შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

როდესაც კეთილ ზრახვებს ცუდ შედეგებამდე მივყავართ. ხეების ჭრის რეგულაციები თბილისში
ორშაბათი, 05 დეკემბერი, 2016

„ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა კეთილ ზრახვებზე გადის,“ – კლარვოს სენ ბერნარი 

ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, თბილისის მაცხოვრებლებისთვის უფრო და უფრო მტკივნეული ხდება  ჰაერის დაბინძურება და მწვანე სივრცეების ნაკლებობა. ჩვენს წინა ბლოგში “ჰაერი, რომელსაც (ვერ) ვსუნთქავთ“ განვიხილეთ ვიწრო პირადი ინტერესების მქონე დეველოპერების და ინერტული სამოქალაქო საზოგადოების პირობებში რა ნეგატიური შედეგები დგება ჰაერის დაბინძურების და ხეების მოჭრის თვალსაზრისით. ეს ბაზრის ჩავარდნის კლასიკური მაგალითია, თუმცა დღეს სხვა ტიპის ჩავარდნაზე ვისაუბრებთ. მასაც საკუთარი წვლილი შეაქვს თბილისში ჰაერის დაბინძურებასა და მწვანე სივრცეების შემცირებაში. ეს არის რეგულაციური ჩავარდნა. რეგულაციური ჩავარდა მაშინ გვაქვს, როდესაც საჯარო რეგულაცია, დახმარების ნაცვლად, აუარესებს მდგომარეობას. კონცეფციის უკეთ საილუსტრაციოდ ძალზე საინტერესო ამბავს მოგითხრობთ, რომელიც სურათს დამატებით (და ძალიან მნიშვნელოვან!) შტრიხს შემატებს.

ჩვენი ამბავი კომპანიის მფლობელზეა. თბილისის მერია ზრუნავს კერძო მიწაზე დარგულ გამხმარ ხეებზე, მაგრამ არა იმ მიწებზე დარგულ ხეებზე, რომლებიც იურიდიულ პირებს ეკუთვნით. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი კომპანია ფლობს ხეებიან მიწის ნაკვეთს თბილისში. დავუშვათ, ერთ-ერთი ხე გახმა და დაცემის პირას არის მისული. გამოიცანით, რა დრო, ენერგია და ფული დაგჭირდებათ, რომ მოაჭრევინოთ და გაატანინოთ ეს ხე ნაკვეთიდან? ქვემოთ გრაფაში დეტალურად არის მოცემული მთელი ის პროცესი, რომელიც გაიარა კომპანიის მფლობელმა, რათა მოეჭრა კვიპაროსი მისი კომპანიის მიწაზე.

ნაბიჯი 1. ინფორმაციის მიღება თბილისის მერიის ცხელი ხაზიდან. შეიტყობთ, რომ ხის მოჭრისთვის ნებართვის მისაღებად ბოტანიკოსის წინასწარი შეფასებაა საჭირო. 

ნაბიჯი 2. ბოტანიკოსი თავად უნდა მოძებნოთ, დანიშნულების ადგილამდე მიიყვანოთ და გადაიხადოთ სერთიფიკატის საფასური (70 ლარი). 

ნაბიჯი 3. თბილისის მერიაში დაბრუნება სერთიფიკატით და ხის მოჭრის ნებართვის მოთხოვნა. 

ნაბიჯი 4. დაელოდეთ თბილისი მერიის წარმომადგენელს, რომ მოინახულოს თქვენი ნაკვეთი და ხის სტანდარტული შემოწმება ჩაატაროს. ნებართვის მისაღებად გადასახდელი საფასური (ე.წ. აღდგენითი ღირებულება) გამოითვლება ხის ჯიშის და ასაკის მიხედვით. 

ნაბიჯი 5. საფასურის გადახდა (ამ შემთხვევაში, 1300 ლარის) თბილისის მერიის ანგარიშზე და ნებართვის მიღება. 

ნაბიჯი 6. ხეების მოსაჭრელად მუშების მოძებნა და ხეების მოჭრა (ამ შემთხვევაში ხარჯი იყო 400 ლარი). 

