შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

ელექტროენერგიის მისაწვდომობა: არის კი ე.წ. „ქსელს გარეთ“ სისტემები გამოსავალი?
პარასკევი, 28 თებერვალი, 2014

თანამედროვე ენერგომომსახურებების მისაწვდომობა ადამიანთა კეთილდღეობის, ეკონომიკური და სოციალური განვითარების საწინდარია. სწორედ ეს დაასახელა ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ გაეროს ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევის წინაპირობადაც. 2011 წლის მსოფლიო ენერგეტიკის მიმოხილვაში კი სააგენტომ დააყენა მსოფლიოს ღარიბთათვის ენერგომომსახურებების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად რესურსების მობილიზების საჭიროების საკითხიც.

საქართველოს მსგავს გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში ენერგომომსახურებების ხელმიუწვდომლობის საკითხი განსაკუთრებული სიმწვავით არ დგას. მიუხედავად ამისა, აქაც არსებობს სრულყოფილ დაფარვასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელთა მოგვარებასაც ხშირად მნიშვნელოვანი ძალისხმევა სჭირდება.

საქართველოში ელექტროენერგიის გადაცემისა და გაზის ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურა სერიოზულად დაზიანდა ან უბრალოდ გაცვდა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. ვარდების რევოლუციის შემდგომი შთამბეჭდავი პროგრესის მიუხედავადაც, ზოგიერთ გამოწვევასთან გამკლავება ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა.

ელექტროენერგიის მისაწვდომობა

საქსტატის მონაცემებით, 2012 წელს ელექტროენერგიაზე წვდომა ჰქონდა საქართველოს მოსახლეობის 100%-ს.

ზემოაღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ გამოაქვეყნა იმ 36 სოფლის სია, რომელსაც ელექტროენერგიაზე წვდომა არ გააჩნია. სიაში აღმოჩნდა აჭარის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, მცხეთა-მთიანეთის მაღალმთიანი სოფლები; კახეთის, შიდა და ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და იმერეთის სოფლების გვერდით.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შეფასებით, ამ სოფლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება 5.5 მლნ აშშ დოლარი დაჯდება. ესაა პრობლემის ე.წ. „ქსელს შიდა“ გადაწყვეტის საფასური. გადაწყვეტის აღნიშნული გზა კი იმ ახალი გადამცემი/გამანაწილებელი ხაზების ხარჯებს ითვალისწინებს, რომელთა მეშვეობითაც სოფლები არსებულ ქსელს მიუერთდება. შეფასებული ხარჯები ერთ ოჯახზე გაანგარიშებით მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვადასხვა სოფლებისთვის (იხილეთ ცხრილი): 900 აშშ დოლარიდან (ჯანჯღარი, აჭარა) 86 000 აშშ დოლარამდე (ტყემლოვანა, შიდა ქართლი).

როგორც ჩანს, ელექტროენერგიის მისაწვდომობის უზრუნველყოფა ოჯახებისათვის შესაძლოა საკმაოდ ძვირიც კი აღმოჩნდეს.

ამ ხარჯების შემცირების ერთი გზა იქნებოდა პრობლემის „ქსელს შიდა“ გადაწყვეტის ნაცვლად „ქსელს გარეთ“ ალტერნატივის გამოყენება. ენერგიის განახლებად წყაროებს ბევრი საინტერესო „ქსელს გარეთ“ შესაძლებლობის შემოთავაზება შეუძლია. მზის ენერგია განსაკუთრებით იმედისმომცემადაა მიჩნეული საქართველოსათვის. წინასწარი შეფასებით, მზის ენერგიით გამომუშავების წლიური პოტენციალი საქართველოში საკმაოდ მაღალია (1 250-1 800 კვტ.სთ/მ2), განსაკუთრებით კი იზოლირებულ მაღალმთიან ადგილებში. როგორც გამოვიკვლიეთ, მზის ენერგიის გამომუშავების საშუალო ოჯახისთვის საკმარისი  სიმძლავრის (500 ვატი სიმძლავრე და აკუმულატორები) დამონტაჟება 6 000 აშშ დოლარის ოდენობით საწყის ინვესტიციას საჭიროებს  (შეფასებები ემყარება ქართული ორგანიზაციის, მზის სახლის [www.sun.org.ge], გამოცდილებას. ორგანიზაცია ეწევა მზის ელექტროსისტემების მონტაჟს მოშორებულ ადგილებში). აღნიშნული ალტერნატივის უპირატესობა „ქსელს შიდა“ გადაწყვეტასთან შედარებით განსხვავებულია სხვადასხვა სოფლებისათვის. კერძოდ, ჯანჯღარში მზის ენერგია ოთხჯერ უფრო ძვირი დაჯდებოდა, ტყემლოვანაში კი — 14-ჯერ უფრო იაფი, ვიდრე „ქსელს შიდა“ ალტერნატივა. ენერგიის დაზოგვის, ინვესტიციის გრძელვადიანი სარგებლისა (პანელის სიცოცხლისუნარიანობა არის 20–30 წელი, ხოლო აკუმულატორის – 8 წელი) და მოქნილობის გათვალისწინებით, მუდმივი დანახარჯი მნიშვნელოვნად არ იზრდება მოშორებული ადგილების შემთხვევაშიც კი. შესაბამისად, ეს შეიძლება განვიხილოთ, როგორც საინტერესო ალტერნატივა, რომელიც საქართველოს მთავრობას მნიშვნელოვან რესურსებს დაუზოგავდა.

მიუხედავად იმისა, რომ სრული დაფარვის მისაღწევად მნიშვნელოვანი დაბრკოლებების გადალახვაა საჭირო, ბოლო ათწლეულში მიღწეული შთამბეჭდავი შედეგები და ამჟამად არსებული ინიციატივები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საბოლოო მიზნის მიღწევა შესაძლებელია არცთუ შორეულ მომავალში. საჭირო დანახარჯების ოდენობა (და საჭირო დრო) კი დამოკიდებულია ქართული ინსტიტუტების (განსაკუთრებით, კი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს) შესაძლებლობაზე შეინარჩუნონ მოქნილი მიდგომები და სრულად გამოიყენონ არსებული ალტერნატივები: პირდაპირი სამთავრობო ჩარევიდან საბაზრო ძალების გამოყენებამდე.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა