზრდა სათხილამურო სეზონზე. მართალია, ასეთ მკვეთრი სეზონური ზრდა ხელს უწყობს სეზონური სამუშაოების შექმნასა და ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებას, მაგრამ უარყოფით გავლენას ახდენ მასობრივ ტურიზმზე, აბინძურებს რა გარემოს და ქმნის საცობებს. მაღალი სეზონურობა უარყოფითად მოქმედებს მასპინძლობის სექტორზეც, რადგან ამცირებს სტიმულს, ინვესტიციები ჩაიდოს ფიზიკურ კაპიტალსა და უნარ-ჩვევებში (რომელიც წელიწადში 10 თვე აუთვისებელი ან არასაკმარისად ათვისებულია).
საქართველოს, როგორც არასეზონური ტურისტული ადგილის, მიმზიდველობის გაზრდის მიზნით, მთავრობა, ასევე, გეგმავს ინვესტიციების ჩადებას წყალტუბოს, ბორჯომ/ბაკურიაისა და ახტალის წყლისა და ტალახების კურორტებში. საირმის მაგალითმა, რომელიც 2012 წელს განაახლა საჯარო კერძო პარტნიორობამ მსოფლიო ბანკისა და კერძო ბიზნესების დახმარებით, ცხადჰყო, რომ ამ სექტორს აქვს უზარმაზარი პოტენციალი ნებისმიერ სეზონზე, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტს. შემუშავებული გეგმითა და მარკეტინგული „თიზერებით“ მთავრობა ცდილობს, იპოვოს სექტორით დაინტერესებული ადგილობრივი თუ უცხოელი ინვესტორები.
პრემიერ-მინიტრმა კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ „იფრინე საქართველოში“ ხელს უწყობს საქართველოს მასპინძლობის ინდუსტრიის ინვესტორთა მცდელობებს. მისი განცხადებით, „მომავალ ერთ-ორ წელიწადში საქართველოში გაიხსნება 60-ზე მეტი სასტუმრო, რომელიც 40,0000-მდე საწოლს დაიტევს. ეს მოიცავს ხუთვარსკვლავიან სასტუმროებს, როგორიცაა, მაგალითად, ინტერკონტინენტალი, ჰილტონ პარკი, რიქსოსი და ჰაიატი თბილისში, რედისონ ბლუ წინანდალში, ქრაუნ პლაზა და ბაბილონ თაუერი ბათუმში. ეს ინვესტიციები დიდ სარგებელს მოუტანს დასავლეთ ევროპიდან თუ ჩრდილოეთ ამერიკიდან ტურისტების შემოდინებას“.
ერთადერთი ადამიანი, რომელსაც კითხვები ჰქონდა მთავრობის ახალ პროგრამასთან დაკავშირებით, იყო ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური. სანამ სხვები ამ ინიციატივას ხოტბას ასხამდნენ, ის ჩუმად ითვლიდა პროგრამის ხარჯებს რომელთა გაღებაც გადასახადის გადამხდელებს მოუწევთ. პრემიუმ-ადგილებიდან ჩამომსვლელთა რაოდენობა თუ იგივე იქნება, რაც ახლაა, 30 ათასი, შეღავათების რაოდენობამ შეიძლება 70 მლნ. აშშ დოლარს მიაღწიოს. მან ვერ მოახერხა იქვე შეეფასებინა, შეძლებს თუ არა პროგრამა საკმარისი მოგების მოტანას.
„საქართველომ უნდა გასწიოს ეს რისკი,“ – განაცხადა კვირიკაშვილმა, –„განვითარებულ ქვეყნებთან რეგულარული სატრანსპორტო კავშირების ქონა მოგვცემს იდეალურ შესაძლებლობას, გავაძლიეროთ ჩვენი ბიზნესები და შევქმნათ სამუშაო ადგილები. ფული არ არის ამ პროგრამის შეფასების ერთადერთი კრიტერიუმი. ეს იმდენად ეხება ეკონომიკას, რამდენადაც ევროპასთან სოციალური და კულტურული კავშირების დამყარებას“.