ნაბიჯი 7. ნარჩენების თავიდან მოშორება. უნდა იპოვოთ ვინმე, ვინც ნარჩენებს გაიტანს. ჩვენ შემთხვევაში, ასეთი ადამიანის ძებნაზე გარკვეული დროის დახარჯვის შემდეგ, ფირმის მფლობელმა ხე აჩუქა ოჯახს, რომელსაც ის სჭირდებოდა და რომელმაც თავად გაიტანა ნარჩენები ნაკვეთიდან.

როგორც ხედავთ, ამ ადამიანმა გადაიხადა 1770 ლარი და დახარჯა დიდი დრო, საკმაო ენერგია იმისათვის, რომ თავიდან მოეშორებინა ერთი გამხმარი ხე.

გაურკვეველია, როგორ იყენებს თბილისის მერია ამ გზით მიღებულ თანხებს. ვერ გამოვრიცხავთ, რომ მუნიციპალიტეტი ამ სახსრებს, მათ ნაწილს მაინც, იყენებდეს „მწვანე პროგრამების“ დასაფინანსებლად. ერთი რამ კი ცხადია, ჩვენი მთავარი მოქმედი გმირი – აღდგენითი ღირებულება 1300 ლარი – მხოლოდ და მხოლოდ ნებართვის საფასურია, დამატებით კი სხვა, არცთუ უმნიშვნელო, ხარჯების გაწევა უხდებათ ხის მოჭრის მსურველებს (რომ არაფერი ვთქვათ პროცესზე დახარჯულ დროსა და ენერგიაზე). თბილისის მერია მომხმარებელს არ აწვდის რაიმე დამატებით მომსახურებას საფასურის სანაცვლოდ (ხესაც კი არ იღებს მოთხოვნის საფუძველზე, რასაც აკეთებენ კერძო პირების შემთხვევაში). თავიდან, ჩვენს მეწარმეს სურდა ახალი ხის დარგვა, თუმცა ამ ორომტრიალის გავლის შემდეგ ეს კეთილი განზრახვა გაუქრა. ეს ახალი ხეც რომ გამხმარიყო? არა, ჯობდა, ეს რისკი თავიდან აერიდებინა!

რომ შევაჯამოთ, დღეს თბილისის მერია იღებს (დიდ) საფასურს ნებართვისთვის და სანაცვლოდ არავითარ მომსახურებას არ გვთავაზობს (ბოტანიკოსის მომსახურება, ხის მჭრელები, მოჭრილი ხის გატანა, ახალი ნარგავი). იურიდიულ პირებს საკმაოდ ძვირი უჯდებათ გამხმარი ხის მოჭრა და გატანა. ადგილობრივი მთავრობა არავითარ სტიმულს არ აძლევს კომპანიებს, დარგონ ახალი ხეები მოჭრილების სანაცვლოდ.

რა შედეგებს მოიტანს ასეთი მდგომარეობა? სულ მცირე, ორ შედეგს უნდა ველოდეთ: (1) იურიდიული პირები გადადებენ (ზოგჯერ განუსაზღვრელი დროით) გამხმარი და დაავადებული ხეების მოჭრას, რათა თავიდან აირიდიონ მოჭრისა და გატანის ძალიან მაღალი ხარჯები. ამას კი მძიმე შედეგები მოჰყვება. მაგალითი უამრავია. თბილისის ერთ-ერთი მსხვილი დეველოპერი, რომელსაც დიდი მწვანე სივრცე აქვს, სადაც მრავალი დაავადებული ელდარის ფიჭვია (pinusbrutia), არ ჭრის მათ (ელდარის ფიჭვზე აღდგენითი ღირებულება 100 ლარია თითოეულ რგოლზე, რაც თითო ხეზე დაახლოებით 4000 ლარია). შედეგად, დაავადება ახლომდებარე ხეებზეც გადადის. (2) იურიდიული პირები მოჭრის შემდეგ მკვდარ ხეებს ახლით არ ჩაანაცვლებენ.

არც ერთი შედეგი არ არის დამაკმაყოფილებელი და არც მეორე, თუ მიზანი, სულ მცირე, არსებული მწვანე სივრცის შენარჩუნებაა.

შეუძლია თუ არა ადგილობრივ ხელისუფლებას ამ საკითხის უკეთ მოგვარება? თუ კი, როგორ?

მაღალ აღდგენით ღირებულებას თავისი ახსნა აქვს. მისი მიზანია (ადმინისტრაციულ საფასურსა და სისხლის სამართლის სასჯელთან ერთად) ადამიანებს მოუკლას სურვილი, მოჭრან ან განზრახ დააზიანონ ხეები (რათა შემდეგ თავიდან მოიშორონ და ნაკვეთი სხვა მიზნით გამოიყენონ). რეალობაში კი ხის მოჭრის საფასური არ არის იმდენად მაღალი, რომ ბიზნესებს გადაფიქრებინოს ხეების მოჭრა, თუ მათ ნამდვილად აქვთ ეს განზრახული (და ამგვარად მიიღონ მოგება). გამოცდილებამ აჩვენა, რომ ასეთი კომპანიები მაინც ჭრიან ხეებს (გავიხსენოთ ყაზბეგის ქუჩის მაგალითი ბლოგიდან “ჰაერი, რომელსაც (ვერ) ვსუნთქავთ“). როდესაც მუნიციპალიტეტი არ არის მზად, დაუშვას მწვანე სივრცის განადგურება „ნებისმიერ ფასად“, მან უბრალოდ ეს უნდა აკრძალოს და დაავალდებულოს ნაკვეთის მფლობელი იურიდიული პირები, დარგონ იმავე ჯიშის ახალი ხე და ჩაანაცვლონ მკვდარი ძირი. ამგვარად გამოირიცხება ხის თავიდან მოშორება ანაზღაურებადი საფასურის გადახდის სანაცვლოდ.

ყველა სხვა შემთხვევაში, სწორად გამოთვლილი აღდგენითი ღირებულება უნდა შენარჩუნდეს. თუმცა საუკეთესო გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის, ხის მოშორების მსურველ ყველა კომპანიას ერთი და იგივე საფასური დაეკისროს, მიუხედავად იმისა, აპირებენ თუ არა ისინი მკვდარი ხის ახლით ჩანაცვლებას. არსებულის მსგავსი სისტემა სტიმულს უქრობს ბიზნესებს, დარგონ ახალი ხეები. უფრო გონივრული იქნება, შენარჩუნდეს მაღალი გადასახადი (გაიზარდოს კიდეც, თუ საჭიროა) ხეების დაზიანებასა და მოჭრაზე, ამავდროულად დაჯილდოვდეს „კარგი საქციელი“ – ხის დარგვა. მაგალითად, ჩვენ შემთხვევაში, „ეკომეგობრული“ კომპანიის მფლობელისთვის, შესაძლოა, შეეთავაზებინათ დიდი ფასდაკლება საფასურზე ან მუნიციპალიტეტს თავად წარემართა მთელი პროცედურა (და ხარჯებიც საკუთარ თავზე აეღო), თუ კომპანიის მფლობელი დათანხმდებოდა, გამხმარი ხის ნაცვლად ახალი დაერგო.

სამწუხაროდ, თუმცა გასაგებია რატომაც, ჩვენი ბლოგის მთავარმა გმირმა გადაწყვიტა, ახალი კვიპაროსების ნაცვლად ყვავილები დაერგა თავის ნაკვეთზე. ის იმედოვნებს, რომ ერთ დღესაც ეს ხისტი რეგულაცია შეიცვლება და მას შეეძლება დამატებითი თავსატეხის გარეშე დარგოს ახალი ხეები და შეასრულოს ქართული ანდაზა: „ადამიანს უნდა ჰყავდეს შვილი (მას უკვე სამი ჰყავს), ააშენოს სახლი და დარგოს ხე“.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა