2017 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოში ამოქმედდება კერძო საპენსიო დანაზოგების სისტემა, რომელიც უფრო ფართო საპენსიო რეფორმის ნაწილია. აღნიშნული რეფორმა უკვე განიხილეს ნინო დოღონაძემ და იასია ბაბიჩმა სტატიაში „უზრუნველი სიბერე: ქართული ოცნება თუ რეალობა?“ დღეს ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ რეფორმის ერთ ძალიან საინტერესო ნაწილზე: „უარის თქმის“ პრინციპი (ე. წ. “Opt-out” Principle) და მისი გამოყენება ქართულ რეალობაში.
რას გულისხმობს „უარის თქმა“?
წარდგენილი კერძო საპენსიო დანაზოგების სისტემა ეფუძნება „უარის თქმის“ პრინციპს, რომლის თანახმადაც ყველა დაქირავებული თანამშრომელი ავტომატურად ერთვება სისტემაში, მაგრამ შეუძლია დატოვოს იგი, თუ ამისი სურვილი ექნება. ამ თვალსაზრისით, ლიბერტარიანული ფასეულობა „არჩევნის თავისუფლება“ დაცულია – დასაქმებულებს აქვთ უფლება, დარჩნენ ან გამოვიდნენ სისტემიდან. აღსანიშნავია, რომ დამსაქმებლები ვერ სარგებლობენ იგივე უფლებით – როგორც კი დასაქმებული გადაწყვეტს, დარჩეს სისტემაში და გადაიხადოს განსაზღვრული შენატანი (ნომინალური ხელფასის 2%), დამსაქმებელს სხვა გზა აღარ რჩება, გარდა იმისა, რომ თავის მხრივ დაამატოს 2%.
რატომ „გამოსვლა“ და არა „შესვლა“?
„უარის თქმის“ პრინციპი შეიძლება გახდეს ძლიერი იარაღი პოლიტიკის გამტარებელთათვის, აიძულონ მოქალაქეები, გააკეთონ არჩევანი უკეთესი ალტერნატივის სასარგებლოდ, რადგან:
(1) ის იყენებს ადამიანთა ბუნებრივ ინერციას თანხის დასაზოგად. ქცევითი ეკონომიკა გვარწმუნებს, რომ ადამიანები მიდრეკილნი არიან, არ შეცვალონ მათთვის წინასწარ განსაზღვრული ვარიანტები და, როგორც წესი, „ეზარებათ“ ახალი არჩევნის გაკეთება. ამიტომ „უარის თქმის“ პრინციპი ძალიან მოსახერხებელია პოლიტიკის გამტარებელთათვის, წაახალისონ მათთვის სასურველი არჩევანი. მადრიანმა და შეამ (2001 წ.) ერთ-ერთი მსხვილი ამერიკული კორპორაციის მაგალითზე შეისწავლეს წინასწარ განსაზღვრული ვარიანტებისა და ინერციის ძალა დასაქმებულთა ქცევაში დანაზოგთან მიმართებაში. მათ დაასკვნეს, რომ სხვა თანაბარ პირობებში, ყველა ცვლადის გაკონტროლებისას, ავტომატურ ჩართულობაზე გადასვლამ მკვეთრად შეცვალა დასაქმებულთა ქცევა დანაზოგთან მიმართებაში.
(2) ავტომატურმა ჩართულობამ შეიძლება გამოიწვიოს ე.წ. „საკუთრების ეფექტი“ (ე. წ. “Endowment Effect”) (ე. ი. საქონლის ღირებულება ადამიანისთვის იზრდება, როდესაც ის ხდება ამ საქონლის მესაკუთრე). ანუ როგორც კი ადამიანი ერთვება კერძო საპენსიო სისტემაში, ის ადრინდელზე მეტად აფასებს მას. ამგვარად, ავტომატური ჩართულობის წყალობით, ადამიანებმა, რომლებიც სხვა შემთხვევაში შეიძლება არც კი ჩართულიყვნენ სისტემაში, შეიძლება გადაწყვიტონ მასში დარჩენა.
თუ ქცევითი ეკონომიკის ეს იდეები საქართველოშიც გაამართლებს, „უარის თქმის“ პრინციპმა შეიძლება მოაგვაროს ქვეყანაში არსებული კერძო დანაზოგების დაბალი მაჩვენებლის პრობლემა.
იხსნის თუ არა „ლიბერტარიანული პატერნალიზმი“ საქართველოს მომავალ პენსიონერებს?
წარმოდგენილი „უარის თქმის“ პრინციპი არის ე.წ. ლიბერტარიანული პატერნალიზმის მაგალითი: იგი გავლენას ახდენს ადამიანის ქცევაზე, თუმცა, ამავე დროს, პატივს სცემს მის არჩევნის თავისუფლებას. ეს ტერმინი შემოიღეს რიჩარდ ტალერმა და კას სანსტეინმა 2003 წელს American Economic Review-ში გამოქვეყნებულ სტატიაში. ავტორების აზრით, „უარის თქმის“ პრინციპი პატერნალისტურია იმ გაგებით, რომ ის გავლენას ახდენს ადამიანის არჩევანზე, მისსავე სასიკეთოდ.
მართლაც, ბევრ ახალგაზრდას (და არა მარტო) ჰგონია, რომ სიბერე ჯერ კიდევ შორს არის. სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის, როგორც წესი, საპენსიო დანაზოგი არ არის უმთავრესი პრიორიტეტი, რადგან მათ უჭირთ საკუთარი სიბერის წარმოდგენა ან უბრალოდ აქვთ არარეალური მოლოდინი საკუთარ შემოსავლებზე ხანდაზმულობის ასაკში. ასეთი „მარად ახალგაზრდა“ ოპტიმისტების მსუბუქი წახალისება, იზრუნონ საპენსიო დანაზოგზე, შეიძლება შედიოდეს მათსავე ინტერესებში.
ამ მხრივ, საინტერესოა, შევხედოთ ახლახან ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს, რომელიც ISET-თან თანამშრომლობით ჩატარდა.
|
ცხრილში წარმოდგენილია მონაცემები, თუ როგორ უყურებენ საკუთარ საპენსიო შემოსავლებს სამ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში. საპენსიო ასაკთან (50-65) ძალიან ახლოს მყოფი ადამიანების თითქმის ნახევარი (47%) რეალისტურად აფასებს, რომ დამოკიდებული იქნება ნათესავებზე ან მწირ სახელმწიფო პენსიაზე.
ყველაზე ახალგაზრდა (18-33) ჯგუფში მხოლოდ 12% ფიქრობს, რომ დამოკიდებული იქნება ნათესავებზე ან სახელმწიფო პენსიაზე. ახალგაზრდები საქართველოში ოპტიმისტურად ფიქრობენ, რომ იცხოვრებენ უძრავი ქონების გაქირავებისგან მიღებული შემოსავლებით (22%). ისინი ოპტიმისტურად აფასებენ საკუთარ დანაზოგის გაკეთების უნარსაც: 17% გეგმავს საბანკო დანაზოგით ცხოვრებას, მაშინ, როდესაც 34-49 ასაკობრივ ჯგუფის მხოლოდ 9% და 50-65 ასაკობრივი ჯგუფის 6% ფიქრობს ასე.
ეს შედეგები გვაფიქრებინებს, რომ საქართველოში ახალგაზრდებს საკმაოდ არარეალისტური მოლოდინები აქვთ საკუთარ შესაძლებლობებთან დაკავშირებით, ჰქონდეთ საპენსიო შემოსავლის ალტერნატიული წყარო, რითიც ამართლებენ მთავრობის პატერნალისტურ ქმედებას.
არ არსებობს უფასო სადილი
ლიბერტარიანულ „უარის თქმის“ პრინციპს თავისი ფასი აქვს. თუ ქართველების უმრავლესობა მართლაც უარს იტყვის, ჩაერთოს აღნიშნულ სისტემაში, მაშინ მთელი რეფორმის გაცხადებული მიზნების შესრულებას საფრთხე ემუქრება.
რამ შეიძლება აიძულოს ხალხი, გამოვიდეს საპენსიო სქემიდან?
• დაბალი შემოსავალი. ცხადია, იმისთვის, რომ ადამიანმა შეძლოს თანხის დაზოგვა, მას უნდა ჰქონდეს საკმარისი შემოსავალი, რომ დაფაროს მიმდინარე საოჯახო ხარჯები. თუ ხელფასი არ არის საკმარისი ცხოვრებისთვის, „უარის თქმის“ პრინციპი აზრს კარგავს. ასეთ შემთხვევაში, რეფორმა შეეხება დასაქმებულთა იმ მცირე ნაწილს, რომელსაც მაღალი ხელფასი აქვს და რომელიც შეიძლება ისედაც აკეთებდეს დანაზოგს. 2011 წელს ACT-ის მიერ საქართველოში ჩატარებულმა დანაზოგების ქცევის შეფასების კვლევამ აჩვენა, რომ მცირე შემოსავალი არის დანაზოგების გაკეთების უმთავრესი დაბრკოლება (გამოკითხულთა 70%-ის განცხადებით). აღნიშნული კვლევის თანახმად, ადამიანი, რომლის ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი 700 ლარს აღემატება, 2.9-ჯერ მეტად არის მიდრეკილი, დაზოგოს თანხა, ვიდრე ადამიანი, რომლის ოჯახის შემოსავალი 700 ლარზე ნაკლებია. ეს კვლევა ეხებოდა ზოგად დანაზოგებს, მაგრამ კვლევის შედეგად გაკეთებული დასკვნები შეიძლება განვაზოგადოთ საპენსიო დანაზოგის ანალიზისთვისაც.
• უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი. 2014 წელს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ქვეყანაში უმუშევრობის დონე 12.4%-ს აღწევს, რის გამოც ქართველ დამსაქმებელს უფრო მეტი საბაზრო ძალაუფლება აქვს, ვიდრე დასაქმებულს. ამ უკანასკნელმა შეიძლება უარი თქვას სქემაში ჩართვაზე, რათა საფრთხე არ შეუქმნას საკუთარ სამსახურს. ასეთი რამ შეიძლება მოხდეს დაბალპროდუქტიულ სექტორებში, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში, რომლებზეც მოდის ქვეყნის დასაქმების 36.9%. შედეგად, „უარის თქმის“ პრინციპმა შეიძლება ვერ იმუშაოს დასაქმებულთა ძალიან დიდი ნაწილის შემთხვევაში. საბაზრო ძალაუფლების გამოყენებით თანამშრომლების „იძულება“, უარი თქვან საპენსიო სქემაში ჩართვაზე, პრობლემაა ბევრ განვითარებულ ქვეყანაში, სადაც დამსაქმებლის მხრიდან ამგვარი ქცევისთვის გათვალისწინებულია მაღალი ჯარიმები. საქართველოს მთავრობაც გეგმავს მსგავსი ჯარიმებისა და სანქციების შემოღებას, მაგრამ ჯერ კიდევ ბუნდოვანია, რამდენად ეფექტური იქნება ასეთი სანქციები. დამსაქმებლებმა შეიძლება სხვადასხვა ფარული მეთოდებით აიძულონ საკუთარი თანამშრომლები, უარი თქვან სქემაში ჩართვაზე. ძალიან რთული იქნება, სამსახურებრივი დისკრიმინაცია ან სამსახურიდან უსამართლოდ გაშვება დააკავშირო დასაქმებულის მიერ საპენსიო სქემასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებასთან. გარდა ამისა, შესაძლებელია, დასაქმებულებმა თავი შეიკავონ ამგვარი გადაწყვეტილების მიღებისგან, რათა პრობლემები არ შეიქმნან დამსაქმებლებთან.
• შენატანის ტვირთი. დამსაქმებლის სავალდებულო შენატანი შეიძლება აღქმულ იქნას როგორც შრომაზე დაწესებული გადასახადი. ეკონომიკური თეორი გვეუბნება, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იხდის გადასახადს, საგადასახადო ტვირთს ინაწილებს ორივე მხარე. ვის დაეკისრება მეტი და ვის ნაკლები, დამოკიდებული იქნება შრომის მიწოდებისა და მოთხოვნის ელასტიურობაზე. თუ ამ ლოგიკას გავყვებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დაბალკვალიფიციურ დასაქმებულებს მეტი ტვირთი დააწვებათ, რადგან სამომავლო ხელფასი შემცირდება და/ან აიძულებენ, უარი თქვან საპენსიო სქემაში ჩართვაზე.
• ნდობა ეროვნული ვალუტისადმი. ACT-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 69% დანაზოგის გაკეთებისას ერთ-ერთ უმთავრეს ფაქტორად ასახელებს ეროვნული ვალუტის სტაბილურობას. გასულ წელს დაფიქსირებულმა ლარის გაუფასურებამ ბევრი მეანაბრე აიძულა, თანხა დოლარში დენომინირებულ ანგარიშზე გადაეტანა. რადგან საპენსიო დანაზოგი ლარში იქნება, ეროვნული ვალუტისადმი ნდობის ნაკლებობა შეიძლება სერიოზული დაბრკოლება გახდეს წარდგენილი საპენსიო რეფორმის წარმატებისთვის.
დაბოლოს, ახალი საპენსიო სისტემის, როგორც ინსტიტუტისადმი ნდობა იქნება ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი. ACT-ის კვლევაში დეპოზიტის პოტენციური დამზღვევი ინსტიტუტის შესახებ კითხვა შეიძლება გამოვიყენოთ როგორც საზომი, თუ რამდენად ენდობა ხალხი მთავრობას, ყოველ შემთხვევაში მაშინ, როდესაც საქმე პენსიებს ეხება. გამოკითხულთა 24%-ს ურჩევნია, მისი დეპოზიტი დააზღვიოს მსხვილმა ქართულმა ბანკმა, 21%-ს ურჩევნია, დეპოზიტი დაზღვეული იყოს უცხოურ ბანკში, 20% ნდობას მთავრობას უცხადებს, 12% – ეროვნულ ბანკს.
აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ყოველი მეხუთე ქართველი ჯერ კიდევ ანდობს საკუთარ დანაზოგს ქვეყნის მთავრობას, მაგრამ არავინ იცის, საკმარისი იქნება თუ არა ნდობის ეს დონე დანარჩენი დაბრკოლებების გადასალახად. პოლიტიკის გამტარებლებს მოუწევთ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.
საქართველოში დღეს მათგან, ვინც დანაზოგს აკეთებს, მხოლოდ 6% ზოგავს თანხას საპენსიო ასაკისთვის.