მიუხედავად ქვეყანაში მიმდინარე გაზიფიცირების პროცესის სწრაფი ტემპებისა, შეშა კვლავაც რჩებია შინამეურნეობათა ძირითად საწვავად. საქართველოს ენერგეტიკული ბალანსის თანახმად1, 2014 წელს შინამეურნეობებმა საქართველოში 19,131 ტერაჯოული ბიოსაწვავი და ნარჩენები (ძირითადად შეშა) მოიხმარეს. შეშის წილი შინამეურნეობის მიერ მოხმარებულ ჯამურ ენერგიაში 38%-ს შეადგენს.
ნახაზი 1. შეშა საქართველოს შინამეურნეობების ენერგიაზე მოთხოვნის თითქმის 40%-ს აკმაყოფილებს
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, საქართველოში ხე-ტყის ჭრით მიღებულმა მოცულობამ 2014 წელს 670,241 კუბური მეტრი შეადგინა, დამატებით კი 45,443 კუბური მეტრი ხე-ტყე იქნა მოჭრილი. არსებული მონაცემები მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვით2 (2014 წ.) მიღებულ შედეგებს. გამოკითხვის შედეგების ანალიზით დადგინდა, რომ 2014 წელს საქართველოს მოსახლეობამ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის მოიხმარა 4.6 მილიონი კუბური მეტრი შეშა. ერთის მხრივ, შეშის მიწოდებას (ოფიციალური მონაცემები რა მოცულობის ხე-ტყე მოიჭრა) ხოლო, მეორეს მხრივ, შეშაზე მოთხოვნას (საქსტატის ენერგეტიკული ბალანსი, შინამეურნეობათა ენერგო გამოკითხვის შედეგები) შორის დიდი სხვაობა უტყუარად მიუთითებს, რომ არალეგალური ხე-ტყის ჭრა თითქმის 10-ჯერ აღემატება ოფიციალურ მონაცემებს.
საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობა შეშას ძირითადად გასათბობად მოიხმარს. შეშის მოხმარება განსაკუთრებით დიდია სოფლებში, სადაც მოსახლეობის 96% შეშას მოიხმარს საცხოვრისის გათბობის მიზნით.
საცხოვრისის გათბობისათვის შეშა უალტერნატივო საწვავია სოფლებში
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ დასახლებებში ხელმისაწვდომია ალტერნატიული ენერგიის წყაროები (ბუნებრივი გაზი3, ელ. ენერგია), მოსახლეობის დიდი ნაწილი უპირატესობას მაინც შეშას ანიჭებს.
მიუხედავად იმისა, რომ ოჯახებს ბუნებრივ გაზთან წვდომა აქვთ, მათი ნაწილი მაინც მოიხმარს შეშას სხვადასხვა საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის
შეიძლება ითქვას, რომ სოფლად შეშის ძირითად საწვავად გამოყენება (ძირითადად საცხოვრისის გათბობის მიზნებისათვის) გამოწვეულია არა ალტერნატიული ენერგიის წყაროზე ხელმიუწვდომლობით, არამედ მისი სიიაფით4. ქალაქში, სადაც შეშის მოპოვების ფასი შედარებით მაღალია და შეშაზე ხელმისაწვდომობაც მეტწილად შეზღუდულია (განსაკუთრებით დედაქალაქში), ბუნებრივი გაზი გათბობაზე ენერგომოთხოვნილების დაკმაყოფლიების ძირითად საშუალებას წარმოადგენს.
საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვით მიღებული შედეგები მიუთითებს შეშის არაეფექტიან წვაზეც. როგორც ცნობილია, შეშის წვა, თუ მისი სინესტე (ე.წ. moisture) მაღალია, ნაკლებ ენერგიას გამოყოფს და, შესაბამისად, მეტი შეშის მოხმარებაა საჭირო საკმარისი სითბოს მისაღებად. კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობა ძირითადად მოიხმარს ახლადმოჭრილ შეშას, რომლის საშუალო ტენიანობა 53%-ს5 აღწევს.
მოსახლეობა ძირითადად მოიხმარს ახლადმოჭრილ შეშას
(ნახაზზე ნაჩვენებია მოსახლეობის ის ნაწილი, რომელმაც 2014 წელს მოიხმარა დაწვამდე შესაბამისი პერიოდით ადრე მოჭრილი ხე)
შედეგად, გალდავა ი. და სხვების (2014 წ.) შეფასებით, საქართველოში 2014 წელს შინამეურნეობებმა მოიხმარეს 4.6 მილიონი კუბ.მ. შეშა და მისი მეშვეობით დაიკმაყოფილეს 16,969 ტერაჯოულ ენერგიაზე6 მოთხოვნა.
შეშის მოხმარება შეიძლება ყოფილიყო გაცილებით ნაკლები მისი ეფექტიანი მოხმარების პირობებში (მოჭრილი ხე-ტყის მშრალ ადილზე შენახვით და შემდგომი მოხმარებით, ეფექტიანი ღუმელებით არსებული ღუმელების ჩანაცვლებით). დღესდღეობით საქართველოში არ არსებობს დასაბუთებული გეგმა, რომლის განხორციელებაც შეამცირებდა შეშაზე მოთხოვნას, ერთი მხრივ, მისი ეფექტიანი გამოყენებით, ხოლო, მეორე მხრივ, ალტერნატიული საწვავით ჩანაცვლების წახალისებით. ფაქტი კი ერთია, შეშაზე არსებული მოთხოვნასა და შეშის წლიურ მწარმოებლურობას შორის დიდი სხვაობა, სხვა თანაბარ პირობებში, გამოიწვევეს ტყის ფონდის შემცირებას და ეს საკითხი კვლავ აქტუალური იქნება საქართველოში.
1 დაწვრილებით იხილეთ www.geostat.ge
2 აღნიშნული კვლევა ჩატარდა 2014 წელს, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაციის მკვლევარების მიერ.
3 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის ანგარიშის თანახმად, ბუნებრივ გაზზე წვდომა აქვს შიანმეურნეობების 80%-ს, ხოლო ელექტროენერგიაზე წვდომა თითქმის 100% შეადგენს.
4 სოფლებში, მოსახლეობა გარდა ნაყიდი შეშისა, საწვავად მოიხმარს საკუთარ ეზოში მოჭრილ ხეებს და ნაყარ (მდინარეს მოყოლილ) ნარჩენებს.
5 სუმბაძე ნ., პირველი ი., გალდავა ი., გაჩეჩილაძე ზ., ფავლენიშვილი ლ., გალდავა გ., „საქართველოს შინამეურნეობათა მდგრადი ენერგო მოხმარების წახალისების პოლიტიკა“.
6 2014 წლის საქართველოს ენერგეტიკული ბალანსისგან 10% გასხვავება, შესაძლოა, გამოწვეული იყოს მეთოდლოგიური განსხვავებებით. ასევე, ასოციაციის კვლევაში შეშის გარდა სხვა ბიოსაწვავი არაა გათვალისწინებული.