შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

ბიზნესმენობიდან ანგელოზობამდე
ორშაბათი, 17 აპრილი, 2017

ყველა იცნობს ბაქარს და თენგოს („ბათე ჯენერალსი“), ორ ბიზნესმენს ძალიან პოპულარული ქართული სატელევიზიო შოუდან „ჩემი ცოლის დაქალები“. ბაქარმა და თენგომ ბიზნესი დაიწყეს ერთი შეხედვით აბსურდული იდეით – ხინკლის „კუჭების“ ბულგარეთში ექსპორტით და წარმოუდგენლად გამდიდრდნენ. მოგვიანებით, „ბათე ჯენერალსმა“ იდეების სპეციალური ოფისი შექმნა, სადაც თავიანთი ნათესავები, უმუშევარი მეგობრები და მეგობრების მეგობრები შეკრიბა, რათა მათ იმედისმომცემი ბიზნეს-იდეები მოეფიქრებინათ. „ბათე ჯენერალსი“ იდეის ავტორს ფიქსირებულ თანხას უხდის და იდეით მიღებული მოგებიდან მცირე წილსაც აძლევს, სწორედ ასე გაჩნდა „ბათე ჯენერალსში“ წარმატებული ბიზნეს-პროექტები, ვებ-გვერდი ფეხმძიმე ცოლების ქმრებისთვის და საწოლიანი ტაქსები.

დაფინანსება ჩანასახოვან და ადრეულ ეტაპებზე

ქართველი მეაწრმეებისთვის ბიზნესისა და იდეების დაფინანსების ტრადიციულ და ხშირად ერთადერთ გზას საბანკო კრედიტით, ე.წ. სესხით, დაფინანსება წარმოადგენს. ამგვარი დაფინანსება ძალიან შეზღუდულია სტარტ-აპებისა და არსებობის საწყის ეტაპზე მყოფი ბიზნესებისთვის, რადგან ისინი მაღალრისკიან სეგმენტად ითვლებიან, უზუნველყოფისთვის საჭირო აქტივები არ გააჩნიათ, ასევე, მაღალია საპროცენტო განაკვეთი სესხზე1 და კომპანიებს, რომლებიც ჯერჯერობით საკმარის შემოსავალს ვერ იღებენ, არ მიუწვდებათ ასეთ სესხზე ხელი. ბიზნესის დაფინანსების ალტერნატიული გზები საქართველოში ნაკლებად პოპულარული და განუვითარებელია.

ამ ბლოგში მინდა ვისაუბრო დაფინანსების ერთ-ერთ გზაზე: საკუთარი კაპიტალით დაფინანსებაზე. კომპანია საკუთარი კაპიტალით ფინანსდება, როდესაც ინვესტორებს სთავაზობს კომპანიაში წილს ნაღდი ფულის და იდეის პროტოტიპის მატერიალიზაციის სანაცვლოდ. დაფინანსების ეს ტიპი საქართველოში გარკვეულწილად არსებობს, თუმცა მას ჯერ კიდევ არ აქვს ორგანიზებული და ფორმალური სახე. ქვემოთ მოცემულია მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კაპიტალით დაფინანსების მეთოდები (პირველი ორი არსებითია  ჩანასახოვანი და ადრეული ეტაპის ვენჩურებისთვის).

არაფორმალური ინვესტორები ფორმალური ინვესტორები
დამფუძნებნებლი, მეგობრები და ოჯახის წევრები

ანგელოზი ინვესტორები.
სტანდარტული ინვესტიცია:
25000-500000 აშშ დოლარი

"ვენჩურული" (მაღალრისკიანი კაპიტალდაბანდება)
სტანდარტული ინვესტიცია:
3-5 მლნ. აშშ დოლარი

ინვესტიციები ჩანასახოვან ეტაპზე ინვესტიციები ადრეულ ეტაპზე ინვესტიციები მომდევნო ეტაპზე

წყარო: OECD, სწრაფად მზარდი კომპანიების დაფინანსება, 2011 წ.

კაპიტალით დაფინანსების პირველი ფორმა საკმაოდ განვითარებულია ქვეყანაში. ქართველებს, ისევე, როგორც სხვა კავკასიელ ერებს, ძალიან „მჭიდრო“ სოციალური ინფრასტრუქტურა აქვთ – მათ ახლო ურთიერთობა აქვთ ოჯახსა და ნათესავებთან; როგორც წესი, სწორედ ეს ადამიანები აფინანსებენ ბიზნეს-იდეას ჩანასახოვან ან ადრეულ ეტაპზე. თუმცა ყველა ბრწყინვალე ბიზნეს-იდეის მქონე ადამიანს როდი ჰყავს მდიდარი ნათესავი ან ფლობს საჭირო რაოდენობით თანხას, ამიტომ ხშირად, მეწარმეებს ოცნებების ასახდენად სხვა გზების გამონახვა უწევთ.

კაპიტალით დაფინანსების მეორე ფორმა – „ანგელოზი ინვესტორები“ – თითქმის არ არსებობს საქართველოში ან იშვიათად გვხვდება და სრულიად არაფორმალური სახე აქვს. ამის გამო ძნელია მაგალითის მოძიება. “ანგელოზი ინვესტორი“, იგივე „ბიზნესის ანგელოზი“ არის გამოცდილი მეწარმე, რომელიც მაღალი ღირებულების სუფთა ქონებას ფლობს და პირდაპირ დებს თავისი პირადი ქონების ნაწილს ახალ, ზრდად, ჩანასახოვან ან ადრეულ ეტაპზე მყოფ კომპანიაში. რაც უფრო მნიშვნელოვანია, კაპიტალის გარდა, ბიზნესის ანგელოზი მეწარმეს უზიარებს ბიზნესის მართვაში გამოცდილებას, უნარებსა და კონტაქტებს.

„ბიზნესის ანგელოზების, „სიდფონდების“ და ადრეულ ეტაპზე კომპანიის სხვა დამფინანსებლების ევროპული სავაჭრო ასოციაციის“ მიხედვით ბიზნესის ანგელოზის მთავარი მახასიათებლები მოყვანილია ქვემოთ:

ვინ არის ბიზნესის ანგელოზი?

• კერძო ინვესტორი (როგორც ზოგიერთი ეროვნული რეგულაცია განმარტავს)

• აკეთებს პირდაპირ (ან მისი პირადი ჰოლდინგის გავლით) ინვესტიციას საკუთარი ფულით

• ფინანსურად დამოუკიდებელია – ბიზნესის ანგელოზის ინვესტიციების შესაძლო სრული დანაკარგი მნიშვნელოვნად არ შეცვლის მისი აქტივების ეკონომიკურ მდგომარეობას

• ბიზნესებში ინვესტიციას აკეთებს უმეტესწილად ჩანასახოვან ან ადრეულ ეტაპზე და არ აქვს რაიმე ოჯახური კავშირი მათთან.

• თავად იღებს (საბოლოო) საინვესტიციო გადაწყვეტილებებს

• აკეთებს საშუალო და გრძელვადიან ინვესტიციას

• მზად არის, გარდა პირადი ინვესტიციის ჩადებისა, მეწარმეებს დაეხმაროს სტრატეგიულ საკითხებში, სრული ციკლის მანძილზე,  ინვესტიციის ჩადებიდან ინვესტიციიდან გამოსვლამდე

• იცავს ეთიკის კოდექსს, კონფიდენციალობის და სამართლიანი მოპყრობის წესების ჩათვლით (მეწარმეებსა და სხვა ბიზნესის ანგელოზებთან) აკმაყოფილებს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო მოთხოვნებს

ადვილი შესამჩნევია, რომ ყველა მდიდარი ადამიანი არ ფლობს ამ თვისებებს. ანგელოზი ინვესტორები არამხოლოდ კაპიტალს დებენ კომპანიაში, არამედ ახალ მეწარმეებს საკუთარ გამოცდილებასაც უზიარებენ და ეხმარებიან მათ ახალი კომპანიების შენებაში. შესაბამისად, ზოგიერთი ინვესტორი არის ფინანსური ინვესტორი, მაგრამ არა ანგელოზი ინვესტორი. გარდა ამისა, ზოგიერთ ქვეყანაში ინვესტორებმა აკრედიტაცია უნდა მიიღონ, იმის დასადასტურებლად, რომ აკმაყოფილებენ ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის ყველა მოთხოვნასა და რეგულაციას. ეს მოთხოვნები განსხვავდება ქვეყნების მიხედვით. სტატუსის მინიჭების მთავარი მიზანია, დაიცვას პოტენციური ინვესტორები რისკისგან. აკრედიტაციას საფუძვლად უდევს მოსაზრება, რომ აკრედიტაციის მიმღებებს ექნებათ საკმარისი ფინანსური ცოდნა და გამოცდილება, რომ გააცნობიერონ და იტვირთონ სტარტ-აპ ბიზნესში ინვესტიციის ჩადების რისკები.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბიზნესის ანგელოზები ინვესტიციას აკეთებენ დამოუკიდებლად ან ჯგუფურად, ამ უკანასკნელს სინდიკატი ეწოდება. სინდიკატები თითოეული ინვესტორისგან ნაკლებ კაპიტალს მოითხოვს და საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციის შესაძლებლობას იძლევა. სინდიკატები ზრდის სტარტ-აპების გადარჩენის ალბათობას, რადგან მათი მეშვეობით სტარტ-აპები იზიარებენ მდიდარ მენეჯერულ გამოცდილებას, უნარებს და საკონტაქტო წრეს. როგორც წესი, სინდიკატს უძღვება ერთ-ერთი ბიზნესის ანგელოზი ან ის გარედან იმართება.

OECD-ის (ორგანიზაცია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარებისთვის) „სწრაფად მზარდი კომპანიების დაფინანსების“ შესახებ ანგარიშის მიხედვით, სადაც შესწავლილია 32 ქვეყნის კაპიტალის ბაზრები, ახლად შექმნილი ვენჩურებისთვის, ოჯახისა და მეგობრების შემდეგ, ბიზნესის ანგელოზები არიან კაპიტალის გარედან დაფინანსების ყველაზე მსხვილი წყარო. ისინი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ რისკიანი კაპიტალის მიწოდებაში და დიდი წვლილი შეაქვთ ეკონომიკურ ზრდაში, ტექნოლოგიურ წინსვლაში. ბიზნესის ანგელოზები ავსებენ ფინანსურ ნაპრალს ჩანასახოვან  და ადრეულ ეტაპზე მყოფი ბიზნესების დაფინანსების ბაზარზე.

ბიზნესის ანგელოზები საქართველოში

ბევრ ქვეყანაში ბიზნესის ანგელოზების ბაზარი არაფორმალურია და, ალბათ, საქართველოშიც ყოფილა შემთხვევები, როდესაც მდიდარ ადამიანებს დაუფინანსებიათ სხვისი იდეები, შეუსრულებიათ ბიზნეს-მენტორების როლი, თავიანთი გამოცდილების, უნარებისა და საკონტაქტო წრის ბიზნესის სასარგებლოდ გამოყენებით. თუმცა ასეთი შემთხვევები იშვიათია და უმეტესად გვხვდება ნათესავებსა და პირად წრეებში. ამასთან, ასეთი ინვესტიციები სრულიად არაორგანიზებულია.

2017 წლის მარტში დაარსდა საქართველოს ბიზნესის ანგელოზების ასოციაცია2 საქართველოში ბიზნესის ანგელოზების ბაზრის განვითარების, მისი მეტად ფორმალიზებისა და ორგანიზების მიზნით. ასოციაციის მთავარი ამოცანები შემდეგია:

• ბიზნესის ანგელოზების ბაზრის ცნობადობის გაზრდა საზოგადოებაში, წარმატებული ინვესტიციების შესახებ ინფორმაციის გაზიარება, რამაც სტიმული უნდა მისცეს ბაზრის ჩამოყალიბებას.

• ინფორმაციის ასიმეტრიულობის პრობლემასთან გამკლავება, რათა მეწარმეებსა და ინვესტორებს გაუადვილდეთ ერთმანეთის პოვნა.

• მეწარმეებსა და ინვესტორებს ჩაუტაროს პრაქტიკული წვრთნა და სწავლება. ანგელოზი ინვესტორები გამოცდილი მეწარმეები და ბიზნესმენები არიან, თუმცა სტარტ-აპში ინვესტიციის ჩადება განსხვავდება სხვა სახის ინვესტიციისგან და სპეციალურ უნარსა და ცოდნას მოითხოვს. შესაბამისად, გამოცდილი ბიზნესის ანგელოზების მიერ პრაქტიკული სწავლების ჩატარება და მენტორობის გაწევა ახალი ანგელოზი ინვესტორისთვის მნიშვნელოვნია ჯანსაღი ინდუსტრიის გასავითარებლად. თავის მხრივ, სტარტ-აპებიც უნდა მოემზადონ ანგელოზებთან შესახვედრად, რადგან იდეის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღებაში არსებითი როლი შეიძლება ითამაშოს იმან, თუ როგორ წარადგენს და იცავს ბიზნეს-იდეას მეწარმე.

მთავრობის როლი ბიზნესის ანგელოზების ბაზრის პოპულარიზებაში

საზოგადოებრივი პოლიტიკა შეიძლება ითვალისწინებდეს როგორც მიწოდების, ისე მოთხოვნის მხარის საზომ ერთეულებს. არსებობს ორი წარმატებული და პოპულარული სახელმწიფო პოლიტიკა ადრეულ/ჩანასახოვან ეტაპზე ბიზნესის დაფინანსების წყაროების გასაჩენად და ბიზნესის ანგელოზების წასახალისებლად. ესენია: საგადასახადო შეღავათების დაწესება და თანაინვესტირების ფონდების შექმნა, რომელიც ბიზნესის ანგელოზის მიერ ჩადებულ ინვესტიციას უპასუხებს იმავე მოცულობის საჯარო თანხებით. ბევრ ქვეყანაში სახელმწიფო, ასევე, ეხმარება (ფინანსურად და სამართლებრივად) ბიზნესის ანგელოზების ასოციაციებს და წრეებს, რადგან თვლიან, რომ ისინი ძალიან მნიშნვნელოვან როლს თამაშობენ ბაზრის კოორდინაციაში, პოპულარიზაციასა და განვითარებაში. საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნის შემთხვევაში, მთავრობამ, შესაძლოა, გააფართოვოს სხვადასხვა ინდუსტრიაში გამოცდილების მქონე ინვესტორების ბაზარი ქართულ დიასპორასთან კავშირების გაძლიერებით.

მოთხოვნის წამახალისებელი პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს ქვეყანაში სამეწარმეო კულტურისა და ეკოსისტემის განვითარებიკენ, ასევე, უნდა შეიქმნას პროგრამები, რომლებიც მოამზადებს მეწარმეებს ინვესტიციებისთვის. განვლილი რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობამ რამდენიმე პროგრამა და კონცეფცია დანერგა, მაგალითად, ბიზნესინკუბატორი „ფაბ ლაბი“, „სტარტ-აპ საქართველო“ და „ტექნოპარკი“, რომლებიც ითვალისწინებს ზემოთ ხსენებულ ფაქტორებს და მიზნად ისახავს ბიზნესის ანგელოზების ბაზრის წახალისებას. ამ სახელმწიფო პროგრამებიდან ზოგიერთის მიზანია, პოპულარიზება გაუწიოს „ანგელოზის ინვესტიციის“ იდეას და შექმნას იდეების კომერციალიზაციის პრეცედენტები. მაგალითად, ცოტა ხნის წინ შეირჩა 10 ქართული სტარტ-აპი, რომლებიც გაემგზავრენ სილიკონ ველიზე (აშშ, კალიფორნია) და იქ სცადეს დაფინანსების მოპოვება. ეს მასშტაბი ძალიან პატარაა, პროცესიც ძირითადად უცხოეული ინვესტორების მოზიდვაზე იყო ორინტირებული და მთლიანად დაფინანსდა სახელმწიფოს მიერ. ეს პრაქტიკა კი არ არის სიცოცხლისუნარიანი გრძელვადიან პერიოდში.

სახელმწიფო ბევრს მუშაობს სტარტ-აპების პოპულარიზებასა და მხარდაჭერაზე, თუმცა საჭიროა დამატებითი ქმედებები სამეწარმეო კულტურის პოპულარიზებისა და ადგილობრივი ინვესტორების დაინტერესებისთვის. ქართველი ბიზნესის ანგელოზების ასოციაციის ჩამოყალიბება  წინ გადადგმული ნაბიჯია და სახელმწიფოს მიერ ამ ასოციაციის მხარდაჭერა, ისევე, როგორც სამართლებრივი და ინფრასტრუქტურული ჩარჩოს შექმნა, დაეხმარება ბიზნესის ანგელოზების ბაზრის განვითარებას.


1 12% ლარში და 9% აშშ დოლარში, 2016 წლის საშუალო, საქართველოს ეროვნული ბანკი

2 ქართველი ბიზნესის ანგელოზების ასოციაცია შეიქმნა პროგრამის „კერძო სექტორის განვითარების ქვეყნის სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში, რომელიც შემუშავდა 2017 წელს SIDA-ს ორი პარალელური საერთაშორისო სატრენგო პროგრამის – „კერძო სექტორის ზრდის სტრატეგიები“ და „ბიზნესის სტრატეგიული მართვა“ – მიერ.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა