მამაჩემი ხშირად მიყვებოდა იმ დროზე, როდესაც საბჭოთა კავშირის ეკონომიკამ რყევა დაიწყო და ახალდაბადებული კაპიტალიზმის ქაოსში საჯარო რესურსების დატაცება დაიწყეს. ეს პერიოდი, როგორც წესი, მედროვე ოლიგარქების გამოჩენასთან ასოცირდება. საქართველოში შექმნილი გარემოების გამოყენება შეძლეს ბიზნესმენებმაც, რომელთა შორის თურქებიც იყვნენ.
1977 წელს ამერიკული ჟურნალი „ტენესელი“ წერდა: „საბჭოთა ლურჯი ჯინსები, შესაძლოა, ჯინსებს ჰგავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი მართლაც ჯინსებია... ჯინსების „შიმშილი“ რუსეთში და მისი დაკმაყოფილება ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემად რჩება“. მამა მიყვებოდა, როგორ გამდიდრდნენ თურქი მოვაჭრეები 80-იანი წლების ბოლოს საქართველოში ჯინსების, ბიუსჰალტერების და სხვა ტანსაცმლის შემოტანით და როგორ ცვლიდნენ ამ საქონელს ძვირფას მეტალებსა თუ სხვა ძვირადღირებულ ნივთებში. ცოტა მოგვიანებით, როდესაც საბჭოთა ეკონომიკა საბოლოოდ დაინგრა, დაიწყო ქარხნების ძარცვა და ლითონის ჯართად გატანა ექსპორტზე ჩალის ფასად. ამ „ექსპორტის“ დიდი ნაწილი თურქეთში მიდიოდა, რომელიც გეოგრაფიულად ყველაზე ბუნებრივი დანიშნულების ადგილი იყო. სანაცვლოდ, თურქებს საქართველოში თავიანთი ტექსტილის პროდუქცია შემოჰქონდათ. დასავლური ტანსაცმელი მეტად პრესტიჟულად ითვლებოდა და, შესაბამისად, მასზე დიდი მოთხოვნა იყო საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა სივრცეში. შედეგად, თურქული ტექსტილის ინდუსტრია სწრაფად განვითარდა და უკვე მე-20 საუკუნის დასასრულს საკმაო წარმატებასაც მიაღწია საერთაშორისო სარბიელზე.
თუმცა მუდმივი არაფერია...
წარმოების ხარჯების კვალდაკვალ
უნდა აღინიშნოს, რომ ტექსტილის ინდუსტრია შრომატევადია და ძალიან დამოკიდებულია იაფ მუშახელზე, განსაკუთრებით კი ე.წ. CMT (ჭრა-კერვისა და საბოლოო სახის მიცემის) საწარმოო პროცესზე. ქვეყანას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია ჰქონდეს ტექსტილის ინდუსტრია, თუ სექტორს ყველაზე იაფ მუშახელს შესთავაზებს. როგორც კი ეკონომიკა განვითარების გზას დაადგება, ტექსტილის მწარმოებლები პირველები დატოვებენ ქვეყანას. ამ მხრივ, არც თურქეთი აღმოჩნდა გამონაკლისი. 2000-2010 წლებში თურქეთში ტანსაცმლისა და ტექსტილის ინდუსტრია ყველაზე მსხვილი და საუკეთესო შედეგების მქონე სექტორებს შორის იყო. 2009 წელს ქვეყანაში 56 000 ტანსაცმლის და ტექსტილის კომპანია ფუნქციონირებდა, რომლებიც დაახლოებით 2 მილიონ ადამიანს ასაქმებდა. ინდუსტრიაზე თურქეთის ჯამური ექსპორტის 18.6% მოდიოდა (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ეკონომიკის მიმოხილვა, 2009 წ.).
თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, 2009-2013 წლებში თურქეთში ხელფასები თითქმის გაორმაგდა. შედეგად, ქვეყანამ შედარებითი უპირატესობა დაკარგა. გარდა ამისა, უკვე 2005 წლიდან დაღმასვლა შესამჩნევი გახდა, ვინაიდან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ გააუქმა ყველა კვოტა მის წევრ სახელმწიფოებს შორის ტექსტილის ვაჭრობაზე. თუ აღნიშნული ცვლილება კონკურენტუნარიანი ინდუსტრიისთვის სარგებლის მომტანი იქნებოდა, თურქეთისთვის პირიქით აღმოჩნდა: ტექსტილის ინდუსტრიამ ბაზრის წილი დაკარგა, რაშიც გამოვლინდა კიდეც სექტორის დაუცველობა.
იგივენაირად, მაგრამ გაცილებით დიდი მასშტაბებით, განვითარდა მოვლენები ევროპაში ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ. ტექსტილის წარმოება ინდუსტრიალიზაციის ბირთვი იყო. ორთქმავლის გარდა, იმ პერიოდის ყველა სხვა მნიშვნელოვანი გამოგონება, მაგალითად, ძაფის სართავი დაზგა და საქსოვი დაზგა ტანსაცმლის ინდუსტრიაში მოხდა. მიუხედავად ამისა, მე-19 საუკუნეში, ევროპაში ტექსტილის წარმოებამ განუზომელი ზეწოლა განიცადა, რამაც მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო ამ სექტორში დასაქმებული ადამიანები.
ევროპის ტექსტილის ინდუსტრიის აგონია მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ დასრულდა და დღეს ევროპაში თითქმის აღარ აწარმოებენ ტექსტილს.
თბილი დახვედრა საქართველოში
ბოლო წლებში საქართველოს ერ-ერთი რეგიონი, აჭარა, იაფი მუშახელის წყალობით, კარგი თავშესაფარი აღმოჩნდა თურქეთის მოხეტიალე ტექსტილის ინდუსტრიისთვის. როგორც დიაგრამა გვიჩვენებს, 2000 წლების შუიდან, საქართველოს ტექსტილის და ტანსაცმლის ინდუსტრია იზრდება, როგორც გამოშვებული პროდუქციის, ისე დასაქმებული ადამიანების რაოდენობის მხრივ. ეს დადებითი ტენდენცია განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა 2015 წელს, როდესაც თურქეთმა საბოლოოდ დაკარგა უპირატესობა ხარჯების თვალსაზრისით.
სავარაუდოდ, ეს სახარბიელო სიტუაცია ქართული ტექსტილის ინდუსტრიაში მომდევნო წლებშიც შენარჩუნდება. ცოტა ხნის წინ, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება ევროკავშირთან საქართველოს არ აძლევდა უფლებას, ბაჟის გარეშე გაეტანა ტანსაცმელი და ტექსტილი ექსპორტზე, რადგან წარმოებაში გამოყენებული ნედლეული ძირითადად თურქული წარმოშობის იყო. 2016 წლის ოქტომბერში შედგა შეთანხმება, რომელიც იძლევა „დიაგონალური კუმულაციის“ უფლებას, სავაჭრო ტერმინებით რომ ვისაუბროთ. შედეგად, ახლა საქართველოს შეუძლია, ევროპაში ექსპორტზე გაიტანოს ტექსტილი ნიშნით „დამზადებულია საქართველოში“, მიუხედავად მასში გამოყენებული თურქული ნედლეულისა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ინვესტორების რეაგირებამაც არ დააყოვნა! 2016 წლის 2 ნოემბერს, თურქეთის ENA Textile-მა, მსოფლიოში ცნობილი ბრენდის, “ზარას“ ქვეკონტრაქტორმა განაცხადა, რომ ააშენებს ტანსაცმლის სამკერვალოს დასავლეთ საქართველოს პატარა ქალაქ ოზურგეთში. სამკერვალო დაახლოებით 1000 ადამიანს დაასაქმებს (ისინი გადამზადდებიან პროფესიულ კოლეჯ „ჰორიზონტში“), რაც საკმაოდ დიდი რიცხვია პატარა ქალაქისთვის, რომლის მოსახელობაც 15 000-ია. სულ რაღაც ორი დღის შემდეგ კი სხვა წამყვანმა თურქულმა ბრენდებმა „პენტიმ“ და „დაგიმ“ დაიწყეს საუბარი ქუთაისში ტანსაცმლის სამკერვალოს მშენებლობაზე.
დიზაინი საქართველოში!
როგორ მოიქცევა საქართველო, როდესაც მოხეტიალე ტექსტილის ინდუსტრია დატოვებს მას და გზას გააგრძელებს? თურქეთისთვის ტექსტილის ინდუსტრიის დაღმასვლა გარკვეულ წილად „კრეატიულიც“ აღმოჩნდა, რადგან მწარმოებელმა შეძლეს ღირებულებათა ჯაჭვში წინ წაწეულიყვნენ, განეახლებინათ საწარმოო საშუალებები და დაბალმომგებიანი ჭრა-კერვის საწარმოო პროცესიდან მოდის დიზაინში გადასულიყვნენ, შეექმნათ ახალი მოდა და ხარისხიანი სავაჭრო ნიშნები და მაღალშემოსავლიან მომხმარებელზე გასულიყვნენ.
მსოფლიო არენაზე თურქული მოდის გამოჩენაში საკმაო წვლილი მიუძღვის ისეთ სახელმწიფო ინიციატივებს, როგორიც არის Turquality (თურქული ხარისხი). როგორც თურქული კულტურის ჟურნალი წერს, ეს კამპანია 2005 წელს დაიწყო, რათა მთელ მსოფლიოში პოპულარიზაცია გაეწია „წამყვანი ბრენდების დიზაინებისთვის, მათ შორის „სარარასთვის“, „კოლინსისთვის“, “დამატ თვინისთვის“, „კოტონისთვის“, „მაჩკასა“ და „მავისთვის“. სტამბოლის ტექსტილის და ტანსაცმლის ექსპორტიორთა ასოციაციების პროგრამები, ასევე, მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული სტამბოლში ადასტურებს, რომ მოდის ინდუსტრია ნელ-ნელა ტემპს კრეფს თურქეთში.
საქართველოს შეუძლია და კიდეც უნდა მისდიოს თურქეთის მაგალითს. მრავალწლიანი მცდელობის შემდეგ, ქართველები ნელ-ნელა ამტკიცებენ საერთაშორისო ასპარეზზე, რომ ქვეყანაში მოდის ტალანტი არსებობს. მაგალითად, საქართველოში დაბადებული დიზაინერი, დემნა გვასალია 2015 წელს პარიზში ბალენსიაგას, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი მოდის სახლის, კრეატიულ დირექტორად დაინიშნა. კიდევ უფრო მნიშნველოვანია, რომ გვასალია უფრო ფართომასშტაბიანი მოძრაობის სიმბოლოა. წარსულში საქართველოს მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი დიზაინერები ჰყავდა, დღეს კი უამრავი ახალი სახელია ასპარეზზე.
საქართველოს მთავრობამ, ნაცვლად იმისა, რომ დაელოდოს, როდის დატოვებს მის ეკონომიკას ჭრა-კერვის სექტორი (ან როდის გახდება ის რობოტიზებული), შეუძლია, ისარგებლოს მომენტით და დაიწყოს კამპანია „დიზაინი შექმნილია საქართველოში“. ამგვარად ის ქართველების თანდაყოლილ ნიჭს მოდისა და ტანსაცმლის მომგებიანი ინდუსტრიისკენ მიმართავს.