შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

შეიძლება არ გვშია, მაგრამ ვშიმშილობთ...
შაბათი, 30 აპრილი, 2016

ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი სოფლის მეურნეობაშია ჩართული, მაშინ, როდესაც მოხმარებული საკვების დაახლოებით 60% იმპორტირებულია. საკვების იმპორტის მაღალ მაჩვენებელსა და საკვების უსაფრთხოებას ხშირად განიხილავენ ქართველი პოლიტიკოსები და მედია. თუმცა ხშირ შემთხვევაში ყურადღების მიღმა რჩება კვების მრავალფეროვნებასთან დაკავშირებული საკითხები და არაჯანსაღი, მწირი რაციონით გამოწვეული პრობლემები.

კვლევები აჩვენებს, რომ ქართულ რაციონში კალორიების მთავარი წყარო არის პური, რომელზეც მოდის ადამიანთა  მიერ მიღებული კალორიების 63%. ეს მაჩვენებელი თითქმის ორჯერ აღემატება განვითარებული ქვეყნების მაჩვენებელს. შედარებისთვის, მაგალითად, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში სახამებლის შემცველი საკვებიდან (მაგ.: პური) მიღებული ენერგია არის მთლიანი მიღებული კალორიების 25-30%. ნამიბიის, ინდოეთისა და შრი-ლანკის მსგავს ქვეყნებში სახამებლის შემცველი საკვებიდან მიღებული ენერგია დაახლოებით 60%-ს შეადგენს (საქართველოს მსგავსად). ძალიან ღარიბ ქვეყნებში, მაგ.: მოზამბიკში, ბანგლადეშსა და ლესოთოში, ეს მაჩვენებელი 80%-ს აჭარბებს, რის გამოც ამ ქვეყნების მოსახლეობას მალნუტრაციის (ცუდი კვების) სერიოზული პრობლემები აქვს.

ჯანსაღი კვების შეფასების კიდევ ერთი საზომი არის ე.წ. კვების რაციონის მრავალფეროვნების მაჩვენებელი (Dietary Diversity Score (DDS)), რომელიც ასახავს რამდენად დივერსიფიცირებულია ადამიანის კვების რაციონი. აღნიშნული საზომის თანახმად, ჯანსაღი რაციონი უნდა შეიცავდეს პროდუქტებს 10 სხვადასხვა საკვები კატეგორიიდან.

ცხრილი #1. საკვების კატეგორიები:

1. მარცვლეული 6. ხორცი
2. კვერცხი 7. რძე და რძის პროდუქტები
3. თევზი და ზღვის პროდუქტები 8. ზეთი და ცხიმები
4. პარკოსნები 9. ბოსტნეული
5. თხილი და კაკალი 10. ბოლქვნაყოფები

წყარო: FAO-ის მონაცემები

რაციონის მრავალფეროვნების ქულა გვიჩვენებს, საკვები პროდუქტების რამდენ ჯგუფს მოიხმარს ოჯახი, ამ ოჯახის წევრი და მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფი – ქალები და ბავშვები.

ცხრილი #2. კვების მრავალფეროვნების მაჩვენებელი საქართველოში

S) for Georgia

DDS დაბალი შემოსავალი საშუალო შემოსავალი მაღალი შემოსავალი
HDDS (შინამეურნეობები) 4.87 5.37 5.71
IDDS (ფიზიკური პირები) 4.77 4.95 4.99
WDDS (ქალები) 4.58 4.87 4.85

შენიშვნა: ნაკლებად დივერსიფიცირებული რაციონი (Low DD) ნიშნავს, რომ ადამიანი იღებს 3 კატეგორიის საკვებს, საშუალოდ დივერსიფიცირებული რაციონი (Medium DD) – იღებს 4-5 კატეგორიის საკვებს, რაციონის დივერსიფიკაციის მაღალი დონე (High DD) – იღებს 6 კატეგორიის საკვებს. წყარო: OXFAM-ისა და ელკანას მიერ საქართველოში ჩატარებული ნუტრიციის ეროვნული კვლევა.

OXFAM-ისა და ელკანას მიერ საქართველოში ჩატარებული ნუტრიციის ეროვნული კვლევის მიხედვით, საქართველოში ოჯახებისა და ადამიანების უმეტესობას აქვს საშუალოდ დივერსიფიცირებული კვების რაციონი (Medium DD, ე.ი. ყოველდღიურად იღებს 4-5 კატეგორიის საკვებს. 10-17 წლის ბავშვების 50%-ზე მეტი, საშუალოდ, იღებს 5 კატეგორიის საკვებს (მარცვლეული, ზეთი და ცხიმები, ბოსტნეული, რძე და რძის პროდუქტები, ბოლქვნაყოფები). მხოლოდ მდიდარი ოჯახის ბავშვები (ოჯახების 33%) იღებენ 7 სხვადასხვა კატეგორიის საკვებს (დამატებით ხილსა და ხორცს). ამავე დროს, ქალების 50%-ზე მეტი იღებს საკვების 4 კატეგორიას (მარცვლეული, ზეთი და ცხიმები, ბოსტნეული, რძე და რძის პროდუქტები), ისეთ ოჯახებშიც კი, სადაც საშუალოდ 5 სხვადასხვა კატეგორიის საკვებს მოიხმარენ. ეს ნიშნავს, რომ ერთსა და იმავე ოჯახშიც კი საკვების განაწილება არათანაბარია და ქალის რაციონი ნაკლებად დივერსიფიცირებულია.

იგივე გამოკითხვის თანახმად, ქართველებს აქვთ აუცილებელი საკვები ნივთიერებების დეფიციტი. ადამიანებს საქართველოში არ აქვთ წვდომა ვიტამინებით მდიდარ ხილზე, პროტეინების, რკინისა და ა ვიტამინის შემცველ ხორცსა და თევზეულზე. მოსახლეობის მხოლოდ 35% იღებს რკინით მდიდარ ცხოველურ საკვებს, მოხმარება კიდევ უფრო დაბალია ქალებსა (33%) და მოზარდებში (34%). მიკრო და მაკრო-ელემენტებს ანაცვლებს ცხიმებისა და შაქრის ჭარბი მოხმარება.

როგორ ირჩევენ ადამიანები, რა ჭამონ?

ეკონომისტებისთვის ადამიანთა არჩევანს, როგორც წესი, განაპირობებს გარკვეული ოპტიმიზაციის პრობლემის გადაჭრის სურვილი. კვების შემთხვევაში, ადამიანების წინაშე მდგარი ოპტიმიზაციის პრობლემა მდგომარეობს შემდეგში: როგორ უნდა მოხდეს საკვებზე დანახარჯების მინიმიზაცია გარკვეული კვებითი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გათვალისწინებით (მაგ.: გარკვეული რაოდენობის კალორიებისა და საკმარისი რაოდენობის ნივთიერებების, მაგ.: რკინის, პროტეინის, ც ვიტამინისა და სხვ. მოხმარების უზრუნველყოფით)? მოკლევადიან პერიოდში გადარჩენისთვის კალორიები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სხვადასხვა ნივთიერებები – ადამიანებს სჭირდებათ, დარწმუნდნენ, რომ არ აკლიათ ენერგია. ნივთიერებათა ბალანსი მოკლევადიან პერიოდში ნაკლებად მნიშვნელოვანია. ამიტომ, როგორც წესი, ღარიბი ადამიანები მოიხმარენ ცოტა პროდუქტს, რაც საჭიროა კალორიების საჭირო რაოდენობის მისაღებად (გაიხსენეთ, რომ ძველად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა ხშირად ცხოვრობდა პურზე, ყველსა და რამდენიმე სახის ბოსტნეულზე).

თანამედროვე ეკონომიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ შემოსავლის ზრდასთან ერთად ადამიანები იმდენად არ ზრდიან კალორიების მიღებას, რამდენადაც საკებზე ზოგად ხარჯებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც უფრო მდიდრდებიან ადამიანები, მით უფრო მრავალფეროვან საკვებს მოიხმარენ, თუმცა კალორიული ღირებულება უცვლელი რჩება. ამ აღმოჩენას ამართლებს ქართული მონაცემებიც – ფაქტია, რომ მდიდარი ოჯახები, ღარიბებთან შედარებით, მოიხმარენ პროდუქტებს მეტი კატეგორიიდან.

ყველაფერს ფული წყვეტს?

საქართველოში ღარიბი ოჯახი საკვებზე ხარჯავს მთლიანი ხარჯების 65%-ს. მოსახლეობის ნახევარი შემოსავლის 50%-ზე მეტს ხარჯავს საკვებზე და, შესაბამისად, იძულებულია, უარი თქვას მრავალფეროვან საკვებზე. უფრო მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახს, რა თქმა უნდა, შეუძლია საკუთარ თავს უფრო მრავალფეროვანი რაციონის მიღების უფლება მისცეს. და მაინც, შემოსავალი არ არის ერთადერთი ფაქტორი, რაც გავლენას ახდენს იმაზე, თუ რას ჭამს ხალხი. კვებაზე სათანადო ინფორმაციის ნაკლებობა, მავნე ჩვევები და კულტურული ნორმები, ასევე, გავლენას ახდენს საზოგადოების მიერ ნაკლებად მრავალფეროვანი რაციონის მიღებაზე.

წიგნში „სიღარიბის ეკონომიკა“ აბჰიჯიტ ვ. ბანერჯი და ესტერ დუფლო გვაწვდიან ძალიან საინტერესო დასკვნებს, როგორ იღებს ღარიბი ხალხი (რომელთათვისაც საკვებზე მოდის მთლიანი მოხმარების 50-70%) გადაწყვეტილებას საკვებზე თანხების დახარჯვასთან დაკავშირებით. ემპირიული მტკიცებულებები გვიჩვენებს, რომ იმ ადამიანებსაც კი, რომლებიც არ მოიხმარენ საკმარის საკვებს, არ სურთ დამატებითი შემოსავლის დახარჯვა საკვებზე. თუმცა, კვლევის თანახმად, თვით ყველაზე ღარიბებს შორისაც კი, საკვებზე ხარჯები ბევრად უფრო ნაკლებად იზრდება, ვიდრე მთლიანი ბიუჯეტი.

რაც კიდევ უფრო საინტერესოა, საკვებისთვის განკუთვნილი ფული არ იხარჯება კალორიებისა და ნივთიერებების მაქსიმალური რაოდენობის მიღებაზე. ინდოეთში, მაროკოსა და სხვა ქვეყნებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მსყიდველობითი უნარის ზრდა ყოველთვის არ ნიშნავს უკეთეს კვებას, რადგან არსებობს უამრავი ე. წ. „იაფფასიანი ფუფუნება“, რაც კონკურენციას უწევს საკვებს. „იაფფასიანი ფუფუნების“ მაგალითებია ტელევიზორი, მობილური ტელეფონი, კომპიუტერი – ნივთები, რომელთაც ბევრი ადამიანი საკვებზე მეტ მნიშვნელობას ანიჭებს. საკვების კიდევ ერთი „მეტოქე“ არის სხვადასხვა სოციალურ ღონისძიებებზე ხარჯები, როგორიცაა, მაგალითად, ქელეხი, ქორწილი, დაბადების დღე და სხვ. ხშირად ადამიანები იძულებული არიან, დახარჯონ ფული ასეთ ღონისძიებებზე, სოციალური წნეხისა თუ ბუნებრივი სურვილის გამო, ჰქონდეთ საინტერესო ცხოვრება იქ, სადაც არ არის კინო-თეატრები, საკონცერტო დარბაზი და მაღაზიებიც კი.

განათლება საკვებისა და ნუტრაციის შესახებ უმნიშვნელოვანესია საქართველოს მომავლისთვის

მეტ-ნაკლებად ნათელია, რატომ არ ხარჯავენ ადამიანები მთელ შემოსავალს საკვებზე (მაშინაც კი, როცა ძალიან სჭირდებათ კვება), მაგრამ მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რომ სრულფასოვან კვებას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანთა ორი კატეგორიისთვის, რომლებიც თავად არ წყვეტენ, რა ჭამონ: ჯერ არდაბადებული და მოზარდი ბავშვები. კარგი კვება ადრეულ ასაკში ზრდის ადამიანის პროდუქტიულობას და, მაშასადამე, მის შემოსავალს.  

არსებული ტექნოლოგიური მიღწევები საშუალებას გვაძლევს, ვიყიდოთ შედარებით იაფი, მაგრამ ნივთიერებებით მდიდარი საკვები. დღეს ბევრ ქვეყანაში იოდიზირებული მარილი ან ფორტიფიცირებული ფქვილი (იხ. "ფქვილის სავალდებულო ფორტიფიკაცია საქართველოში: შვება თუ ტვირთი ღარიბებისთვის?“) ხელმისაწვდომია, მიუხედავად იმისა, რომ ხალხი შეიძლება არ ითხოვდეს მას. მნიშვნელოვანია, მთავრობამ გაიგოს, რომ სათანადო კვების პოლიტიკა არ ნიშნავს მხოლოდ საკვების ადეკვატური რაოდენობის უზრუნველყოფას. საკვების ხარისხი ასევე მნიშვნელოვანია.

საქართველო უფრო განვითარებულია ვიდრე ბევრი ღარიბი ქვეყანა, რომელიც ჯერ კიდევ ებრძვის შიმშილსა და გაუნათლებლობას, თუმცა ჩვენი შემოსავლებისა და განათლების უფრო მაღალი დონე, როგორც ჩანს, არ ნიშნავს უკეთეს კვებას ბავშვებისა და მოზარდებისთვის. FAO-ის მონაცემებით, საქართველოში 5 წელს ქვემოთ ბავშვების 11.3%-ს აქვს ზრდასთან დაკავშირებული პრობლემები. ეს ფაქტი უკვე მეტყველებს სათანადო კვებაში ინვესტიციებისადმი ყურადღების ნაკლებობაზე, რომელიც ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც ინვესტიცია განათლებაში. ორივე მათგანი ქმნის მომავალი თაობისა და, შესაბამისად, ქვეყნის მომავალს.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა