შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

როცა კუთხის მაღაზიის მეზობლად კარფური იხსნება
შაბათი, 11 მარტი, 2017

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ბევრ ქვეყანაში დიდმა სუპერმარკეტებმა (ყველა თანამედროვე საცალო სავაჭრო ობიექტი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ფორმატის – ჰიპერმარკეტის, კუთხის მაღაზიის, სუპერმარკეტის – მაღაზიათა ქსელს)  შეცვალეს საცალო ბიზნესის ლანდშაფტი: გაზარდეს მაღაზიის ზომები, გააჩინეს მეტი თარო, გააფართოეს საქონლისა და მომსახურების ასორტიმენტი და დაიწყეს აქტიური მარკეტინგული სტრატეგიების გამოყენება. განვითარებად ქვეყნებში ეგრეთწოდებული „სუპერმარკეტების რევოლუცია“ 1990-იან წლებში დაიწყო და დღეს უკვე ბევრ ქვეყანაში სუპერმარკეტები არამხოლოდ მაღალ და საშუალოშემოსავლიან მომხმარებელს ფარავენ, არამედ მასობრივ ბაზარზეც გადიან.

სუპერმარკეტების აღზევებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ურბანიზაციამ და შემოსავლების ზრდამ, თუმცა სხვა ფაქტორებმაც საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანეს ამ პროცესში. ერთ-ერთი არსებითი ფაქტორი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ლიბერალიზაცია იყო. ამას გარდა, სუპერმარკეტების სექტორში მძაფრმა კონკურენციამ, კონსოლიდაციამ და მულტინაციონალიზაციამაც დააჩქარა იმ სუპერმარკეტების ქსელების გავრცელება, რომელთაც კონკურენტული პოზიციების გაუმჯობესება სურთ.

სუპერმარკეტების რაოდენობის ზრდამ, შესაძლოა, ორგვარი გავლენა იქონიოს ქვეყნის ეკონომიკაზე. ერთის მხრივ, თანამედრო საცალო სავაჭრო ობიექტებისგან წამოსული მძაფრი კონკურენცია ტრადიციულ მაღაზიებს უმცირებს შემოსავლებს და, შესაძლოა, ბაზრიდანაც კი განდევნოს ისინი. მეორეს მხრივ, თანამედროვე საცალო სავაჭრო ქსელები დასაქმების ახალ შესაძლებლობებს ქმნიან და დადებით გავლენას ახდენენ სხვადასხვა მომიჯნავე სფეროებზე (მაგალითად, იზრდება ასორტიმენტი; მეტ პროდუქტს უჩნდება ეტიკეტი, რითაც ტრადიული მოვაჭრეები ცდილობენ, მიბაძონ თანამედროვე ქსელების პრაქტიკას).

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ სუპერმარკეტების ზრდა მრავალმხრივ გავლენას ახდენს მომხმარებელზე და მის ქცევაზე. სუპერმარკეტები მომხმარებელს სთავაზობს უფრო დაბალ ფასებს, მეტად მრავალფეროვან ასორტიმენტს და უკეთეს ხარისხს მცირე მაღაზიებთან შედარებით. ამ უპირატესობების წყალობით, ისინი სწრაფად იზრდებიან და ბაზარზე დიდ წილს იკავებენ. პირველ ეტაპზე საკვებზე დანაზოგებით საშუალო კლასი სარგებლობს, თუმცა ღარიბულ ურბანულ და სოფლის დასახლებებში სუპერმარკეტების გაჩენასთან ერთად, საკვების უსაფრთხოების დადებითი ეფექტი გაჭირვებულ მომხმარებელზეც ვრცელდება.

როდესაც სუპერმარკეტები ფართოვდება და მათი ბაზრის წილი იზრდება, მცირე მაღაზიების ბაზრის წილი შეიძლება შემცირდეს. ფაქტების მიხედვით, დიდ სუპერმარკეტებს სხვადასხვა ზეგავლენა აქვს პატარა სასურსათე მაღაზიებზე. მაგალითად, სობელმა და დინმა (2008 წ.) შეისწავლეს, რა გავლენა იქონია უოლ-მარტსის (ამერიკული მულტინაციონალური საცალო სავაჭრო ობიექტების კორპორაცია, რომელიც აერთიანებს ჰიპერმარკეტებს, ფასდაკლების მაღზიებსა და სასურსათე მაღაზიებს) ბაზარზე შესვლამ მცირე ზომის საცალო მოვაჭრეებზე და აჩვენეს, რომ ამას გრძელვადიან პერიოდში არანაირი გავლენა არ მოუხდენია აშშ-ში მცირე ბიზნესის აქტივობის ზომაზე ან მათ ზრდაზე. მეორეს მხრივ, ჯიამ (2008 წ.) უჩვენა, რომ მცირე და საშუალო ზომის საცალო მოვაჭრეებში სუფთა ცვლილების 37%-55% მიზეზი მხოლოდ უოლ-მარტსის ბაზარზე შემოსვლაა. მეტიც, ბასკერის (2005 წ.) შეფასებით, იმ წელს, როდესაც ბაზარზე უოლ-მარტსი გაჩნდა, ქვეყანაში საცალო ვაჭრობაში დასაქმება 100 სამუშაო ადგილით გაიზარდა. თუმცა, ეს სარგებელი ნახევრდება მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, რადგან სხვა საცალო მოვაჭრეები გადიან ბაზრიდან, მცირდებიან ზომაში, შედეგად, გრძელვადიან პერიოდში მიღებული სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შედეგია 50 სამუშაო ადგილი.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კვლევაში (2011) – „მოშორებით მდებარე რეგიონებში დისკაუნტ ეკონომიური მაღაზიების სოციალური ზეგავლენა – პოლონეთი, ბულგარეთი და რუმინეთი (2011 წ.)“ – გაანალიზებულია, რა გავლენას ახდენს დიდი სუპერმარკეტები საქართველოს მსგავს გარემოზე. რაოდენობრივი და თვისებრივი ანალიზის მეშვეობით, ავტორები ამტკიცებენ, რომ თანამედრო სავაჭრო ობიექტების გამოჩენა უარყოფითად მოქმედებს ტრადიციული მაღაზიების შენარჩუნებაზე: მცირდება მცირე ზომის მაღაზიების მთლიანი შემოსავლები, ასევე, დროთა განმავლობაში მცირდება დასაქმებულთა რაოდენობაც. მეორე მხრივ, კვლევა იმასაც აჩვენებს, რომ თანამედროვე მაღაზიების მიერ შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობა აღემატება ტრადიციულ მაღაზიებში გამქრალ სამუშაო ადგილების რაოდენობას, შესაბამისად, სუფთა გავლენა სამუშაო ადგილებზე დადებითია. ამას გარდა, კვლევამ გამოაჩინა თვითდასაქმებიდან დაქირავებულ დასაქმებაზე გადასვლის ტენდენციაც.

საბითუმო და საცალო ვაჭრობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სექტორებია, 2014 წელს მათზე ქვეყნის მთლიანი დამატებითი ღირებულების 23% მოდიოდა. მეორე მხრივ, მცირე და საშუალო კომპანიების მიერ შექმნილი დამატებითი ღირებულება საკმაოდ ჩამორჩება ტემპს, განსაკუთრებით 2011 წლიდან.

დამატებითი ღირებულების მსგავსად, სექტორში დასაქმებაც იზრდება 2006 წლიდან, საბითუმო და საცალო ვაჭრობაზე ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა 23% მოდის. თუმცა, დამატებითი ღირებულებისგან განსხვავებით, სექტორში მთლიან დასაქმებაში მცირე და საშუალო საწარმოების წილი უფრო მაღალია, ვიდრე მსხვილი საწარმოებისა. ჩრდილოვან ეკონომიკასაც თუ გავითვალისწინებთ, სექტორის რეალური გავლენა, შესაძლოა, გაცილებით ფართო იყოს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო მასშტაბის საცალო ვაჭრობაში, სადაც არაფორმალური საქმიანობა გაცილებით გავრცელებულია. თუ ყველა ამ მაჩვენებელს ერთ სურათზე დავიტანთ, ადვილად შევნიშნავთ, რომ სექტორის პროდუქტიულობა ძალიან დაბალია, განსაკუთრებით დაბალპროდუქტიულები არიან მცირე ზომის საწარმოები. თუმცა არ უნდა უგულებელვყოთ მათი როლი სოციალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

გარდა დასაქმებისა, ადგილობრივი მცირე ზომის ბიზნესები მნიშნველოვან როლს ასრულებენ ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობაში უცხოელ-მფლობელებიან კონკურენტებთან შედარებით (სასურსათე მაღაზიების ჩათვლით). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი ქმნიან საფუძველს შემოსავლების, სიმდიდრისა და სტაბილური სამუშაო ადგილებისთვის.

გარდა ამისა, ადგილობრივი ტრადიციული საცალო მოვაჭრეები იშვიათად იცვლიან ადგილს და მათ მფლობელებს არ ახასიათებთ გეოგრაფიული მდებარეობის გამოცვლა (საერთაშორისო მასშტაბით) ბიზნესზე უფრო მაღალი ამონაგების მიღების მიზნით. ეს ნიშნავს, რომ ისინი სიმდიდრის, შემოსავლებისა და სამუშაო ადგილების გაცილებით უფრო საიმედო შემქმნელები არიან. მაშასადამე, მსხვილი (არაადგილობრივი) საცალო მოვაჭრეების ბაზარზე შემოსვლა და ბაზრიდან გასვლა მნიშვნელოვან სტრესს აყენებს მცირე საზოგადოებების (მცირე საცალო მოვაჭრეების) ეკონომიკას. შესაბამისად, ადგილობრივი საცალო მოვაჭრეები ამგვარი სტრესებისგან თავდაცვის როლს ასრულებენ. ამასთანავე, ბევრ განვითარებად ქვეყანაში, მცირე მოვაჭრეები მოწყვლად ჯგუფებისთვის საკვების უსაფრთხოების ფუნქციასაც ასრულებენ, რადგან ნისიად ვაჭრობის შესაძლებლობას იძლევიან, ხოლო მსხვილი მოვაჭრეები ამბობენ, რომ მათთვის ამგვარი „სერვისი“ არ არის ხელმისაწვდომი.

2000 წლიდან საქართველოში ბევრმა საერთაშორისო და ადგილობრივმა სუპერმარკეტმა დაიწყო გაფართოება და ბაზრის წილის გაზრდა. „კოლიერსის“ 2015 წლის საცალო ბაზრის ანგარიშის მიხედვით, თანამედროვე სავაჭრო ცენტრების 25% და ქუჩის სავაჭრო სივრცის 11% უჭირავთ ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტებს. ამ კატეგორიის მთავარი წარმომადგენლები არიან საერთაშორისო და რეგიონული ბრენდები (კარფური, შპარი და ფურშე) და ადგილობრივი სუპერმარკეტების ქსელები (გუდვილი, სმარტი და ფრესკო). უკანასკნელ წლებში, ასევე, აგრესიულად იზრდებიან შედარებით მომცრო ზომის სასურსათე მაღაზიების ქსელებიც, როგორებიცაა ორი ნაბიჯი და ნიკორა.

მსხვილი საცალო მოვაჭრეები პრობლემებს უქმნიან პატარა სასურსათე მაღაზიებს, რომლებიც უკვე არსებობენ ბაზარზე. პატარა მაღაზიათა უმეტესობას არ შეუძლია, გაყიდვების ტიპების მიხედვით განსხვავებული პროდუქტები შესთავაზოს ბაზარს. შესაბამისად, ისინი მომხმარებელს კარგავენ და მწირი რესურსი რჩებათ თავიანთი მაღაზიების გასაახლებლად და გასავითარებლად, რაც საჭიროა დიდ საცალო მოვაჭრეებთან კონკურენციის გასაწევად.

იმისათვის, რომ მსხვილი საცალო მოვაჭრეების ბაზარზე შემოსვლით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური სარგებელი შენარჩუნდეს, პოლიტიკის შემმუშავებლებმა, შესაძლოა, ინკლუზიურ პოლიტიკას მიმართონ, რომ დაეხმარონ მცირე საცალო მოვაჭრეებს კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში. ერთი ვარიანტია, დავეხმაროთ მათ, სპეციალიზაცია მოიპოვონ მაღალი ხარისხის ნიშურ პროდუქტებში, მაღაზიები გახსნან ნაკლებგადატვირთულ ადგილებში, და/ან გააუმჯობესონ ადამიანური გაპიტალი, რათა უკეთესი მომსახურება გაუწიონ მომხმარებელს. პატარა მაღაზიებს გადარჩენის შანსი აქვთ მაშინაც კი, როდესაც უჭირთ ბაზარზე თავი წარმოაჩინონ შეთავაზებული პროდუქტით, თუ მჭიდრო ურთიერთობა ექნებათ ადგილობრივ მყიდველებთან. მეორე ვარიანტია საბითუმო ბაზრის ინფრასტრუქტურის და ღირებულებათა ჯაჭვის გაუმჯობესება, რათა მცირე საცალო მოვაჭრეებს მაქსიმალურად მიუწვდებოდეთ ხელი ტრადიციულ და ნიშურ პროდუქტებზე. თუმცა ზოგი ამტკიცებს, რომ ბაზარმა თავად თავისუფლად უნდა დაადგინოს ბაზრის წესები და ნება მისცეს ძლიერ მონაწილეებს, ბაზრიდან განდევნონ სუსტები. ასე რომ იყოს, რესურსები თავისუფალი ბაზრის წესების მიხედვით გადანაწილდებოდა და გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკა იხეირებდა პროდუქტიულობის ზრდით და ფასების შემცირებით. თუმცა ძნელია, განვსაჯოთ, ამ მიდგომებიდან რომელი მიგვიყვანს სტაბილურ და ინკლუზიურ სოციალურ შედეგამდე გრძელვადიან პერიოდში.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა