"ჩვენ გვაქვს მოსახერხებელი ბირთვული რეაქტორი, სახელად მზე. ჩვენ არაფრის გაკეთება არ გვიწევს, თავისით მუშაობს, ყოველ დღე ამოდის და წარმოუდგენელი რაოდენობის ენერგიას გამოიმუშავებს,“ – ელონ მასკი, Tesla Energy-ის წარდგენა.
რამდენიმე კვირის წინ ელონ მასკმა (SpaceX-ის და Tesla Motors-ის გენერალური დირექტორი და, სხვა მრავალ კომპანიასთან ერთად, SolarCity-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე) ორი ახალი პროდუქტი წარადგინა: სახურავის მზის ფილები SolarCity-სგან და Tesla’s Powerwall 2 (ბატარეა), რომლებიც ერთად გამოსაყენებლად შეიქმნა და რევოლუციას მოახდენს მზის ენერგიის ფოტოელექტრო სისტემებში. ამ სიახლემ აღაფრთოვანა მთელი მსოფლიოს (მათ შორის საქართველოს) ენერგეტიკის დარგის სპეციალისტები, გარემოს დამცველები და განახლებადი ენერგიის მხარდამჭერები. ისინი დიდი ენთუზიაზმით აზიარებდნენ სოციალურ ქსელებში ინფორმაციას და მოსაზრებებს პროდუქტების შესახებ. საუბარი მიდიოდა კიდევ ერთ ნაბიჯზე ელექტროენერგეტიკული სექტორის რევოლუციისკენ, რომელსაც ამდენი ადამიანი მოუთმენლად ელის.
ბატონი მასკის პრეზენტაციის თითქმის პარალელურად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ნეტო აღრიცხვის ახალი რეგულაცია შემოიღო. რეგულაცია მზის პანელების მქონე შინამეურნეობებს საშუალებას აძლევს, ენერგოსისტემას მიაწოდონ ელექტროენერგია და, სანაცვლოდ, მიიღონ კომპენსაცია, თუ მიწოდებული მოცულობა აღემატება სისტემიდან მიღებულს. ამგვარი მიდგომა გამოიყენება ევროპასა და აშშ-ში განახლებადი ენერგიის მწარმოებელი მცირე მასშტაბის სადგურების რაოდენობის გასაზრდელად. ამ ახალ ქართულ რეგულაციაში ნეტო აღრიცხვის პრინციპი ძალიან მარტივია: ფოტოელექტრო პანელების მფლობელს უფლება აქვს, ჭარბი ენერგია მიაწოდოს სისტემას და შეისყიდოს სისტემისგან ენერგია მაშინ, როდესაც მზის პანელები ვერ გამოიმუშავებს მფლობელის სამომხმარებლო საჭიროებებისთვის საკმარის ელექტროენერგიას. როდესაც თვის ნაშთი (წარმოებული ენერგია მინუს მოხმარებული ენერგია) უარყოფითია, საოჯახო მეურნეობა იხდის სუფთა მოხმარებული მოცულობის საფასურს. საწინააღმდეგო შემთხვევაში, როდესაც თვის ნაშთი დადებითია, საოჯახო მეურნეობა გამოიმუშავებს ჭარბ ენერგიას. აგრეთვე შესაძლებელია დადებითი ნაშთის გაქვითვა მომდევნო თვეების ჭარბ მოხმარებაში. წლის ბოლოს, თუ ჯამური ნაშთი დადებითი იქნება, მომხმარებელს შეეძლება კომპენსაციის მოთხოვნა. რამდენადაც საქართველოს არ აქვს სპეციალური დამატებითი ტარიფების (feed-in tariff) პოლიტიკა ასეთი მცირე მასშტაბის განახლებადი ენერგიის მწარმოებლებისათვის (რომელთა სიმძლავრე 100 კვტ.-ზე ნაკლებია), შინამეურნეობა მიიღებს სემეკის მიერ ელექტროენერგიის დისტრიბუტორი კომპანიებისთვის დაწესებული საბითურო ტარიფების საშუალო შეწონილს, რომელიც საცალო სამომხმარებლო ტარიფზე ნაკლებია.
ფოტოელექტრო სისტემა ყველა სახურავზე? ჯერ ადრეა
ფოტოელექტრო სისტემის მომგებიანობა ბევრ ასპექტზეა დამოკიდებული: მზის რადიაციის მახასიათებლებზე, მოცემულ მდებარეობაზე არსებულ გარე ტემპერატურაზე, სისტემის დაყენებისთვის საჭირო საინვესტიციო ხარჯებზე, ელეტროენერგიის ტარიფზე, იმაზე, თუ რამდენად კარგად არის სისტემა ინჟინრულად გათვლილი და დამონტაჟებული. სისტემის მომგებიანობა შეიძლება, რამდენიმე მეთოდით შეფასდეს. ერთ-ერთია ელექტროენერგიის წარმოების დაყვანილი ღირებულება (LCOE), ე.ი. ერთი კვტ./სთ ელექტროენერგიის საშუალო ხარჯი სისტემის სიცოცხლისუნარიანობის პერიოდში გამომუშავებული ენერგიის საფუძველზე. თუ ეს ხარჯი შინამეურნეობის მიერ ელექტროენერგიისთვის გადახდილ ტარიფზე ნაკლებია, მაშინ მზის სისტემაში ინვესტირება პოტენციურად მომგებიანია.
მოდით, ვნახოთ, რამდენად მომგებიანი იქნება ფოტოელექტრო სისტემა საქართველოში დღვანდელი საბაზრო პირობების გათვალისწინებით. მაგალითისთვის განვიხილოთ სახლი თბილისში, რომელსაც სახურავზე დამონტაჟებული აქვს 5 კვ. დადგმული სიმძლავრის ფოტოელექტრო სისტემა. ფოტოელექტრო სისტემების ბაზრის უახლესმა ანალიზმა აჩვენა, რომ ამ მახასიათებლების მქონე სრულად მოქმედი სისტემის ხარჯი იქნება დაახლოებით 7,600 აშშ დოლარი (18,885 ლარი). თბილისში მზის წლიური რადიაციაა (იგულისხმება გლობალური ჰორიზონტული გამოსხივება) 1300 კვ/მ², ამ პირობებში, თუ სისტემა ჯეროვნად აიგება და დამონტაჟდება, მას შეუძლია აწარმოოს 4,575 (სცენარი 1) და 5,200 (სცენარი 2) კვტ/სთ ელეტროენერგია ყოველწლიურად მომდევნო 20 წლის განმავლობაში. ამ რიცხვების გათვალისწინებით, ჩვენი შეფასებით, ელექტროენერგიის წარმოების დაყვანილი ღირებულება (LCOE) 20-19¢ (51 და 47 თეთრი, შესაბამისად) კვტ./სთ-ზე, რაც ორჯერ აღემატება სისტემის ამჟამინდელ ფიქსირებულ ტარიფს (იხ. გრაფიკი #1).
ამ შედეგების მიხედვით, ფოტოელექტრო სისტემაში ინვესტიციის ჩადება არც თუ კარგი აზრი უნდა იყოს. ვის მოუნდება ელექტროენერგიის წარმოება და მოხმარება იმაზე ძვირად, ვიდრე ოფიციალური ტარიფია? მართლაც, ამ ეტაპზე მზის ფოტოელექტრო სისტემებში ინვესტიციას მხოლოდ ძალიან სპეციფიკურ შემთხვევებში აქვს აზრი. მაგალითად, როგორც წინა ბლოგშია აღნიშნული (ელექტროენერგიის მისაწვდომობა: არის კი ე.წ. "ქსელს გარეთ" სისტემები გამოსავალი?), მზის ფოტოელექტრო სისტემა საინტერესო ალტერნატივაა მაშინ, როდესაც ვერ ხერხდება ქსელზე მიერთება ან მიერთება განსაკუთრებით ძვირია.
მზის ფოტოელექტრო სისტემები შინამეურნეობისათვის საქართველოში არ არის კონკურენტუნარიანია, თუმცა ჯერჯერობით. ქვეყნები, რომლებიც მიზნად ისახავენ ენერგოსექტორში განახლებადი ენერგიის წილის გაზრდას, სწორედ ამიტომ იყენებენ მრავალ მექანიზმს განახლებადი ენერგიის განვითარების ხელშესაწყობად. ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ავსტრია, საფრანგეთი, გერმანია და იტალია, მზის ენერგიის წარმოებას ხელს უწყობენ, მაგალითად, სუბსიდირებული სესხებით, შესყიდვის დამატებითი ტარიფითა (მზის ფოტოელექტრო სადგურებიდან მიღებულ ელექტროენერგიაზე შედარებით მაღალ ტარიფებს აწესებენ) და სხვა სპეციალური სუბსიდიებით თუ საგადასახადო შეღავათებით.
ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ საქართველომაც აქტიურად უნდა შეუწყოს ხელი მზის ფოტოელექტრო სისტემებიდან ელექტროენერგიის წარმოებას? არ არის საჭირო. როგორც ვნახეთ, ფინანსური თვალსაზრისით, ჯერჯერობით მზის ფოტოელექტრო სისტემა საკმაოდ ძვირადღირებულია. იქნება თუ არა მზის ენერგიის წარმოების ზრდით მიღებული ეკონომიკური სარგებელი ფინანსურ დანახარჯებზე მეტი? საეჭვოა. თუ ჩვენი გათვლები სწორია, სჯობს საქართველოს მსგავსმა ქვეყანამ, რომელსაც დიდი საინვესტიციო საჭიროებები და შეზღუდული რესურსი აქვს, ცოტა მოიცადოს.
მომავალზე გათვლილი რეგულაცია
ჩვენი გათვლებით აშკარაა, რომ საქართველოში მზის ფოტოელექტრო სისტემების უახლოესი მომავალი არც თუ ისე ნათელია, თუ დამატებითი მხარდამჭერი მექანიზმები არ ამოქმედდება, რომლებითაც შემცირდება ხარჯები ან გაიზრდება სისტემიდან მიღებული სარგებელი. შესაბამისად, გარკვეული დრო გავა, ვიდრე ახალი რეგულაცია ნეტო აღრიცხვაზე გახდება აქტუალური ქართველი მომხმარებლებისათვის.
და მაინც, ამ რეგულაციის შემოღება საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება, განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორში. ელონ მასკის განცხადება მხოლოდ ერთ-ერთია იმ მრავალი ნიშნიდან, რომლებიც გვაუწყებენ, რომ ელექტროენერგიის გენერირებაში, შენახვასა და მოხმარებაში ნამდვილი რევოლუცია ხდება. მზის პანელებთან და ბატარეებთან დაკავშირებული ხარჯების შემცირებასთან ერთად შეიცვლება ჩვენი ენერგეტიკული სისტემების და ეკონომიკების სტრუქტურა, ამასთან ერთად შეიცვლება ჩვენი ცხოვრების წესიც.
ნახატი 2 აჩვენებს, რომ 5 კვ დადგმული სიმძლავრის მზის ფოტოელექტრო სისტემის საინვესტიციო ხარჯები 2/3-ზე მეტით შემცირდა ბოლო 7 წელიწადში. თუ ხარჯები ასეთი სიჩქარით შემცირდება, რამდენიმე წელიწადში ქართულმა ოჯახებმა, შესაძლოა, ფულიც კი დაზოგონ (და გამოიმუშაონ) მზის ფოტოელექტრო სისტემების წყალობით.
სწორედ მაშინ დააფასებენ ეს ოჯახები ქართული მარეგულირებლის შორსმხედველობას, რომელმაც დღეს ჩაუყარა საფუძველი მომავალ რევოლუციას ენერგეტიკაში.